Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიზისების გაშუქება და მედიის შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან


რამდენიმე დღის წინ კიევში ევროსაბჭოს

წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მედიის თავისუფლებაზე და მის საქმეებში სახელმწიფოს ჩარევის საჭიროებაზე მსჯელობდნენ. დისკუსია ძირითადად ტერორიზმთან ბრძოლის პროცესსა და ზოგადად კრიზისულ ვითარებაში პრესის როლს შეეხებოდა. კონფერენციის მონაწილეები ვერ შეთანხმდნენ იმაზე საჭიროა თუ არა კრიზისულ ვითარებაში სახელმწიფომ აკონტროლოს მედიის მუშაობა.

კიევის კონფერენციის მონაწილეები მედიის თავისუფლებაზე მსჯელობისას ორ ჯგუფად დაიყვნენ: ერთი, რომელსაც რუსეთისა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მეთაურობდნენ, ირწმუნებოდა, რომ კრიზისული ვითარების გაშუქებისას მედიის თავისუფლებაზე ბევრად მნიშვნელოვანი ეთერში გასული, თუ გამოქვეყნებული მასალის შინაარსია. ამდენად სახელმწიფოს ჩარევასაც დასაშვებად მიიჩნევს. მეორე ჯგუფს შვედეთი ლიდერობდა, რომელიც მედიის აბსოლუტური თავისუფლების მომხრეა და მის საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევას მიუღებლად მიიჩნევს.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ მოდ დე ბურ-ბუკიკიომ დაიცვა მედიის თავისუფლება, თუმცა, შენიშნა, რომ ზოგიერთ ვითარებაში შეზღუდვების დაწესება აუცილებელია. გენერალური მდივნის მოადგილე აზუსტებს, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები არ უნდა იყოს გადამეტებული, ჟურნალისტებმა კი არ უნდა დაუთმონ გადამეტებული ყურადღება და საეთერო დრო ტერორისტებს. ასეთი მიდგომა იდეალისტურია. სწორედ ამიტომ "რადიო თავისუფლებამ" დე ბურ-ბუკიკიოს სთხოვა დაეზუსტებინა ვინ უნდა უზრუნველყოს ბალანსი პრესის ზედმეტ თავისუფლებასა და სახელმწიფოს ჩარევას შორის, რაზეც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა:

[დე ბურ-ბუკიკიოს ხმა]
"თუკი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მედიის საშუალებას, რომელიც ტერორისტული მოვლენის გაშუქებას ცდილობს, ზედმეტად ზღუდავს, უნდა არსებობდეს სასამართლოსთვის მიმართვის საშუალება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სათანადო პროცედურის დადგენა ასეთი შემთხვევებისთვის, რომ სასამართლოებსაც ჰქონდეთ საფუძველი, როცა მედიის შეზღუდვასთან დაკავშირებულ შემთხვევებს განიხილავენ".

ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობა განსხვავდება. მაგალითად, თურქეთის წარმომადგენელი მთელ პასუხისმგებლობას ჟურნალისტებს აკისრებს. კიევის კონფერენციაზე ტურკან სებნემ ბილგეტი თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელობას წარმოადგენდა. ის ამბობს:

[ბილგეტის ხმა]
"ინფორმაციის შინაარსზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია ძირითადი წესების გათვალისწინება. ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, დადასტურებული, ოპერატიული და არ უნდა იყოს პროვოკაციული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია".

ბილგეტმა თქვა ისიც, რომ მედიის მიმართ თურქეთის კანონის სიმკაცრის მიუხედავად, ბოლო დროს სახელმწიფო ყველაზე ხშირდა ფინანსურ სასჯელს მიმართავს.

რუსეთის კულტურისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრის მოადგილემ ლეონიდ ნადიროვმაც აღნიშნა, რომ ყველაზე ეფექტიანი მედიის თვითრეგულაციაა, რომ მათ არ მისცენ საშუალება ტერორისტებს ბრძოლის ველი ტელე-ეთერში გადაიტანონ.

ნადიროვმა კიევის კონფერენციის მონაწილეებს შეახსენა, რომ გასულ წელს რუსმა ჟურნალისტებმა ხელი მოაწერეს ანტი-ტერორისტულ კონვენციას. ამის საფუძველი 2002 წელს მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას გამოვლენილი არაპროფესიონალიზმი იყო. მინისტრის მოადგილის აზრით, ბესლანის მოვლენების გაშუქებისას პროფესიონალური თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობა იყო.

ამ საკითხზე კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა ბი-ბი-სის ვეტერანმა რეპორტიორმა კეიტ ეიდიმ. ის კიევის კონფერენციას ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა. ეიდის მიაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლება არასწორად მოიქცა, როცა ბესლანის კრიზისის ცოცხალ ეთერში გაშუქება აღკვეთა. ბიბისის კორესპონდენტმა გააკრიტიკა შეერთებული შტატების ხელისუფლებაც, რადგან ფიქრობს, რომ დღეს შტატების მედია დიდ პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის.

ბიბისის კორესპონდენტის პოზიცია დაიცვა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმაც.

ევროპის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის კონფერენციის მასპინძელ ქვეყანაში – უკრაინაში მიაჩნიათ, რომ გარკვეული ხარისხით მედიის რეგულაცია საჭიროა.

საგულისხმოა ერთი ფაქტი: გასულ კვირაში უკრაინის მთავრობის წევრებმა ხელი მოაწერეს წერილს, რომელშიც მედიას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ზედმეტად მწვავედ გაშუქებისთვის კიცხავენ. ხელმომწერთა შორის იყო ვიცე-პრემიერი მიკოლა ტომენკო (ის კიევის კონფერენციას უძღვებოდა). ტომენკომ განმარტა, რომ უკრაინის არაერთი მედია საშუალების მფლობელი ცდილობს "ჩრდილოვანი პოლიტიკის" გატარებას. ჩვენს რადიოს ტომენკომ უთხრა, რომ უკრაინის მთავრობა მედიის თავისუფლების მომხრეა და კრიტიკის არ ეშინია, თუმცა იმას კი შიშობს, რომ უკრაინის მედია საშუალებებზე გარკვეული ძალები მონოპოლიის მოპოვებას შეძლებენ:

[ტომენკოს ხმა]
"უფრო კონკრეტული რომ ვიყო, მოგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის – ლეონიდ კუჩმას სიძე ვიკტორ პინჩუკი ბევრი სხვა რეგიონული მედია-საშუალების გარდა უკრაინის ოთხი სატელევიზიო არხის მფლობელი და თანამფლობელია".

ტომენკომ ასევე აღნიშნა, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ემოციების ჩაცხრობაა საჭირო, უკრაინის მედია კი ვნებათაღელვის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG