Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ


მოუწევთ თუ არა სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება? - ამ, ერთი შეხედვით, მარტივ კითხვაზე საქართველოს

განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობასა და კოლეჯის მოსწავლეთა მშობლების ადვოკატებს ერთმანეთისაგან განსხვავებული პასუხები აქვთ. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ, თბილისის საოლქო სასამართლოს 5 აპრილის განჩინების საფუძველზე, კოლეჯის მოსწავლეებს სამედიცინო უნივერსიტეტში მოსახვედრად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომელთა თქმით, ადვოკატმა სასამართლოს განჩინების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.

სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეები 5 აპრილამდეც ამტკიცებდნენ, რომ მათთვის უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სავალდებულო არ არის. თუმცა, ამის მიუხედავად, კოლეჯის მოსწავლეთა მშობლების ადვოკატმა ონისე მებონიამ საოლქო სასამართლოში მაინც გაასაჩივრა განათლების მინისტრის ის წერილი, რომლითაც ალექსანდრე ლომაია სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს რამაზ ხეცურიანს ავალებს, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა საფუძველზე, გააუქმოს კოლეჯის გამოსაშვები გამოცდები, რათა კოლეჯის მოსწავლეებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალება მიეცეთ:

[ონისე მებონიას ხმა] „სასამართლომ ჩათვალა, რომ განათლების მინისტრის 2005 წლის 11 მარტის წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, მას არა აქვს იურიდიულად სავალდებულო ძალა და მას არ მოჰყვება არანაირი სამართლებრივი შედეგი.“(სტილი დაცულია)

ონისე მებონიას თქმით, რადგანაც სამედიცინო კოლეჯში გამოსაშვები გამოცდები მინისტრის წერილის საფუძველზე გაუქმდა, ხოლო წერილი სასამართლომ ადმინისტრაციულ აქტად არ ცნო, კოლეჯის მოსწავლეებს სრული უფლება აქვთ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად, კოლეჯის გამოსაშვები გამოცდები ჩააბარონ. განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ლევან გახელაძე საოლქო სასამართლოს განჩინების ამგვარ განმარტებას პროვოკაციას უწოდებს:

[ლევან გახელაძის ხმა] „ეს არის პროვოკაცია, სხვა ამას არ შეიძლება დავარქვათ. საქმე ისაა, რომ ბოლო სარეზოლუციო ნაწილში სასამართლო პირდაპირ ადგენს, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წერილთან დაკავშირებით სარჩელის მიღებაზე ეთქვათ უარი. ასე რომ, ადვოკატების განცხადება იმის თაობაზე, რომ მათ რაღაც მოიგეს, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. საქმე ბევრად უფრო ბანალურადაა: ქალაქ თბილისის საოლქო სასამართლომ სარჩელის მიღებაზე უარი განაცხადა!“

ლევან გახელაძის თქმით, სასამართლოს განჩინების შინაარსი ასევე კარგადაა ცნობილი სამედიცინო კოლეჯის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც შეფასებებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში რეგისტრაცია უკვე გაიარეს. სამინისტროს მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი კოლეჯის 155-მა მოსწავლემ გამოთქვა. ბევრმა მათგანმა ამგვარი გადაწყვეტილება საპროტესტო აქციებში პოლიტიკოსების ჩართვის შემდეგ მიიღო:

[კოლეჯის მოსწავლის ხმა] „ამ აქციებით არაფერი გამოვა, უკვე დავრწმუნდით. იმიტომ რომ გუშინ გაიჟღერა ასეთმა ფრაზებმა: „ძირს ბატონი პრეზიდენტი! წინ შალვა ნათელაშვილი!“ მე პირადად მგონია, რომ ეს არ არის კარგი და არ ვეთანხმები. გადავწყვიტე აღარ დავდგე ამ აქციებზე...“

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კოლეჯის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა წინააღმდეგობა შეწყვიტეს. მათი უმეტესი ნაწილი პოზიციის შეცვლას არ აპირებს:

[ქალბატონის ხმა] „ჩვენ ვართ მართლები და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. ეროვნულ გამოცდებზე გასვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვართ მართლები და ვაღიარებთ, რომ ვართ აბიტურიენტები. არადა, არ ვართ ჩვენ აბიტურიენტები, ჩვენ ვართ სტუდენტები. ამიტომ გავაგრძელებთ აქციებსაც, შიმშილობასაც..."
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG