Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 მილიონი დოლარი ინფორმაციაში მასხადოვის მოსაკლავად


ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა ჩეჩნეთში მეამბოხეების ლიდერის, ასლან მასხადოვის მოკვლის შესახებ.

ამ ამბავზე გამოხმაურებას, მის შესაძლო შედეგებს ჩვენს გადაცემებში უკვე არაერთხელ შევეხეთ. ამასობაში კი დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მასხადოვის მოკვლასთან დაკავშირებულმა ზოგმა გარემოებამ: რუსეთის ხელისუფლების უარმა, მასხდოვის ნათესავებს გადასცეს მოკლულის ცხედარი და ცნობამ, რომ მოსკოვმა 10 მილიონი დოლარი გადაიხადა ინფორმაციაში, რომელსაც მასხადოვის მოკვლა მოჰყვა.

რუსეთი მასხადოვის სიკვდილით სარგებლობს, რათა აჩვენოს, რომ უპირატესობა მის მხარეზეა ჩეჩნეთის აგერ, თითქმის 6-წლიან ომში - ასე ფიქრობენ რუსეთშივე, ადამიანის უფლებების დამცველები. მათ შორის არის ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს უოჩის” წარმომადგენელი ალექსანდერ პეტროვი, რომელიც იხსენებს, როგორ ავრცელებდა მოსკოვი ინფორმაციას მასხადოვის სიკვდილზე: მასხადოვის გვამის ამსახველი საზარელი კადრებით...

[ალექსანდრ პეტროვის ხმა] “ის ფაქტი, რომ მასხადოვის ცხედარი ასე ღიად აჩვენეს, თან ყველა სახელმწიფო ტელეარხზე, მხოლოდ წყენასა და ზიზღის გრძნობას იწვევს. ეს არ არის ის გზა, რომლითაც საკითხის მშვიდობიანად მოგვარებას მიაღწევ - მითუმეტეს ისეთ ადგილას, როგორიც ჩეჩნეთია”.

ბევრ ჩეჩენს, როგორც ორგანიზაცია “მემორიალის” თანამშრომელი უსამ ბაისაევი ამბობს, მასხადოვი დაამახსოვრდება თავის პრეზიდენტად, 1997 წელს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად. და ამ ადამიანებისათვის შეურაცხმყოფელია უარი, მიცვალებულის ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნებაზე.

"მემორიალის" წარმომადგენლის თქმით, რუსეთი, შესაძლოა ჩეჩნების დემორალიზიაციისაკენ მიისწრაფოდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, საწინააღმდეგოს მიაღწიოს: [უსამ ბაისაევის ხმა] “რუსეთი იყენებს ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდს - შევიწროვების, გაჭყლეტის, შეურაცხყოფის მეთოდს. ადამიანებს უკიდურესად უარყოფითი რეაქცია აქვთ იმაზე, რასაც მასხადოვის ცხედართან დაკავშირებით აკეთებენ. ისინი არ მალავენ თავიანთ გაბრაზებას. ეჭვი არ არის: იმის შემდეგ, რაც მოხდა, ბევრი ახალგაზრდა, ვინც თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობს, მთაში საბრძოლველად წავა”.

გამოხმაურების გარეშე არ დარჩენილა არც ის ფაქტი, რომ ორშაბათს რუსეთის ჯარებმა მიწასთან გაასწორეს სახლი, რომელშიც, ოფიციალური ვერსიით, მასხადოვი მოკლეს. ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ მასხადოვი უფრო ადრე და სხვაგან იყო მოკლული.

ასევე ბევრი შეკითხვა წამოჭრა ცნობამ, რომ რუსეთმა 10 მილიონი დოლარი გადაუხადა ადამიანს, თუ ადამიანებს, ვისგანაც მიიღო საჭირო ინფორმაცია მასხადოვის მოსაკლავად...

საკითხავია თუნდაც, რატომ გავრცელდა ცნობა 10 მილიონის შესახებ ახლა, მასხადოვის მოკვლიდან ერთი კვირის შემდეგ. ჩვენი კოლეგა, ჩეჩენი ჟურნალისტი რუსლან შამაევი ასეთ ვარაუდს გამოთქვამს: [რუსლან შამაევის ხმა] “მე ამას ვუკავშირებ იმ გარემოებას, რომ მასხადოვის მკვლელობას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. არა მარტო ჩეჩნეთში, არა მარტო მასხადოვის მომხრეებში, არამედ მის მტრებშიც კი. ბოლო რამდენიმე დღეა, ხშირად ვართმევთ ინტერვიუებს მოსკოვში მცხოვრებ ჩეჩნებს - ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ებრძოდნენ დუდაევის, მერე მასხადოვის ხელისუფლებას. ეს ადამიანებიც კი, ვისაც არასოდეს დაუმალავს უარყოფითი დამოკიდებულება დუდაევის, მასხადოვის მიმართ, ახლა აღშფოთებულია და ფიქრობს, რომ მასხადოვის მოკვლა სწორი არ იყო. ასეთი უარყოფითი რეაქციის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ კარგი იქნებოდა მომხდარის გაფორმება “ჩეჩნებს შორის საქმის გარჩევად”, ჩეჩნების მოღალატეობად”.

რუსლან შამაევი მაინც არ გამორიცხავს ღალატს, ფულის გამო მასხადოვის გაცემას ჩეჩნების მიერ. მაგრამ ეს ნაკლებად დამაჯერებლად მიაჩნია ორი გარემოების გამო.

ჯერ ერთი, ადრეც ბევრმა იცოდა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მასხადოვის გადაადგილების ამბავი: [რუსლან შამაევის ხმა] “ქართველებისთვისაც კარგადაა ცნობილი კავკასიელების ხასიათი: რაიმეს საიდუმლოდ შენახვა კავკასიაში ძალიან ძნელი საქმეა. ერთი რომ რამეს გაიგებს - მერე ყველამ იცის ხოლმე. ამდენად, მასხადოვი რომ ამათუიმ რაიონში იყო, ბევრმა იცოდა, მაგრამ 5 წლის მანძილზე ასეთი რამ არ მოუწყიათ”.

და ესეც რომ არ იყოს, დასძენს რუსლან შამაევი, 10 მილიონი დოლარის გადახდის ვერსია დამაჯერებლობას აკლია შემდეგი გარემოების გამო: [რუსლან შამაევის ხმა] “ვფიქრობ ის ადამიანები, ჩეჩნეთში რომ იბრძვიან (ვგულისხმობ ჩეჩნებსაც და რუსებსაც) ნებაყოფლობით, ალბათ, არ იტყოდნენ უარს ათ მილიონ დოლარზე. ვფიქრობ, ჩეჩნეთში 10 მილიონი რომ გამოჩნდეს, ახალი ომი დაიწყება. ამდენად, ძნელი წარმოსადგენია, ეს ფული მიიღოს ადამიანმა, რომელმაც რუსეთის სპეც-სამსახურებს მიაწოდა ინფორმაცია “მასხადოვი აქ არისო”.
XS
SM
MD
LG