Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზოცია სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეებისთვის გამონაკლისის დაშვებას ითხოვს


ფრაქცია „კონსერვატორების“ ინიციატივა, რომელსაც, „რესპუბლიკელების“ გამოკლებით, პარლამენტში წარმოდგენილი მთელი ოპოზიცია უჭერს მხარს,

2005 წლის იანვარში მიღებულ „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამ ინიციატივის თანახმად, სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეებმა, სხვა აბიტურიენტებისგან განსხვავებით, უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად ერთიანი ეროვნული გამოცდები არ უნდა ჩააბარონ. „კონსერვატორთა“ თქმით, კოლეჯის მოსწავლეები, გამონაკლისის სახით, მხოლოდ ზოგად უნარ-ჩვევებსა და სპეციალურ დისციპლინებში უნდა გამოცადონ. როგორ უყურებენ ამ ინიციატივას თავად კოლეჯის მოსწავლეები და რა ბედი ელის ოპოზიციის წინადადებას პარლამენტში?


ფრაქცია „კონსერვატორების“ ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის კურსდამთავრებულებმა, სხვა აბიტურიენტებისაგან განსხვავებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები არ უნდა ჩააბარონ. დეპუტატთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვითარება მარტივად განიმუხტება, თუკი კოლეჯის მოსწავლეებს, უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად, მხოლოდ ზოგად უნარ-ჩვევებსა და სპეციალურ დისციპლინებში გამოცდიან.

[კახა კუკავას ხმა] „ჩვენ კოორდინირებულად ვმოქმედებდით ამ საკითხებში, აბსოლუტურად იდენტური პოზიცია გვქონდა, სხდომათა დარბაზიც ერთად დავტოვეთ, კანონპროექტზეც ერთად შევთანხმდით და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ კანონპროექტს. ასევე იმედი გვაქვს მაჟორიტართა ფრაქციისა და უმრავლესობის ნაწილის მხარდაჭერის.“

ასევე იმედიანად არიან განწყობილნი თავად კოლეჯის მოსწავლეები, რომლებმაც ერთი თვის წინ დაწყებული შიმშილობის აქცია შეწყვიტეს.

[კოლეჯის მოსწავლის ხმა] „ხომ გვაბრალებენ, თითქოს შიმშილობით ზეწოლას ვახდენთ ხელისუფლებაზე. ახლა, როცა შიმშილობა შევწყვიტეთ, ამას ვეღარ იტყვიან და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ჩვენთის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებენ.“

თუმცა უნდა ითქვას, რომ, კოლეჯის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მსგავსად, გამოცდებთან დაკავშირებით პოზიცია არც პარლამენტის უმრავლესობას შეუცვლია. დეპუტატი ელენე თევდორაძე სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისკენ მოუწოდებს:

[ელენე თევდორაძის ხმა] „მათ პრობლემა არ ექნებათ, აბსოლუტური ხელშეწყობა ექნებათ. პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში ექნებოდათ შეღავათები, მაგრამ ასე ჯიუტად თქმა, რომ მაინც არ ჩავაბარებ, მათ გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.“(სტილი დაცულია)

იმისათვის, რომ „კონსერვატორების“ ინიციატივა პარლამენტმა მიიღოს, ანუ შევიდეს შესწორება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, 79 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. არადა, ოპოზიცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გაცილებით მცირე მასშტაბითაა წარმოდგენილი.

[კახა კუკავას ხმა] „დარწმუნებული არ ვართ წარმატებაში, მაგრამ შანსი არის იმისა, რომ 79 ხმა შეგროვდეს.“

შანსი არის, მაგრამ საკმაოდ მცირე, და ამის შესახებ ყველაზე კარგად თავად კოლეჯის მოსწავლეთა მშობლებმა უწყიან.

[ქალბატონის ხმა] „ჩვენ აღარაფრის იმედი არ გვაქვს. ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ მხარდაჭერა, გვერდში დგომა და დაინახონ თუ რა ბარბაროსულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენი შვილები აბსოლუტურად დაუცველები არიან.“

ამასობაში კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საბუთების შეტანის ვადა იწურება. განათლების სამინისტროს განმარტებით, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც 11 აპრილამდე არ გაივლიან რეგისტრაციას, უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის თეორიული შანსიც აღარ ექნებათ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG