Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან მასხადოვს პანკისის ხეობაში გლოვობენ


ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის სიკვდილის ფაქტმა გამოძახილი პოვა პანკისის ხეობაში, სადაც ადგილობრივი ქისტი მოსახლეობა და ხეობაში კომპაქტურად მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები გლოვასთან ერთად

ამაყობენ იმით, რომ მათი მეორე პრეზიდენტიც გმირული სიკვდილით ბრძოლის ველზე დაეცა. პანკისის ხეობის მცხოვრებთათვის კი დიდი ხანია ღირსშესანიშნავ ადგილად იქცა სოფელ დუისთან მდებარე დაბალგორა, სადაც ქისტებმა 1997 წელს საქართველოში ოფიციალურად მყოფ ჩეჩნეთის პრეზიდენტს სახალხო ზეიმი მოუწყვეს. სულ რამდენიმე საათია, პანკისის ხეობიდან დავბრუნდი და მინდა იქაური შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

უშუქობის გამო 8 მარტს პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა ასლან მასხადოვის დაღუპვის ფაქტი სატელეფონო ზარებითა და რადიოს საშუალებით შეიტყვეს. თავდაპირველად ჩეჩნეთის პრეზიდენტის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ხეობაში რუსეთის ხელისუფლების დეზინფორმაციად აღიქვეს, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ასლან მასხადოვის ცხედარი დამოუკიდებელი ტელეარხებით ნახეს, დარწმუნდნენ, რომ ჩეჩნეთის მეორე პრეზიდენტიც მოკლულია. ჩეჩნეთიდან დევნილ ასლანბეკ აბდურზაკოვს ეჭვი არ ეპარება, რომ ასლან მასხადოვი ღალატის შედეგად დაიღუპა.

[ასლანბეკ აბდურზაკოვის ხმა]

როგორც ჩეჩნეთიდან დევნილი, ისე პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობა პატივს სცემს ასლან მასხადოვს, ჩეჩენთა პრეზიდენტს, რომელიც, საველე მდგომარეობაში, 7 წლის მანძლზე აწარმოებდა ბრძოლას მსოფლიოში უძლიერეს სამხედრო ძალასთან. ჩეჩნეთიდან დევნილი ისმაილ აბდულგამიდი ამბობს, რომ ასლან მასხადოვის სიკვდილი დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ის ამაყობს, რომ მისი პრეზიდენტი ვაჟკაცურად შეხვდა სიკვდილს.

[ისმაილ აბდულგამიდის ხმა]

ჩეჩენთა ტრადიცია ქალებს გლოვას უკრძალავს, მაგრამ ჩეჩნეთიდან დევნილმა ორი შვილის დედამ, მალიქამ, ცრემლები ვერ დამალა. მალიქა შეძრწუნებულია იმით, რომ პრეზიდენტ მასხადოვის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ ტერორისტის მკვლელობასთან გააიგივა:

[მალიქას ხმა] “ამბობენ, ტერორისტი მოვკალითო. ის არ იყო ტერორისტი. მე გუშინ ტელევიზორს რომ ვუყურებდი, როგორც ცოცხალი, ისე იწვა. შვილს არ ეჯერა და მთხოვა მეჩვენებინა. ის კარგი და კეთილი იყო.”

ერთ-ერთი უმთავრესი შეკითხვა, რასაც ჩეჩნეთიდან დევნილები საკუთარ თავს უსვამენ, იმაში მდგომარეობს, თუ რა იქნება ასლან მასხადოვის სიკვდილის შემდეგ მათ სამშობლოში, საიდანაც ისინი 7 წლის წინ სიკვდილს გამოექცნენ. მათი პასუხი თითქმის ერთნაირია: მშვიდობა ჩეჩნეთს დიდხანს აღარ ეღირსება.

[ისმაილ აბდურზაკოვის ხმა ]

ამასვე ფიქრობს ქისტი ალბერტ ქავთარაშვილი, რომელმაც დღეს დაბალგორა დამათვალიერებინა, ადგილი, სადაც ასლან მასხადოვის პატივსაცემად 1997 წელს ქისტებმა დოღი გამართეს და ჩეჩენთა პრეზიდენტს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის სიმბოლო, მგლის ლეკვი, აჩუქეს.

[ალბერტ ქავთარაშვილის ხმა]

ვინ ჩაიბარებს ასლან მასხადოვის შემდეგ ჩეჩნეთის წინააღმდეგობის ბრძოლას? პანკისის ხეობაში ორი ადამიანის გვარი სახელდება: საველე მეთაურების შამილ ბასაევისა და დოკ უმაროვის. ეს უკანასკნელი პანკისის ხეობაში 1999-2000 წლებში თავის რაზმთან ერთად იმყოფებოდა და პანკისის ხეობის მცხოვრებლები მის მიმართ სიმპათიებს არც მალავენ. თუმცა ერთ რამეში ყველა დარწმუნებულია, რომ ასლან მასხადოვის სიკვდილით ჩეჩნური წინააღმდეგობის აქტივობა არათუ არ მოიკლებს, არამედ უფრო დაუნდობელიც გახდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG