Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ხელისუფლება დემონსტრანტებთან მოლაპარაკებას იწყებს?


კვლავინდებურად დაძაბულია ვითარება ყირგიზეთში, სადაც ქუჩაში გამოსული ოპოზიცია და მისი მომხრეები საპარლამენტო არჩევნების განმეორებით ჩატარებას

და პრეზიდენტ ასკარ აყაევის გადადგომას მოითხოვენ. ამ დაპირისპირებას ხშირად ადარებენ "ვარდების" და "ნარინჯისფერ" რევოლუციებად მონათლულ მოვლენებს საქართველოსა და უკრაინაში. მაგრამ ახლა პარალელების გავლებას არ ვაპირებთ - მოვლენები ყირგიზეთში ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, რომ, უბრალოდ, შევეცდებით გავერკვეთ, რა ხდებოდა იქ დღეს, ოთხშაბათს.

ნაშუადღევს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა - ახალმა მინისტრმა - ახსენა მთავრობის უფლება, ძალა გამოიყენოს წესრიგის აღსადგენად. ეს მინისტრი (კენეშბეკ დუშებაევი) დღეს დაინიშნა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, და გენპროკურორი გადადგნენ. პრეზიდენტ აყაევის პრეს-მდივნის განმარტებით, გადადგომის მიზეზი იყო უუნარობა, არ დაეშვათ მღელვარება სამხრეთ ყირგიზეთში.

მაგრამ მღელვარების შესახებ უკვე არა მარტო სამხრეთ ყირგიზეთიდან და, საერთოდ, პროვინციებიდან იუწყებიან (აქვე ვიტყვი, რომ ოპოზიციის მომხრეებს დაკავებული აქვთ მთავრობის შენობები სამხრეთში - ოშში, ჯალალაბადში, კადამჯაიში და ჩრდიილოეთში -ტალასში და კოჩკორში). დღეს დემონსტრაცია გაიმართა დედაქალაქშიც - ბიშკეკში, რომელიც თბილისისა და კიევისაგან განსხვავებით, საპროტესტო აქციების ეპიცენტრი არ არის- ყოველ შემთხვევაში აქამდე.

დემონსტრაცია ბიშკეში პოლიციამ დაარბია, დააკავა ათობით დემონსტრანტი - მათ შორის ახალგაზრდულ მოძრაობა “კელკელის ლიდერი”, ალიშერ მამასალიევი. აი, რა შეიტყო ჩვენმა კორესპონდენტმა მამასალიევისაგან, რომელსაც წინასწარი დაკავების საკანში დაუკავშირდა: [ალიშერ მამასალიევის ხმა] “დღეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია “კელკელი” იყო მშვიდობიანი მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი (...) მიტინგის მსვლელობაში შეგვიპყრეს, უხეშად შეგვყარეს ავტობუსში. ჩვენთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუციათ, დაკავების მიზეზს ვერავინ გვეუბნება”, ამბობს მამასალიევი, რომლის თქმით, ბიშკეკში დემონსტრაციაზე 26 ადამიანი დააკავეს - ეს რიცხვი დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.

ბიშკეკში დემონსტრაციის დარბევას წინ უსწრებდა ეუთოს მოწოდება, მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისაკენ: [მარკუს მიულერის ხმა] “ახლა აბსოლუტური პრიორიტეტია მცდელობა, აღდგეს წესრიგი, აღდგეს მმართველობა, აღდგეს უშიშროების სამსახურის მუშაობა, რათა არ იქნეს დაშვებული ძალადობის ესკალაცია. აქ კი ცენტრში (ბიშკეში) მთავარია დიალოგისაკენ მოწოდება”, განაცხადა დღეს ყირგიზეთში ეუთოს წარგზავნილმა მარკუს მიულერმა. და ქვეყნის ხელისუფლება, როგორც ჩანს, ამჟღავნებს დაილოგისათვის მზადყოფნას: მთავრობის დელეგაცია დღეს ჩავიდა სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად. ხვალ ოშის მოლაპარაკებაში პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი ტანაიევიც უნდა ჩაერთოს.

და რახან ყირგიზეთში დაპირისპირებულ მხარეებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ვახსენეთ, შეგახსენებთ, რომ მხარეებს შუამავლობა შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილმა. შუამავლობისათვის მზადაა ეუთოს თავმჯდომარე დიმიტრი რუპელიც.
XS
SM
MD
LG