Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიკა ვერულაშვილის კარიერული ზიგზაგი


დავით პაიჭაძე, თბილისი სარვამარტოდ საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პარლამენტის წევრ მარიკა ვერულაშვილს

უპირებენ გამწესებას. ამავე სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტის ინიციატივით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესატანად მზადდება საკონსტიტუციო ცვლილება, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მინიმალური ასაკი 35-დან 30 წლამდე შემცირდეს. მართლაც მოსალოდნელია თუ არა მარიკა ვერულაშვილის გადანაცვლება საკონსტიტუციო სასამართლოში?

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან ერთ მესამედს პრეზიდენტი ნიშნავს, ერთ მესამედს - პარლამენტი და კიდევ სამ წევრს - უზენაესი სასამართლო. 9-კაციან შემადგენლობას უფლებამოსილება 10 წლით ენიჭება. ისინი თავიანთი რიგებიდან ირჩევენ თავმჯდომარეს 5 წლის ვადით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა მეორე ვადით დაუშვებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე იყო ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელმაც საკუთარი ნებით დატოვა ეს თანამდებობა. დღეს მოქმედ თავმჯდომარეს ჯონი ხეცურიანს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე წელიწადზე ნაკლები დარჩა.

რაც შეეხება პარლამენტის წევრ მარიკა ვერულაშვილს, ის დაიბადა 1971 წელს. განათლებით იურისტია. გასული საუკუნის 90-ანი წლების მეორე ნახევარში ჩააბარა სამოსამართლო გამოცდები, მაგრამ მოსამართლედ არ დანიშნულა უკმარი ასაკის გამო. საქართველოს სამხედრო პროკურორის პოსტზე ბადრი ბიწაძის ყოფნისას მუშაობდა სამხედრო პროკურატურაში პრეს-სამსახურის უფროსად. მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრად გადასვლის შემდეგ მის პრეს-სამსახურს უძღვებოდა. ვერულაშვილი სააკაშვილთან დარჩა ქალაქის საკრებულოშიც. რევოლუციის შემდეგ მცირე ხნით სააკაშვილის პრეს-მდივანი იყო, საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი პარტიული სიით შევიდა პარლამენტში.

ინფორმაცია მარიკა ვერულაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში წარგზავნის შესახებ უცნობი და მოულოდნელი აღმოჩნდა პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილისათვის. ის ადასტურებს: იურიდიულ კომიტეტში, მართლაც, შემოსულია ცვლილების პროექტი, რომელიც მოსამართლეთა ასაკის დაწევასაც გულისხმობს, მაგრამ ეს ცვლილება არ უკავშირდება მაინცდამაინც დეპუტატ ვერულაშვილს. ჩემს შეკითხვას, თუ წამოიჭრა მარიკა ვერულაშვილის კანდიდატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, შეიძლება თუ არა მისი სერიოზულად განხილვა, კობა დავითაშვილი მოკლედ უპასუხებს: “არა, რა თქმა უნდა.”

ინფორმაციას ვერულაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ ტაბლოიდურ ჭორს უწოდებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ბოკერია. ის ამბობს, რომ საერთოდ არავინ იხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის ცვლილებებს. სინამდვილეში

[ბოკერიას ხმა] “მიმდინარეობს განხილვა საკონსტიტუციო სასამართლო რეფორმის, რასაც, შესაძლოა, შემდგომში მოჰყვეს კანდიდატურების საკითხი, თუკი გაიზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა რაოდენობა. ამ საკითხის გარდა, განვიხილავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის გაზრდის საკითხსაც, სახელდობრ იმას, ჰქონდეს თუ არა ამ ინსტიტუციას უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა გადახედვის უფლება, რომლებიც ეხება კონსტიტუციის მეორე თავს, ანუ ადამიანის ძირითად უფლებებს.”

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტში ახლა განსაკუთრებით საშური არ არის. უახლოეს სასესიო კვირაში მათ არ განიხილავენ.
XS
SM
MD
LG