Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სკანდალი თავდაცვის მინისტრის ირგვლივ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 6 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სენაკში ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობის საძირკვლის ჩასხმაში. ირკალი ოქრუაშვილის განცხადებით, ახალი ბაზის საფუძველზე

შეიარაღებული ძალებისთვის საუკეთესო პირობები შეიქმნება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 9 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

სანამ მინისტრი სენაკში ახალი სამხედრო ბაზის საძირკველს ასხამდა, თბილისში პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ირაკლი ოქრუაშვილის საქმიანობას აფასებდნენ.

ირაკლი ოქრუაშვილი ახალი სკანდალის ცენტრში მოექცა. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა განცხადების მიუხედავად, "საგურამოს სამხედრო ბაზასთან დაკავშირებული ინციდენტი ამოიწურაო", 6 აპრილს რიგით კუკავასთან დაკავშირებულმა სკანდალმა ახალი ძალით იფეთქა. ორშაბათს მესამე სექტრის სამი გავლენიანი წარმომადგენლის - თინათინ ხიდაშელის, დავით დარჩიაშვილისა და პაატა ზაქარეიშვილის პრესკონფერენციას თავდაცვის სამინისტროში შექმნილ არაჯანსაღ ვით რებასთან დაკავშირებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში რიგითი კუკავას უფლებების დარღვევაში გამოიხატა, მინისტრი სამშაბათს "ტელეიმედის" ეთერით გამოეხმაურა. მან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ამ ადამიანებს "რუსეთის სპეცსამსახურის აგენტები" და "ახალი მემარჯვენეების ლიდერის მიერ მართულები" უწოდა. [ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] „ დაახლოებით სამი დღის წინ შეიკრიბა ეს სამეული და არა მხოლოდ ისინი და მოითათბირეს ამ სტრატეგიაზე, რომ მასირებული თავდასხმა დავიწყოთ თავდაცვის სამინისტროზე. მე ეს არ მადარდებს და სულ არ ვნერვიულობ. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ მიდგომით მთლიანად კვდება სულისკვეთება ჯარში.“ ამ განცხადებას 6 აპრილს გამართულ პრესკონფერემციაზე ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე გამოეხმაურა, რომლის აზრითაც, დაუშვებელია, თავდაცვის სფეროს გაუწონასწორებული ფსიქიკის მქონე ადამიანი ხელმძღვანელობდეს: [ დავით გამყრელიძის ხმა] „ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ნამდვილად არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე მანიაკი, რომელიც დღეს სათავეში უდგას ძალიან სერიოზულ უწყებას. შეგახსენებთ მის ქმედებებს თუნდაც, როცა ის იყო გუბერნატორი. მითხარით თუნდაც ერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ავტომატით და კომუფლიაჟით დარბის საროსკიპოებში და თვითონ აკავებს დამნაშავეებს.“ არასამთავრონო ორგანიზაციების წარმომადგენლები ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების კომენტირებისას ისტორიულ ექსკურსს არ აკეთებენ და მხოლოდ ბოლო განცხადებით შემოიფარგლებიან. თუმცა, პაატა ზაქარეიშვილს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება მაინც კომუნისტური პერიოდის ტრადიციას ახსენებს: [ პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "ჩვენ ვაფასებთ მათ ქცევას, ისინი ქცევაში ვერ „გვიჭერენ“ და იარლიყებს გვკიდებენ. ეს არის ტიპიური შემთხვევა საბჭოთა აზროვნებისა - ცუდი ხარ, რადგან კოჭლი ხარ ან ბრმა...საქმეზე ვილაპარაკოთ: იყო თუ არა წამება? - ამაზე ვილაპარაკოთ. სიტყვაზე, რომც ვიყო გამყრელიძესთან... იყო თუ არა წამება? ამაზე ვილაპარაკოთ. ეს არის მნიშვნელოვანი.“
დავით დარჩიაშვილის აზრით კი, სამწუხაროდ, ელისუფლება კვლავ შეთქმულების თეორიით მოქმედებს და სამოქალაქო სექტორის აქტიურობის უკან მითიურ მტერს ხედავს: [დავით დარჩიაშვილის ხმა] „ ძალიან დაბალი წარმოდგენა უნდა გქონდეს საკუთარ საზოგადოებაზე, რომ ასე იფიქრო. ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ გაიზარდნენ პოლიტიკურ პროცესში გარკვევა-გაურკვევლობის თვალსაზრისით. კი, ეს არ არის მაღალი პოლიტიკური კულტურის საზოგადოება, მაგრამ მოვლენების ასეთი იაფფასიანი ახსნით, ასეთი პასუხით კრიტიკაზე - არა მგონია, ვინმეს გული მოიგონ.“

აქვე გეტყვით, რომ ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, ირაკლი ოქრუაშვილი დღემდე მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს. თუმცა, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრთა არც თუ სახარბიელო ბედს გავიხსენებთ - თენგიზ კიტოვანმა რამდენიმე წელი ციხეში გაატარა, ვარდიკო ნადიბაიძე საქართველოს გაეცალა, დავით თევზაძე კი დღეს თავად არის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამბიციური ირაკლი ოქრუაშვილის პერსპექტივა მაინც და მაინც საიმედოდ არ გამოიყურება. მით უფრო იმ ფონზე, როცა თავდაცვის ფონდში შესული თანხების კანონიერება ძალიან დიდ კითხვის ნიშანს ბადებს.

ადრე თუ გვიან, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ხელისუფლებას მოუწევს ისევე, როგორც იმის ახსნა, თუ რა მიზნით იქნება ე.წ. რეზერვისტების ბანაკები მაშინ, როცა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდები უკვე ქართული „დედოვშჩინის“ მიზეზით, პოლიგონის ნაცვლად ჰოსპიტალში ხვდებიან.
XS
SM
MD
LG