Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აურზაური დიზელის გამო - გლეხების დიზელის საწვავით მომარაგების საკითხი პრეზიდენტს პირად კონტროლზე აჰყავს


საგაზაფხულო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული კეთილი ნების ჟესტი - კერძოდ, გლეხების დიზელის საწვავით დასაჩუქრება - დროებით შეჩერდა.

ამის მიზეზი, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელოვნურად გაბერილი სიები და იმ გამგებლების არაკეთილსინდისიერებაა, რომლებმაც სახელმწიფოს სახელით ხელის მოთბობა განიზრახეს. ამ გამგებლებსა და მხარეებში პრეზიდენტის რწმუნებულებს საქართველოში არსებული შიდა მეურნეობების ზუსტი რაოდენობის დადგენა კიდევ ერთხელ დაევალათ. საფუძვლიანი რევიზიის პირობებში, პრეზიდენტის ხელთ არსებული სია ერთი მეოთხედით მაინც უნდა შემცირდეს.

ერთ შიდა მეურნეობას საშუალოდ კერძო საკუთრებაში 1 ჰექტარამდე მიწა აქვს. სოფელში, 2002 წლის მონაცემებით, 520 000 მეურნეობაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მეურნეობათა 90 პროცენტი მიწას სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად სეზონურად ამუშავებეს, პრეზიდენტის ხელთ არსებულ სიაში დაახლოებით 450 000 კომლი უნდა შესულიყო. ციფრი გაცილებით უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. შესაბამისად, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ღონისძიება- სოფლად მცხოვრები ოჯახების 20-20 ლიტრი დიზელით დასაჩუქრება - ხმაურიან საჯარო პოლიტიკურ აქციად იქცა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "სოფლის საკრებულოებმა, გამგებლებმა რო გაიგეს, რომ დიზელის საწვავი უფასოდ რიგდება, წარმოადგინეს, როგორც კომუნისტების დროს კარგად წარადგენდნენ ხოლმე კრემლში, მიწერილი სიები. ჩემი მონაცემებით, 20-25 პროცენტით გაბერეს ზოგიერთ ადგილზე სოფლის კომლების რაოდენობა. ვისაც უნდა ამაზე ფულის გაკეთება და ხელის მოთბობა, დაიჭერს საქმეს ჩემთან."

ქვეყნის რეგიონებში პრეზიდენტის რწმუნებულთა საგანგებო თათბირზე, რომელიც პირდაპირი სიგნალით ჩართეს ტელევიზიებმაც, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ უფრო დააკონკრეტა, რა ელით სიების ხელოვნურად გამზრდელ გამგებლებს. პრეზიდენტის სიტყვით, მათ თავები მოსძვრებათ.

მტყუან-მართალი გამგებლების გამორკვევა საშუალოდ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოხდება.

[გია გეწაძის ხმა] "მე მაინც ეჭვი მაქვს, რომ, ალბათ, სოფლის გამგებლებმა დაიანგარიშეს სახლები და ოჯახების რაოდენობა და არა იქ კონკრეტულად მაცხოვრებლების. მაგალითად, იქ ეხლა არის სოფლები, სადაც ოჯახები უკვე აღარ ცხოვრობენ, ან წასულები არიან თბილისში, ან სხვა საქმეში. და ამათმა, უბრალოდ, გააკეთეს სიები საკომლო წიგნებიდან. და ამას ახლა ჩვენ ყველა სოფელში მანამ, სანამ დარიგდება დიზელის საწვავი, გადავამოწმებთ ცალ-ცალკე." (სტილი დაცულია)

იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული გია გეწაძე არ გამორიცხავს, რომ სიების ობიექტურად გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი იყოს ის ლტოლვილი ოჯახებიც, რომლებიც 2002 წლის სტატისტიკურ მონაცემებში აღრიცხულნი არ არიან, მაგრამ რეალურად ცხოვრობენ ამა თუ იმ რაიონში.

მოკლედ, ასეა თუ ისე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დიზელის საწვავი უკვე მობილიზებულია და მისი გლეხებზე განაწილების პროცესი დაზუსტებული სიების წარდგენისთანავე დაიწყება.

[გელა ძამუკაშვილის ხმა] "ჰექტარი მიწის მოხვნას უნდა 40 ლიტრი სალიარკა. მოხვნით ხო არ დამთავრდა, შემდეგ უნდა კულტივაცია, შემდეგ უნდა დათესვა - ისევ 20 ლიტრი. გამოდის, რომ ჰექტარის ამ სამ ოპერაციას უნდა დაახლოებით 40 ლიტრი დიზელის საწვავი. 20 ლიტრი საწვავი, უბრალოდ, დაცინვაა. ეს არის შემოგდებული სატყუარა ხალხში, რომ ხვალე, ხვალზეით ხმა მისცენ პრეზიდენტს."

თელავის რაიონის სოფელ რუისპირის მკვიდრი გელა ძამუკაშვილი, ამავე დროს, შენიშნავს, რომ გაჭირვებული სოფლის თითოეული მკვიდრისთვის თუნდაც მცირე რაოდენობის საწვავი დიდი დახმარებაა. მისი თქმით, მოსახლეობა მოთმინებით ელის, როდის გაიხსნება კვანძი, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ ადგილობრივი ხელისუფლების არაკეთილსინდისიერების მხილებით, გარკვეულწილად, თვითრეკლამისთვისაც გამოიყენა.
XS
SM
MD
LG