Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში ლტოლვილთა რაოდენობა შემცირდა


საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ჩატარებული აღრიცხვის მიხედვით, პანკისის ხეობაში ლტოლვილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ხეობაში ლტოლვილის სტატუსით 2554 ადამიანი სარგებლობს. მათ შორის 941 ჩეჩენია, ხოლო დანარჩენი ის ქისტები, რომლებმაც საქართველო გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დატოვეს და საცხოვრებლად ჩეჩნეთში გადავიდნენ. ხელახალი რეგისტრაციის შედეგად, ლტოლვილის სტატუსი 1077 მოქალაქეს მოეხსნა. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ სამინისტროს წარმომადგენლებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების რეალური საფუძველი არ ჰქონდათ.
ლტოლვილის სტატუსმოხსნილი ადამიანების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრო უსამართლოდ მოიქცა, როცა 1077 ადამიანი ყოველთვიური 14-ლარიანი შემწეობისა და თავის რჩენის ერთადერთი საშუალების - ჰუმანიტარული დახმარების - გარეშე დატოვა. სამინისტროს წარმომადგენელთა გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი შეაქვს სოფელ დუისის გამგებელს ჯარაფ ხანგოშვილსაც:
[ჯარაფ ხანგოშვილის ხმა] “მაშინ, თუ ტყუილად იღებდნენ, ეს ხუთი წელი რატომ აძლევდნენ დახმარებას? აქ მარტო ადგილობრივებზე არ არის საუბარი. გვარი შეიძლება “შვილზე” მთავრდებოდა, მაგრამ ისინი ცხოვრობდნენ, ფაქტიურად, ჩეჩნეთში. როგორც მე ვიცი, კომისიის წევრთა პირად დაინტერესებასაც ჰქონდა ადგილი. ისეთი პიროვნებები არიან გარეთ დარჩენილი, 100 პროცენტით რომ ლტოლვილები არიან.”(სტილი დაცულია)
ამ ადამიანებმა, ანუ, როგორც მათ დუისის გამგებელი უწოდებს, “ასპროცენტიანმა ლტოლვილებმა”, დახმარებისთვის სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს. სოზარ სუბარი პრობლემის შესასწავლად პანკისის ხეობაში ჩავიდა, თუმცა ვითარებაში საბოლოოდ გასარკვევად კომისიის შექმნა გახდა საჭირო.
[სოზარ სუბარის ხმა] “ეჭვის საფუძველი, როგორც ჩანს, საკმარისი ჰქონდა სამინისტროს, რომ მათთვის არ მიეცა ლტოლვილის სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მათგანი იჩივლებდა და შემოიტანდა ჩვენთან საჩივარს. რეალურად კი, მხოლო 60-მა კაცმა შემოიტანა, მაგრამ ამ სამოციდანაც 12 საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.”(სტილი დაცულია)
სახალხო დამცველი ამბობს, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება-მოხსნის პროცესი მთელი რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო არის გართულებული. ბევრია ისეთი, ვისაც, კანონის დარღვევით, საქართველოს პარალელურად რუსეთის მოქალაქეობაც აქვს მიღებული. ცალკე საუბრის თემაა ლტოლვილი და ადგილობრივი მოქალაქეების არაოფიციალურ ქორწინებაში გაჩენილი ბავშვების სტატუსი.
[სოზარ სუბარის ხმა] “შეიძლება მათ, მართლაც, ჰქონდათ რუსეთის მოქალაქეობა მიღებული, მაგრამ ეს არის უკანონობა, რადგან, წესით, მოქალაქეობის მიღება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უარს ამბობ საქართველოს მოქალაქეობაზე. უბრალოდ, შესაძლოა, საბუთი კორუფციული გარიგების შედეგად აქვთ მიღებული. ასეთი ეჭვიც შეიძლება გაჩნდეს. არსებობს ასეთი ვარიანტიც: ბევრმა ლტოლვილმა ცოლად მოიყვანა ადგილობრივი გოგონა, მაგრამ ეს არ დაფიქსირდა იურიდიულად, ამიტომ გაურკვეველია, მათი შვილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან...”
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში კი მიიჩნევენ, რომ სტატუსის ჩამორთმევის ყველა შემთხვევაში კომისიის წარმომადგენლები კანონის მოთხოვნით ხელმძღვანელობდნენ. მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, ჩემი თხოვნით, სტატუსის ჩამორთმევის ტიპიურ შემთხვევებს იხსენებს:
[ჯამბულ ხოზრევანიძის ხმა] “კომისიური წესით მოხდა ამათი სტატუსების ჩამორთმევა. საფუძველი: არასწორი დოკუმენტაცია, ყალბი ინფორმაციის მოწოდება; იყო შემთხვევები, როცა ნამდვილი ლტოლვილის საბუთებით მოვიდა სხვა, იყო შემთხვევა, როცა სხვისი ბავშვები მოჰყავდათ... არის შემთხვევა, როცა ლტოლვილს ჰყავს სამი მეუღლე, ადგილობრივი ქისტები, ქორწინება რეგისტრირებული არ არის, მაგრამ ითხოვს მათთვის სტატუსს...” (სტილი დაცულია)
დაბოლოს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრები ადამიანებისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება-მოხსნის კანონიერებას სპეციალურად ამ საკითხისათვის შექმნილი კომისია შეისწავლის. ხოზრევანიძის თქმით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG