Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ტრანსპარენსი ინტერნეშნლის'' დასკვნით, სამშენებლო სფერო ეკონომიკის ყველაზე კორუმპირებული დარგია


არასამთავრობო ორგანიზაცია "ტრანსპარენსი ინტერნეშნლი" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის ხარისხს იძიებს და სისტემატურად აქვეყნებს თავის დასკვნებს.

მაგრამ ბოლო ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ ოთხშაბათს ლონდონში გამოაქვეყნა, ყურადღება გამახვილებულია არა, ზოგადად, კორუფციაზე, არამედ კორუფციაზე ერთ კონკრეტულ დარგში - სამშენებლო სფეროში. როგორც დავით კაკაბაძისგანაც შეიტყობთ, "ტრანსპარენსი" ამ სფეროს მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე კორუმპირებულ სეგმენტად მიიჩნევს.

[მშენებლობის ხმაური]

დიდი სამშენებლო პროექტები - მრავალსართულიანი საოფისე კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები თუ საგზაო სამუშაოები - უზარმაზარ საშუალებას იძლევა მექრთამეობისა თუ პროტექციონიზმისთვის. კორუფციისგან დაცული ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იქნება, მაგრამ მშენებლობაში კორუფცია განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან მისი შედეგი ხშირად - გაფლანგულ ფულთან ერთად - ადამიანთა შორის მსხვერპლია.

არადა, "ტრანსპარენსი ინტერნეშნლის" აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ნუსბაუმის თქმით, კორუფციას ყველაზე ღრმად სწორედ სამშენებლო სფეროში აქვს გადგმული ფესვები. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან მარკ ბეიკერთან ინტერვიუში ნუსბაუმი აღნიშნავს, რომ სამშენებლო პროექტების უმრავლესობა უნიკალურია, ერთჯერადია, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ხარჯების შედარებას სხვა მსგავს პროექტებთან. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ დიდ სამშენებლო პროექტებს, როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, ეს კი მექრთამეობისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის. თანაც, კონტრაქტები ხშირად იმდენად ფართომასშტაბიანი და შემოსავლიანია, რომ მათს მისაღებად კომპანიები ხარჯებს არ ერიდებიან.

[დევიდ ნუსბაუმის ხმა] "ეს კონტრაქტები უაღრესად მნიშვნელოვნად შეიძლება იქცეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მათ მიიღებენ. დიდი კონტრაქტების მოპოვების შანსი მათ ხშირად როდი ეძლევათ. და თუ კონტრაქტი სხვამ მიიღო, შენ წაგებული ხარ - რასაც კონკურენტი კომპანიებისთვის მეტად სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს."

მშენებლობის სფეროზე ყურადღების გამახვილება წლეულს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გასული წლის მიწურულს მომხდარი სტიქიური უბედურების გათვალისწინებით. დევიდ ნუსბაუმის თქმით, რეგიონში ჩასული დიდძალი ფინანსური დახმარება ხელს უწყობს კორუფციული პრაქტიკის გავრცელებას, რადგან ექსტრემალურ პირობებში მეტად ჭირს იმის გაკონტროლება, როგორ ნაწილდება ფული თუ სხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება.

კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად "ტრანსპარენსი ინტერნეშნლს" ე.წ. "ნდობის პაქტის" გაფორმება და განხორციელება ესახება. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ამ პროექტის მიხედვით, მასში მონაწილე მხარეები უარს აცხადებენ ქრთამის შეთავაზებაზე და, საერთოდ, ყოველგვარ უკანონო ქმედებაზე.

[დევიდ ნუსბაუმის ხმა] "კონტრაქტის მიღების ყველა მსურველი ხელმოწერით კისრულობს ვალდებულებას, რომ ქრთამს არავის შესთავაზებს. ამ პროექტის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მისთვის, ვინც პირობას დაარღვევს, გათვალისწინებულია სანქციები; ანუ, მომავალში პაქტის დამრღვევებს, შესაძლოა, კონტრაქტები აღარ გაუფორმონ."

ნუსბაუმი დასძენს, რომ ამ სახის პაქტებს ძირითადად მსხვილი სამშენებლო პროექტების განხორციელებისას აფორმებენ. ასეთია, მაგალითად, ბერლინის ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელზეც ასეულობით მილიონი დოლარი უნდა დაიხარჯოს.

"ტრანსპარენსი ინტერნეშნლის" წლევანდელ ანგარიშში მოყვანილია მსოფლიოს 40 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებიც. ორგანიზაცია ქებით იხსენიებს საქართველოს ხელმძღვანელობას, რომელმაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა თავის პრიორიტეტად გამოაცხადა. თუმცა, ანგარიშის შემდგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებული არიან იმ საფრთხით, რომელიც მკაცრი ანტიკორუფციული ზომები ადამიანის უფლებების დაცვას უქმნის. როგორც "ტრანსპარენსი ინტერნეშენალის" აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ნუსბაუმი აღნიშნავს, საქართველოსა და უკრაინას გრძელი გზა აქვთ გასავლელი ანტიკორუფციული ძალისხმევის მხრივ.

[დევიდ ნუსბაუმის ხმა] "ჩვენ იმედისმომცემ ნიშნად მივიჩნევთ საქართველოსა და უკრაინაში მშვიდობიანი რევოლუციების შემდეგ კორუფციასთან დაწყებულ ბრძოლას. თუმცა ისიც გვესმის, რომ ორივე ქვეყანას მრავალწლიანი თანმიმდევრული რეფორმები დასჭირდება, თუ იმ პირობის შესრულება სურთ, რომელიც კორუფციასთან მებრძოლმა მათმა მთავრობებმა დადეს."
XS
SM
MD
LG