Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის მოსწავლეთა საპროტესტო აქცია გრძელდება


მიუხედავად ხმაურიანი საპროტესტო აქციისა, რომელიც რამდენიმე დღეა პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს, საქარველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის მოსწავლეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. სამინისტროს ხელმძღვანელობა არ ცნობს კოლეჯის მოსწავლეთა პრივილეგირებულ მდგომარეობას და მათგან კვლავინდებურად დაბეჯითებით მოითხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას. რა არგუმენტებს უპირისპირებენ აქციის მონაწილენი სამინისტროს მესვეურებს და რის გაკეთებას აპირებენ ისინი მიზნის მისაღწევად?

[ისმის ხმაური] “კოლეჯი! კოლეჯი!...”

ქუჩაში გამოსული კოლეჯის მოსწავლეები და მათი მშობლები განათლების სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის კურსდამთავრებულებმა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად, ისევე როგორც სხვა აბიტურიენტებმა, ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ. განათლების მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია, ეყრდნობა რა შარშან დეკემბერში პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს უმაღლესი განათლების შესახებ, კოლეჯის მოსწავლეებს მოუწოდებს:

[ბელა წიფურიას ხმა] “სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, ნიშნების ფურცლის წარდგენის საფუძველზე, გაიარონ რეგისტრაცია გამოცდების სარეგისტრაციო პუნქტებში და მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში. ამდენად, ისინი მიიღებენ ცნობას, რომელიც უთანაბრდება ზოგადსაგანმანათლებო სკოლის ატესტატს.”

მაგრამ სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ ისინი აბიტურიენტები არ არიან, რომ მათ გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და, ამ ხელშეკრულების თანახმად, კოლეჯის დამთავრების შემდეგ ისინი ავტომატურად ირიცხებოდნენ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსზე.

[კოლეჯის მოსწავლის ხმა] “სამი წელია კოლეჯში სწავლება. 300 დოლარი -პირველ წელს, მეორე და მესამე წელი - 400-400 დოლარი... დამთავრების შემდეგ, შიდა გამოცდებით, ვჯდებით უნივერსიტეტის მეორე კურსზე. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა ყოფილიყო...”(სტილი დაცულია)

თუმცა კოლეჯის მოსწავლეები საერთო ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას სხვა მიზეზების გამოც არ აპირებენ:

[კოლეჯის მოსწავლის ხმა] “შეუძლებელია ამ სამ თვეში ნასწავლი და ზედდამატებული პროგრამის ხელახლა სწავლა. თან ჩვენ არ ვართ აბიტურიენტები, ჩვენ ვართ სტუდენტები.”

[კოლეჯის მოსწავლის ხმა] “უბრალოდ, იმდენად ვეება მასალაა, რომ მისი გავლა სამ თვეში წარმოუდგენელია ჩვენთვის. ჩვენ ვკარგავთ არა მარტო იმ ერთ წელს... თუ წელს ვერ ჩავაბარეთ, დაგვეკარგება წელიწად-ნახევარი, მერე ჯარი გვიწევს...”

ქუჩაში გამოსულ სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეებს პარლამენტის წევრთა ერთი ნაწილიც თანაუგრძნობს. დეპუტატი მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კოლეჯის მოსწავლეებს უსამართლოდ ექცევა:

[მამუკა კაციტაძის ხმა] “თვით კოლეჯი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, იგი არის შემადგენელი ნაწილი სამედიცინო უნივერსიტეტისა, ისევე როგორც ფაკულტეტი, კლინიკა და სხვა. იქ შესული სტუდენტი უკვე არის პირდაპირ სამედიცინო უნივერსიტეტის კუთვნილება, უბრალოდ, პირველი დონის სასწავლო ეტაპზე. მოსწავლეთა პოზიციებს ამყარებს ის ხელშეკრულება, რომელიც დადებული აქვთ კონკრეტული აბიტურიენტის მშობელსა და სამედიცინო უნივერსიტეტს. და ეს უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში არის სახელმწიფო - ის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს სახელმწიფო.” (სტილი დაცულია)

პარლამენტთან მიმდინარე აქციაში თეთრხალათიან მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც მონაწილეობენ. სწორედ ისინი არ აპირებენ უკან დახევას და სიმართლის ძებნაში ყველა საშუალების გამოცდას აპირებენ:

[ქალბატონის ხმა] “არ დავიხევთ უკან, იმიტომ რომ ეს არის მთლად მიუღებელი. ვიშიმშილებთ ან თავს დავიწვათ...”

თუმცა სანამ უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ, აქციის მონაწილენი იმედოვნებენ, რომ ან სამინისტრო შეიცვლის პოზიციას, ან არადა მათ სამართლიან მოთხოვნებს თვით პრეზიდენტი სააკაშვილი გამოეხმაურება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG