Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი სისხლისმღვრელი ბრძოლის ისტორია


16 მარტს ზუსტად 12 წელი სრულდება სოხუმში,

გუმისთის ხიდთან მომხდარი სისიხლისმღვრელი ბრძოლიდან. იმ ოპერაციის მონაწილე ქართველი სამხედროების თქმით, გაგრის დაცემის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა არათუ მოიგერიეს მასირებული შეტევა, არამედ კონტრშეტევაზე გადასვლის კარგი შესაძლებლობაც მიეცათ. მაგრამ შეტევის ბრძანება არ გაცემულა. თავად ამ ბრძოლის ისტორია კი, რომელიც მინდა დღეს გავიხსენო, ამჟამად მხოლოდ მისი მონაწილეების მეხსიერებაში არსებობს.

19 წლის შალვა მინდიაშვილი 1993 წლის 16 მარტს, ბატალიონ “შავნაბადას” შემადგენლობაში, გუმისთის ხიდთან განგაშით გამოიძახეს. ხიდი, რომელსაც მთელი ქართულ-აფხაზური სამხედრო დაპირისპირების დროს სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა, კარგად დაცულად ითვლებოდა. მაგრამ აფხაზურმა და ჩრდილოკავკასიურმა დაჯგუფებამ ღამით, საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერით, ისე მოახერხა შემოსვლა, რომ გუშაგებმა ვერაფერი გაიგეს. შალვა მინდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე გასულ “შავნაბადას” ბატალიონის მებრძოლებს თითქმის ყველა პოზიცია გარღვეული დაუხვდათ:

[შალვა მინდიაშვილის ხმა] “დაბომბვა სადღაც ღამის სამ საათზე დაიწყო. ორიენტაცია მოგვცეს, რაღაც ადგილზე უნდა წახვიდეთო, მაგრამ ჩვენ ეს ადგილმდებარეობა არ ვიცოდით. ბე-ემ-პე იყო აფეთქებული, ეკიპაჟი დაღუპული იყო, ერთ-ერთი დაჭრილი რუსულად ყვიროდა “პომაგიტე, პომაგიტეო”. ჩვენ შეგვეშინდა არ შეგვიტყუონო, რადგან ეს დაჭრილი სახლში ჰყავდათ შეყვანილი. ეს ყველაფერი კი განუწყვეტელი დაბომბვების ფონზე ხდებოდა.” (სტილი დაცულია)

შეტევამდე რამდენიმე თვით ადრე კავკასიის ხალხთა კონფედერაციამ სოხუმი თავის დედაქალაქად გამოაცხადა. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიის დედაქალაქზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, რუსმა სამხედრო ინსტრუქტორებმა დაგეგმეს, აფხაზურმა და ჩრდილოკავკასიურმა დაჯგუფებებმა განახორციელეს.

[სროლის, ტანკის გრუხუნის ხმა]

თავდაცვის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზღუდეზე კი მოქმედებდა ახლად ჩამოყალიბებული “შავნაბადას” ბატალიონი, რომელსაც ვიცე-პოლკოვნიკი კობა კობალაძე ხელმძღვანელობდა.

აქტიური ორმხრივი ბრძოლები დილის შვიდ საათზე დაიწყო და, დაახლოებით, 12 საათამდე გრძელდებოდა. “შავნაბადას” ბატალიონის გარდა, საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა: სოხუმელებისაგან დაკომპლექტებული მე-6 სატანკო ბატალიონი, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია, მე-2 ბატალიონი და 25-ე ბრიგადის პირადი შემადგენლობა. ქართველი არტილერისტები, პოლკოვნიკ ემზარ ჭოჭუას ხელმძღვანელობით, დიდი სიზუსტით ახშობდნენ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილებს. იერიშზე გადმოსული კავკასიის ხალხთა კონფედერაციის, კაზაკთა და აფხაზთა რაზმები ზურგს მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ, რამაც გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.

[კობა კობალაძის ხმა] “მაშინ სოხუმის სარდლობას ჩვენ გადავეცით, სადღაც, 72 ტყვე. დაახლოებით, 340 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი დაგვრჩა და, მოწინააღდეგის თხოვნით, ჩვენ მათ შესაძლებლობა მივეცით საკმაოდ ბევრი დაღუპული მებრძოლი გადაეყვანათ. ესენი, ძირითადად, იყვნენ რუსები, კაზაკები და ჩრდილოკავკასიელი ხალხების წარმომადგენლები.”

1992 წლის სექტემბრის გაგრის დაცემის შემდეგ, 1993 წლის გუმისთის სამხედრო ოპერაცია იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი სერიოზული სამხედრო წარმატება, რამაც სოხუმის დამცველები აღაფრთოვანა. მაგრამ ოპერაციას გაგრძელება არ მოჰყოლია საპასუხო კონტრშეტევის სახით. იმ ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ამჯერად თადარიგში მყოფი გენერალი კობა კობალაძე მიიჩნევს, რომ კონტრშეტევაზე უარის თქმა სამხედრო ხელმძღვანელობას არა ქართველი პოლიტიკოსების გაუბედაობამ, არამედ ფრონტზე რეალურმა სამხედრო ვითარებამ უკარნახა:

[კობა კობალაძის ხმა] “იმ დროს, როცა ღია იყო ტყვარჩელის მიმართულება, დაუცველი იყო ტამიში და პრობლემები იყო სამეგრელოში, ასეთ ფონზე წინ წაწევა და ფრონტის გაჭიმვა, როდესაც ზურგი ვერ წამოგეწეოდა, იმ დროისათვის საკმაოდ სახიფათო იყო.”

მაგრამ საქმეც ის არის, რომ, სამხედრო თვალსაზრისით, ყველა ეს სუსტი წერტილი, რაც ქართული სამხედრო ნაწილების წინსვლას აფერხებდა, უცვლელი დარჩა მთელი სამხედრო კამპანიის განმავლობაში. გუმისთის ოპერაციის მსგავსი წარმატებული თავდაცვითი საბრძოლო ოპერაციები ქართულმა საჯარისო ფორმირებებმა მოგვიანებით ლაბრა-ტამიშის, მერკულას და ატარა- არმიანსკაიას მიმართულებითაც განახორციელეს, მაგრამ სოხუმის დაცემამ, რაც უკვე თბილისის პოლიტიკური წინდაუხედაობის ბრალი იყო, ამ თავდადების მაგალითებს ხაზი გადაუსვა. მივიწყებულნი და აქტიური სამხედრო მოღვაწეობისგან ჩამოშორებულნი არიან იმ დროის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ქართველი ოფიცრები, პოლიტიკოსების შეცდომებისთვის დასჯილი თაობა, რომელსაც ზოგჯერ თვეობით უწევს რიგში დგომა სახელმწიფოს მიერ დაწესებული თორმეტლარიანი კომპენსაციის მისაღებად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG