Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ათწლიანი პატიმრობის კანონიერებაზე საოლქო სასამართლო იმსჯელებს


უახლოეს ხანში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის სასამართლო პროცესი თბილისის საოლქო სასამართლოში გადაინაცვლებს. დავით მირცხულავა

თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობაში მონაწილეობის გამო დამნაშავედ უკვე ცნო მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ და ყოფილ მინისტრს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ მირცხულავას ადვოკატები არც საოლქო და არც უზენაესი სასამართლოებისგან უკვე არსებული გადაწყვეტილების შეცვლას არ ელიან და მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს იმედი აქვთ, პირველი ინსტანციის განაჩენი ყველა დონეზე ჯერ უშუალოდ საქართველოში უნდა გასაჩივრდეს.

დავით მირცხულავა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ყველაზე მკაცრად დასჯილი წარმომადგენელია. იმას, რომ ქართული სასამართლო პროკურატურას ყოველთვის არ ეთანხმება, სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის პროცესზე მხოლოდ იმით გამოიხატა, რომ პროკურატურა მირცხულავას დასჯას 12 წლიანი პატიმრობით ითხოვდა, განაჩენში კი - 10 წელი ჩაიწერა.
საგულისხმოა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილი, რომელიც მთლიანად ეთანხმებოდა კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით შეიარაღებული ხელისუფლების მოქმედებას, დამნაშავეთა მკაცრად დასჯას მხარს აქტიურად უჭერდა. დავით მირცხულავასთვის ათწლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხებში კი უკვე გარკვეული ეჭვი შეინიშნება:

[ქუჩაში გამოკითხულთა ხმები] ,,ათი წელი ნამდვილად არ ეკუთვნოდა, რასაც ის აკეთებდა, იმას აკეთებენ ახლა სხვებიც.” ,,სასამართლო ექვემდებარება მთავრობას, მთავრობა კიდევ სააკაშვილია.” ,,მარტო დავით მირცხულავა არ არის დამნაშავე ამ საკითხში.” ,,მირცხულავას დონის და უფრო მაღალი თანამდებობის პირები უარესს აკეთებდნენ და ისინი დღეს თავისუფლად დადიან. ყველაზე თავმდაბალი კაცი გაწირეს.” ,,მე ის უფრო მაინტერესებს, უმაღლესი ეშელონების პასუხისმგებლობის საკითხი.” ,,ეს არის პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან, თუკი მიმდინარეობდა კორუფციასთან ბრძოლა, უნდა დასჯილიყო მთელი მინისტრთა კაბინეტი, შევარდნაძის ჩათვლით.” (სტილი დაცულია)

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ადვოკატები რაიონული სასამართლოს განაჩენს თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ადვოკატ ეკა ბესელიას ინფორმაციით, დავით მირცხულავას საქმესთან დაკავშირებით დაცვა ფლობს ყველა საჭირო არგუმენტს, თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნება განაპირობებს:

[ეკა ბესელიას ხმა] ,,წარმოუდგენელია, რომ რამე დაემატოს, იმიტომ რომ ყველაფერია აბსოლუტურად დადებული და ეს არგუმენტები, უბრალოდ, არ არის გაზიარებული, იმიტომ რომ არ უნდათ. თორემ არაფერი არ დაემატება ამას, ვერ დაემატება, უბრალოდ.” (სტილი დაცულია)

დავით მირცხულავასთვის ათწლიანი პატიმრობის მისჯის საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა 1998-99 წლებში სომხეთიდან მიღებული ელექტროენერგიის დავალიანების საკითხი. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში თავად სომხეთი არანაირ პრეტენზიას არ გამოთქვამს. გადარიცხული ვალი, სომხური მხარის თანხმობით, მიიღო მისმა პარტნიორმა რუსულმა კომპანიამ, რომლის წარმომადგენლებმა თავად სომხეთს თანხის მხოლოდ ნაწილი გადაურიცხეს. ანუ, როგორც ადვოკატები განმარტავენ, მირცხულავას ედავებიან იმაში, რაც ერთმანეთში სომეხმა და რუსმა პარტნიორებმა უნდა გაარკვიონ.
თავად დავით მირცხულავას ოჯახი აცხადებს, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს. ჩვენთან საუბრისას ყოფილი მინისტრის ქალიშვილმა ნანა მირცხულავამ შურისძიებითი მართლმსაჯულება მოიხსენია:

[ნანა მირცხულავას ხმა] ,,ეს არ არის ჩემი ოჯახის, მამაჩემის პირადი პრობლემა და ტრაგედია. ეს არის ქვეყნის ტრაგედია, რომელშიც ხელისუფლებას, კერძოდ, მართლმსაჯულებას და სასამართლოს, პირდაპირი გაგებით, თვალი აქვს ახვეული და დათო იმიტომ აირჩიეს, რომ ყველა რევოლუციას სჭირდება მსხვერპლი.” (სტილი დაცულია)

სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის პატიმრობის კანონიერების საკითხს უკვე განიხილავს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, რომლის გადაწყვეტილება, ადვოკატთა ინფორმაციით, შესაძლოა, უახლოეს ხანში გაირკვეს. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საოლქო და შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოები მირცხულავასთვის გამოტანილ განაჩენს უცვლელად დატოვებენ, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მოქალაქის, დავით მირცხულავას, სარჩელის განხილვა მოუწევს. საგულისხმოა, რომ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, ყოფილი მინისტრი მეექვსე საპყრობილეში გადაიყვანეს, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დავით მირცხულავას დაბრუნება კატეგორიულად სწორედ სტრასბურგმა მოითხოვა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG