Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლების წევრი ემიგრაციაში წასვლით შველის თავს


სატყეო დეპარტამენტის დირექტორი, ყოფილი პოლიტემიგრანტი ბიძინა გიორგობიანი კვლავ ემიგრაციაშია. გერმანიიდან რადიო “თავისუფლებისათვის” მიცემულ

ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა გიორგობიანი მის მიმართ განხორციელებულ დევნაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და უშიშროების ხაზით მის ხელქვეითებს ასახელებს, რომლებსაც დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ხე-ტყით უკანონო ვაჭრობის მფარველობაში ადანაშაულებს. ვანო მერაბიშვილი, რომელიც გუშინ თავად დაუკავშირდა ტელეფონით ბიძინა გიორგობიანს, მისი უწყების მიმართ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. გენერალური პროკურატურა კი ინტერესდება იმ პირებით, რომელთაც, შესაძლოა, სცოდნოდათ სატყეო დეპარტამენტის დირექტორის გაქცევის კონკრეტული დეტალები.


ბიძინა გიორგობიანი პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ტოვებს და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იძულებულია ემიგრაციას შეაფაროს თავი. რადიო “თავისუფლებისათვის” მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ბიძინა გიორგობიანმა გაიხსენა საუბარი უშიშროების ოფიცერ გოგიტა პაპაშვილთან, რომელიც სატყეო დეპარტამენტის დირექტორს, უშიშროების მინისტრის სახელით, სთავაზობდა თვალი დაეხუჭა ხე-ტყის უკანონო ბიზნესზე, ყბადაღებული სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე.

[ბიძინა გიორგობიანის ხმა] “ის პირდაპირ ხმამაღლა ამბობდა, რომ კოკოითის სახლში გვყავს აგენტი და ეს მორები მას სჭირდებაო, რაზეც მე ვუთხარი, აგენტს მორი რაში სჭირდება, რა სისულელეს ლაპარაკობ-მეთქი. მაგრამ ის ამბობდა, რომ პირდაპირ ვმოქმედებ დათა ახალაიას, ამირან მესხელისა და ვანო მერაბიშვილის დავალებითო. მერე, როცა ეს გამწვავდა, მე ზურაბ ჟვანიას ვუთხარი ყველაფერი. ეს იყო ზაფხულში, როდესაც მთავრობა აჭარაში იმყოფებოდა. ზურამ დაურეკა ვანოს და ჰკითხა, თუ რა ხდებოდა. მაშინ ვანომ უთხრა, რომ კი, იქ რაღაცა ხდება და თუ ძალიან უკანონოდ არ თვლის ბიძინა, იქნებ ნება დართოსო. რაზეც მე ვუთხარი, რომ ამაზე არავითარ შემთხევაში არ წავიდოდი.”(სტილი დაცულია)

უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ, სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სახელით, უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები. შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა გერმანიაში მყოფ ბიძინა გიორგობიანს და შეეცადა აეხსნა, რომ არაფერ შუაშია. იგივე გაიმეორა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებისათვის 17 მარტს მიცემულ ორწინადადებიან კომენტარში, როდესაც თბილისის მერიაში იმაზე სამსჯელოდ მივიდა, თუ რა უყონ გარემოვაჭრეებს:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “იცით, რა, როცა აქ იყო, არ უთანამშრომლია უშიშროებასთან და კაცი, რომელიც გაექცა პროკურატურას, ამაზე პროკურატურა გააკეთებს კომენტარს.”(სტილი დაცულია)

პროკურატურა კი ბიძინა გიორგობიანს იქით ედავება ხე-ტყით უკანონო ვაჭრობას. გამოძიება, რომელმაც თვე-ნახევრის წინ სატყეო დეპარტამენტის ყოფილ უფროსს აღმკვეთ ღონისძიებად გაუსვლელობის ხელწერილი შეუფარდა, ახლა იმის გამოკვლევას ცდილობს, თუ როგორ მოახერხა საქართველოდან გასვლა ეჭვმიტანილმა. ამის დასადგენად ხუთშაბათს პროკურატურაში სატყეო დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე მზევინარ ანსიანი დაკითხეს.

[მზევინარ ანსიანის ხმა] “არ ვიცი, მოწმის სტატუსით მიბარებენ. გუშინ მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიბარებდნენ უნომრო ტელეფონიდან. გუშინ არ მივედი, დღეს კი მივედი. მითხრეს, რომ მიბარებდნენ მოწმის სტატუსით გაქცევასთან დაკავშირებით.”(სტილი დაცულია)

ბიძინა გიორგობიანისათვის პოლიტიკური ემიგრაცია ახალი არ არის. ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს წევრი ბიძინა გიორგობიანი კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ 9 წლის მანძილზე გერმანიაში პოლიტემიგრანტის სტატუსით ცხოვრობდა. საქართველოში იგი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაბრუნდა. ბიძინა გიორგობიანი ახალ ხელისუფლებაში მის დაწინაურებას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას უმადლის, რომელმაც ყოფილ პოლიტემიგრანტს სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი შესთავაზა. ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ ბიძინა გიორგობიანზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ყოფილი პოლიტემიგრანტი მიხვდა, რომ კვლავ მარტო დარჩა:

[ბიძინა გიორგობიანის ხმა] “მე აღარ მყავდა უკვე ისეთი მოკავშირე, რომლის გარეშეც შემეძლო ბრძოლა ასეთ მონსტრებთან. თქვენს რადიოს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოეხსენება, თუ უშიშროების სამსახურის წინააღმდეგ მოქმედება რამხელა რისკსა და ნერვების წყვეტასთან არის დაკავშირებული.”

თუმცა ბიძინა გიორგობიანი აპირებს ემიგრაციიდან განაგრძოს ბრძოლა სიმართლისათვის და ამ ბრძოლაში მას, პირველ ყოვლისა, საკუთარი სიმართლის და თავისუფალი მედიის იმედი აქვს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG