Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უმაღლესი რანგის ვიზიტი უკრაინაში


24 მარტს კიევში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად ემზადებოდნენ. თბილისის “ვარდების რევოლუციის” გმირის გარდა,

ამავე დღეს იქ ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციასაც ელოდნენ. კიევში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი უმაღლესი რანგისაა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის დედაქალაქში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობითი დელეგაცია გაჰყვა.ვიდრე ვიზიტის მიზნებზე დეტალურად ვისაუბრებდე, მოვისმინოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან უკრაინაში გამგზავრებამდე გააკეთა . ამ განცხადებით ის გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ მაისში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჩასვლა თბილისში.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “მე არ მაქვს უფლება ეს დავადასტურო, სანამ ამას არ დაადასტურებს თეთრი სახლი. ასე რომ, დაველოდოთ ოფიციალურ შეტყობინებას. თუმცა უნდა ვთქვა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა უპრეცედენტოა და უპრეცედენტოა მთელი რეგიონისთვის. “

ამ რეგიონში კი განსაკუთრებულად გამორჩეული ურთიერთობა საქართველოს უკრაინასთან ჩამოუყალიბდა.

თუ 24 მარტს სომხეთში რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლა სომხეთში რუსეთის წლის გამოცხადებით აღინიშნა, ამავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი კიევს ესტუმრა და, ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის ხელი უნდა მოეწეროს გეგმას , რომლის მიხედვითაც უკრაინაში საქართველოს წელი აღინიშნება. გავრცელებული ცნობებით, ერევანში პუტინი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ახალ როლზე სასაუბროდ ჩავიდა; თავის მხრივ, იუშჩენკოსა და სააკაშვილსაც აქვთ სასაუბრო მნიშვნელოვან რეგიონულ ინიციატივებზე. ცნობილია, რომ მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვან ადგილს სუუამის პრესპექტივებზე მსჯელობაც დაიკავებს.

[დავით კოტარიას ხმა] “ეს არის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც აქამდე არ განხორციელებულა საქართველოსა და უკრაინას შორის.შესაბამისად, ვიზიტი მაღალ დონეზე ტარდება. “

ასე ახასიათებს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს უკრაინაში ამ ქვეყანაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი დავით კოტარია.

უკრაინის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრის გარდა, უკრაინაში საქართველოს მეთაურის სახელმწიფო ვიზიტის პროგრამაში შევიდა სტუმრობა ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ მიხეილ სააკაშვილს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებენ. მაგრამ დავუბრუნდეთ ვიზიტის სხვა, უფრო მნიშვნელოვან, მხარეებს. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა რამდენიმე სამთავრობათშორისო შეთანხმების გაფორმება. ესენია: შეთანხმებები ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ; გავრცელებული ინფორმაციით, დაიგეგმა არალეგალური მიგრანტების დაბრუნების შესახებ ოქმის გაფორმებაც. რაც ყველაზე საყურადღებოა, ფორმდება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი. ხელი ეწერება თანამშრომლობის პროგრამას საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის მხარეს შორის, რის შემდეგაც ოდესის მხარეში აჭარის დღეები გაიმართება.

მანამდე, როგორც უკვე ვთქვით, კიევში საქართველოს წელი იხსნება. ამასთან დაკავშირებით 25 მარტს იქ, ოპერის თეატრში, საათნახევრიანი კონცერტი ჩატარდება. საქართველოს წელი უკრაინაში მარტო კულტურული ღონისძიებებით არ შემოიფარგლება. შედგება ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენების შეხვედრები, ბიზნესფორუმები - ყირიმში, დონეცკში, ოდესაში. ერთი სიტყვით, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები ახალ საფეხურზე ადის. ვიქტორ იუშჩენკოსა და მიხეილ სააკაშვილს კიევში, ალბათ, იმაზეც მოუწევთ საუბარი, თუ რა ცვლილებებს დაუდეს სათავე პოსტსაბჭოთა სივრცეში “ვარდების” და “ნარინჯისფერმა” რევოლუციებმა.
XS
SM
MD
LG