Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აფხაზეთში არსებული სიტუაციის კონტროლს აძლიერებს


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მთავრობის ფორმირების პროცესი დასრულდა. მიუხედავად არსებული შეთანხმებისა იმის თაობაზე, რომ ახალი მთავრობის

პერსონალური შემადგენლობის 40%-ს ვიცე-პრეზიდენტი შეარჩევდა, დე ფაქტო ხელისუფლებაში რაულ ხაჯიმბას რეალურად მხოლოდ ერთი მოკავშირე, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, ჰყავს. აფხაზურ მთავრობაში გამოჩნდა რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალ-ლეიტენანტი ზაიცევი, რომელსაც გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა დაევალა. რა ვითარებაა აფხაზეთში თბილისისა და სოხუმის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების წინ?

ჩვენ ვმუშაობთ და ინტრიგები არ გვაინტერესებს, - აცხადებს სოხუმის აფხაზური ხელისუფლების ლიდერი სერგეი ბაღაფში, რომელიც მთავრობაში არსებული დაპირისპირების ფაქტს უარყოფს. ბაღაფშის ხელმძღვანელობით სოხუმში პირველად შეიკრიბა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს განახლებული შემადგენლობა, რომელმაც აფხაზეთის საზღვრის დაცვის გაძლიერებასა და პროფესიონალი სამხედრო კადრების მომზადებაზე იმსჯელა. ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ამ ამოცანის შესრულება ევალება, აფხაზური მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსი ანატოლი ზაიცევია:

[პაატა დავითაიას ხმა] ,,რუსეთის ჯარების გენერალ-ლეიტენანტის დანიშვნა ეს პირველი შემთხვევაა აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმში. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მანამდე მას ეკავა სირიის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი სამხედრო საკითხებში.” (სტილი დაცულია)

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის იუსტიციის ყოფილი მინისტრის პაატა დავითაიას ინფორმაციით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ასევე დაინიშნა რუსეთის არმიის პირველი რანგის კაპიტანი, რომელსაც საზღვაო ფლოტის გაძლიერება დაევალა.
პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ რუსეთის ამ ტიპის ზეწოლისათვის წინააღმდეგობის გაწევის არანაირი მექანიზმი სერგეი ბაღაფშს არ გააჩნია. რაც შეეხება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დანარჩენ შემადგენლობას, მას არძინბას ხელისუფლებიდან ორი პირი შემორჩა. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, სერგეი შამბამ კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შეინარჩუნა და თბილისთან მოლაპარაკების განახლება დაევალა:

[პაატა დავითაიას ხმა] ,,ბაღაფშს არასდროს არ უნდოდა შამბას დანიშვნა საგარეო საქმეთა მინისტრად, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ძალოვანი სტრუქტურები - ეს არის რუსეთის პრეროგატივა და რუსეთი წყვეტს, თუ ვინ დაინიშნება იქ.” (სტილი დაცულია)

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ამჟამინდელ ხელისუფლებაში სერგეი ბაღაფშის გუნდის აქტიურ წარმომადგენელთა შორის არიან: პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა და ვიცე-პრემიერი ლეონიდე ლაკერბაია. მიუხედავად იმისა, რომ სოხუმში ადგილობრივი მთავრობის წევრთა დაპირისპირების ფაქტს საჯაროდ ყველა უარყოფს, ბაღაფშისა და ხაჯიმბას უთანხმოებაში ეჭვი არავის ეპარება. ამასთან, არსებული ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს მხარს რუსეთის სპეცსამსახურები უჭერენ. საგულისხმოა რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინტერვიუ ვლადისლავ არძინბასთან, რომელიც სერგეი ბაღაფშის პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აფხაზეთში 1937 წლის მსგავსი რეპრესიები იწყება. პაატა დავითაიას ეჭვი ეპარება, რომ, არძინბას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ინტერვიუ რეალობაა:

[პაატა დავითაიას ხმა] ,,ამიტომ ეს არის, ჩემი აზრით, ხაჯიმბას მომხრეების ან თვითონ ხაჯიმბას მიერ გაკეთებული ინტერვიუ, რომელიც, თუ ამის უკან რაღაც სერიოზული ინტერესები დგას, სპეცსამსახურების ბაღაფშისათვის სერიოზული გაფრთხილება იქნებოდა.” (სტილი დაცულია)

ცნობილია, რომ აფხაზური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ანქვაბი პირადად მონაწილეობს ადგილობრივი მილიციის, საბაჟო სამსახურისა და სხვა უწყებების წარმომადგენელთა შემოწმების დაუგეგმავ ოპერაციებში, რომლის მიზანი მოქმედი კლანური დაჯგუფებების წევრთა გამოვლენაა. ბაღაფშის ხელისუფლება ამ ეტაპზე არსებულ უმთავრეს მიზნად სწორედ წესრიგის დამყარებას და ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას ასახელებს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების კონცეფციის შექმნას და თბილისთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებასაც სწორედ ამ საფუძველზე აპირებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG