Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოანე პავლე მეორის დაკრძალვამდე რომი ქაოსმა მოიცვა


ვატიკანი ემზადება რომის პაპის იოანე პავლე მეორის დაკრძალვისათვის, რომელიც პარასკევს გაიმართება. პონტიფიკთან გამოსათხოვებლად რომში რამდენიმე მილიონმა ადამიანმა მოიყარა თავი.

ამასთან, რომში უპრეცედენტო ზომებს ღებულობენ, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება მსოფლიოს ორასამდე ლიდერისა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ხვალინდელ დაკრძალვის ცერემონიაში. ქუჩებში გამოვა ათეულ ათასობით პოლიციელი. მინდა გიამბოთ ამ სამზადისისა და რომის ქუჩებში მყოფი ადამიანების განწყობის შესახებ.


ყველაზე ჩვეულებრივ დღეებშიც კი ხალხმრავლობა რომის ქუჩებში და ამით გამოწვეული საცობები კარგად ნაცნობი სურათია. მაგრამ ის, რაც ამ დღეებში ხდება იტალიის დედაქალაქში, ყოველგვარ წარმოდგენას აღემატება. რომში კვირის განმავლობაში თავი მოიყარა მსოფლიოდან ჩასულმა დაახლოებით 4 მილიონმა ადამიანმა, რათა პატივი მიაგონ რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს, რომლის ცხედარსაც პარასკევს მიაბარებენ მიწას.

რომის მცხოვრებმა ჟან პიერ დერნისმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ვატიკანის გარშემო მოძრაობა და ცხოვრება შეუძლებელი გახდა:

[ჟან პიერ დერნისის ხმა]”ადამიანებს, ვინც ბორგო რიოში, ვატიკანთან ახლომდებარე რაიონში, ცხოვრობენ, არც დღე და არც ღამე არ სძინავთ, რადგან აქ ასობით და ათასობით ადამიანი რიგებად არიან გამწკრივებულნი. მე გუშინ ვეცადე ჩავმდგარიყავი რიგში, რათა მენახა პაპის ცხედარი, მაგრამ ორი საათის შემდეგ ხელი ჩავიქნიე. ჩემი ინტერესი და რწმენა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მთელი ღამის განმავლობაში, 12 საათი, ვმდგარიყავი რიგში და მეორე დღეს სამსახურში აღარ წავსულიყავი.”

მაგრამ ასეთი ”უნებისყოფოები” რომში უმცირესობაში არიან. უმრავლესობა - როგორც ჩამოსული პილიგრიმების, ისე რომის მცხოვრებლებისა - კვლავინდებურად ცდილობს შეაღწიოს ვატიკანში. თუმცა ბევრი, ალბათ, ამას ვეღარ შეძლებს. პილიგრიმების სიმრავლის გამო ოთხშაბათს პოლიცია იძულებული გახდა, აეკრძალა რიგში ჩადგომა და უკან გაებრუნებინა ათასობით პილიგრიმი, რომელთა შორის ეს ახალგაზრდა იტალიელი ქალიც აღმოჩნდა:

[იტალიელი ქალის ხმა] ”მთელი შუადღე დაგვჭირდა, რათა ტრამვაით ამ ადგილამდე მოგვეღწია და ახლა მათ კარები დაგვიკეტეს.”

პილიგრიმთა შორის ძალიან ბევრია პოლონური წარმოშობის ადამიანი, რომლებიც მთელ ღამეებს იმის მოლოდინში ატარებენ, უკანასკნელი პატივი მიაგონ თავიანთ თანამემამულე კაროლ ვოიტილას, პირველ არაიტალიელ პაპს 550 წლის მანძილზე. პოლონელ პილიგრიმთა შორისაა ვარშაველი ონდრჟეი ბემბინსკიც:

[ონდრჟეი ბემბინსკის ხმა]”მე არ შემეძლო არ მოვსულიყავი აქ. ჩემი ცოლი პარიზიდან ჩამოვიდა, მე კი - ვარშავიდან. ჩვენთვის რომის პაპი არის რწმენა, ხოლო რწმენა ყველაზე დიდი რამაა დედამიწის ზურგზე.”

უკვე ცნობილია, რომ პარასკევს რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას 200-მდე პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, სამეფო გვარის ცნობილი წარმომადგენელი და მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიური ლიდერი დაესწრება. ოთხშაბათს რომის პაპთან გამოსათხოვებლად რომში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, მისი მამა და ბილ კლინტონი ჩავიდნენ. მსოფლიოს ლიდერთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რომში დაცვის უპრეცედენტო ზომებს ღებულობენ. ქუჩებში გამოსულია ათეულ ათასობით პოლიციელი. იტალიის დედაქალაქის თავზე აიკრძალა თვითმფრინავების გადაფრენა, ქალაქში განთავსებულია საზენიტო დანადგარები.

დაბოლოს, პარასკევს რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია ვატიკანის დროით 10 საათზე დაიწყება და 4 საათს გასტანს. თუმცა ამის შემდეგაც პილიგრიმები და უცხური მედიის წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა ასევე სარეკორდო ნიშნულს აღწევს, ვატიკანში კიდევ დარჩებიან, რათა თვალი ადევნონ რომის ახალი პაპის არჩევნებს, რომელიც 18 აპრილს დაიწყება. ასე რომ, რომი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება, როგორც რომაელები უწოდებენ, ”კაპუტ მუნდი”, ანუ ”მსოფლიოს დედაქალაქი”.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG