Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარს ამბობს ფედერაციის შემადგენლობაში საქართველოს ორი რეგიონის მიღებაზე და ადასტურებს მზადყოფნას გააგრძელოს


დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ფედერალური საკონსტიტუციო კანონის შეცვლას და ქვეყნის შემადგენლობაში ყოფილი საბჭოთა ავტონომიების გაწევრიანების

პროცედურის გამარტივებას ითვალისწინებდა.
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში ამ საკითხის განხილვა აღქმულ იქნა როგორც ერთგვარი საპასუხო რეაქცია საქართველოს პარლამენტის მიერ რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული დადგენილების დამტკიცებაზე.
დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მოსკოვი მზად არის ბაზების საკითხის მოსაგვარებლად უახლოესი ორი თვის განმავლობაში თბილისთან აქტიური მოლაპარაკება განაგრძოს.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატისთვის ფრაქცია ,,როდინას” მიერ შეთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, მოსკოვს უარი უნდა ეთქვა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომელიც თბილისსა და კიშინიოვთან აკავშირებს და გაემარტივებინა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების გაწევრიანების პროცედურა:

[ანდრეი საველიევის ხმა] ,,ავტონომიებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ, განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ და ამჟამადაც განსაკუთრებული საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი აქვთ. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს მივმართოთ ზომებს, რომელიც შექმნის პირობებს ამ ავტონომიების დასაბრუნებლად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ისტორიულ რუსეთში.”

ამ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი ანდრეი საველიევი, კანონპროექტის დამტკიცებას საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის აუცილებელ პირობადაც კი ასახელებდა. ფრაქცია ,,როდინას” მიერ მომზადებულმა პროექტმა, რომელსაც მხარს კომუნისტები და ლიბერალ-დემოკრატები უჭერდნენ, საჭირო სამასიდან მხოლოდ 91 ხმა მიიღო. სახელისუფლებო ფრაქციის ,,ედინაია როსიას” დეპუტატებმა საკითხს მოუმზადებელი უწოდეს და განაცხადეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამ, შესაძლოა, საფრთხე თავად რუსეთს შეუქმნას:

[ლიუბოვ სლისკას ხმა] ,, თუკი ამგვარი უფლების მინიჭებაზე ვისაუბრებთ, ეს სხვა ქვეყნების მიერ ჩვენთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს, რადგან უცხო სახელმწიფოს მთლიანობა დაირღვევა.”

საგულისხმოა, რომ დუმის ვიცე-სპიკერმა ლიუბოვ სლისკამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიღებას რუსეთის შემადგენლობაში აბსურდი 2003 წლის ნოემბერშიც უწოდა, როდესაც მსგავსი ინიციატივით პარლამენტის ქვედა პალატას ჟირინოვსკის პარტიამ მიმართა.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, მისი დეპუტატები დილიდანვე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმა ,,როდინას” მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა. რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი რუსი კოლეგების მცდელობას ,,ორთქლის გამოშვებად” აფასებს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,მოწყვეტა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის და რუსეთისთვის მიერთება, ეს არ არის პერსპექტიული, რამდენიც უნდა ილაპარაკოს დუმამ ამაზე. თვით რუსეთის ხელისუფლებაც კი, აღმასრულებელი ხელისუფლება, ასეთ სიგიჟეს არ ჩაიდენს.” (სტილი დაცულია)

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული კანონპროექტის მსგავსად, უპერსპექტივოდ მიიჩნევს რუსეთის დუმის სხვა სახის მუქარასაც:

[გივი თარგამაძის ხმა] ,,მე ვერ ვიტყვი, რომ ბევრად პერსპექტიულია მუქარა ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, ვინაიდან აქ ძალიან ბევრი მომენტია თანმხლები. ჯერ ერთი, ამ გზით პირველი, რასაც რუსეთი გააკეთებს, გააკოტრებს საკუთარ ორგანიზაციას ,,რაოს,” რომელიც ენერგოსექტორშია საქართველოში.” (სტილი დაცულია)

მოსკოვისგან მოსალოდნელ სანქციებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტმა რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული დადგენილება დაამტკიცა. რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების რეაქცია ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკების გაგრძელების მზადყოფნით გამოიხატება. პარასკევს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ, ადრინდელი შეთანხმების შესაბამისად, მოსკოვი და თბილისი ბაზებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს უახლოესი ორი თვის განმავლობაში გაააქტიურებენ. სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის პარლამენტის დადგენილებას მხარს არ უჭერს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG