Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაუღებელმა წვიმამ მაღალმთიანი სოფლები დააზარალა


ერთკვირიანმა გადაუღებელმა წვიმამ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ისედაც მძიმე ყოფა კიდევ უფრო დაამძიმა. ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე

ადიდებულია მდინარეები, რამდენიმე ასეულ ჰექტარზე დატბორილია სახნავ-სათესი სავარგულები; აჭარის, გურიისა და იმერეთის მაღალმთიან რაიონებში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო კვლავ აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო პირველი აპრილის ღამეს მოსულმა თოვლმა ყაზბეგის რაიონი სრულ იზოლაციაში მოაქცია. რა მდგომარეობაა სტიქიის შემოტევის შედეგად დაზარალებულ რაიონებში და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს უამინდობა?

კოკისპირულმა წვიმამ ყველაზე მეტად ხულოს, ვანისა და საჩხერის რაიონის მაღალმთიანი სოფლები დააზარალა. ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ხოლო კალაპოტიდან გადასულმა მდინარეებმა ათასობით ადამიანი წლის მოსავლის გარეშე დატოვა. მასშტაბურ კატასტროფას გადაურჩა საჩხერის რაიონული ცენტრი, სადაც წყალმა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები დატბორა. რაიონის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფელ ჭალოვანშია შექმნილი:

[ზურაბ ცერცვაძის ხმა] „ერთი სოფელი გვაქვს, მაღალმთიანი სოფელი ჭალოვანი, სადაც საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მეწყერი და, ფაქტობრივად, ეს სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს. სერიოზული საშიშროება ემუქრება ერთ სახლს, უკვე დაძრულია მეწყერი და სათავსო ნაგებობებს აქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა, ამიტომ იქ არის ღონისძიებები გასატარებელი.“ (სტილი დაცულია)

ღონისძიებების გატარებას, ანუ სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაც აპირებს, თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, მთავრობა მხოლოდ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს შეეწევა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „ჩვენ გვაქვს პრინციპი, თუ საცხოვრებლად უვარგისია, მაშინ ვეხმარებით ჩვენ თანამოქალაქეებს სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადასვლაში, მაგრამ შედარებით მცირე ზარალის ანაზღაურებას ვერ შევძლებთ.“

ასევე მძიმე მდგომარეობაა შექმნილი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სადაც, პირველი აპრილის ღამეს მოსული დიდი თოვლის გამო, კვლავ ჩაიკეტა მოძრაობა მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა ასევე შეზღუდულია ზუგდიდი-მესტიისა და ქუთაისი-ლენტეხის საავტომობილო გზებზე:

[რომან დალაქიშვილის ხმა] „რთული მდგომარება შეიქმნა მესტიის მიმართულებით, უღელტეხილზე. სამხედრო გზაზე რჩება ძველი რეჟიმი, ძალიან რთულად მიმდინარეობს წმენდა იმის გამო, რომ თოვლი დატკეპნილია და ძნელია მისი წმენდა. მუშაობას ისიც ართულებს, რომ ზვავებით გამოვსებულია გვირაბები.“

რაც შეეხება ყაზბეგს, ეს რაიონი დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით თუ დაუკავშირდება. რაიონის გამგებლის გიორგი ქირიკაშვილის თქმით, ჯვრის უღელტეხილი ამდენი ხნით არასოდეს ჩაკეტილა:

[გიორგი ქირიკაშვილის ხმა] „ამდენი ხნით ჯვრის უღელტეხილი არ ჩაკეტილა. ტრაქტორი მოძრაობს, მაგრამ გვირაბებში უჭირს შესვლა. სავსეა თოვლით. ახლაც თოვს და სინოპტიკოსებიც ამბობენ, ამინდი კიდევ უფრო გაუარესდებაო.“

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი კი, მართლაც, არასახარბიელოა. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ოპერატიული პროგნოზირების სამსახურის თანამშრომლის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, უამინდობა, სულ ცოტა, ოთხ-ხუთ აპრილამდე გაგრძელდება.

[სვეტლანა ნიორაძის ხმა] „ამ დღეებში ჩვენ ჯერჯერობით ტემპერატურის მომატებას არ ველოდებით. 4-5 აპრილამდე შენარჩუნებული იქნება სამხრეთის ციკლონის მოქმედება და ნალექი როგორც დასავლეთში, ისევე აღმოსავლეთში. შეიძლება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი თოვლის სახითაც მოვიდეს. ტემპერატურა პლუს ერთიდან პლუს ექვსამდე იქნება.“

თუმცა, ამინდის ჭირვეულობის გარდა, რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფას მწვავე ენერგოდეფიციტიც ამძიმებს. ვისაც პერიფერიაში მცირე ხნით მაინც უცხოვრია, არ ესწავლება: უამინდობა აქ უდენობასაც ნიშნავს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG