Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვიდან დისტანცირებული მოლდოვას ხელისუფლება სწორებას დასავლეთზე იღებს


მიმდინარე წელს მოლდაველმა კომუნისტებმა ხელისუფლების შენარჩუნება სწორედ იმ მომენტში შეძლეს, როდესაც მათი ყურადღება, მოსკოვის ნაცვლად, ბრიუსელზე

აღმოჩნდა ფოკუსირებული. ასეთი 180 გრადუსიანი შემობრუნება იმას მოასწავებს, რომ მოლდავეთი დაიღალა მჭიდრო ეკონომიკური თანმშრომლობის თაობაზე მოსკოვის ამაო დაპირებებით. რუსეთისგან დისტანცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩიხური ვითარებაა, რომელიც სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონთან კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში შეიქმნა. მაგრამ რამდენად თანმიმდევრულია მოლდოვა დასავლური კურსის განხორციელებისას და რეალურად რა კეთდება ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად?.

6 მარტს მოლდაველ კომუნისტთა ლიდერი ვლადიმირ ვორონინი მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. თუმცა 2005 წლის ჩამოსხმის მოლდაველი კომუნისტები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან 2001 წლის დროინდელთაგან. ოთხი წლის წინ მოლდაველმა კომინისტებმა არჩევნები იმის ხარჯზე მოიგეს, რომ ხალხს რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებით სიღარიბისა და დნესტრისპირეთის სეპარატიზმის დამარცხებას ჰპირდებოდნენ. მოლდაველი კომუნისტების დაპირება წელსაც იგივეა, თუმცა მიზნის მიღწევას ამჯერად ისინი დასავლეთის დახმარებით შეეცდებიან. ლონდონში არსებული ”ეკონომისტ ინტელიჯენს იუნიტის” ანალიტიკოსი სტიუარტ ჰენსელი მიიჩნევს, რომ მოლდაველი კომუნისტებისა და ვორონინის ასეთი სწრაფი მეტამორფოზა პრაგმატული მოსაზრებებით არის ნაკარნახევი და არა იდეოლოგიური კურსის შეცვლით.
[სტიუარტ ჰენსელის ხმა]”როდესაც კომუნისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ მოსკოვთან თანამშრომლობით ბევრს მიიღებდნენ, მაგრამ მოსკოვის დახმარება შემაშფოთებლად მცირე აღმოჩნდა. ახლა ფიქრობენ, რომ რუსეთმა მათი იმედი ვერ გაამართლა, რომ ის მეტისმეტად უსუსური გამოდგა საიმისოდ, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტი მოეგვარებინა. აქედან გამომდინარე, კომუნისტებში თავი იჩინა განწყობამ, რომ მოლდავეთს ევროპასთან თანამშრომლობით მეტი სარგებლობის მიიღება შეუძლია.”

კიშინიოვსა და დნესტრისპირეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება ეუთოს, რუსეთისა და უკრაინის თანადგომით, მრავალი წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობს. შარშან რუსეთმა მოლდავეთს გამოსავლად დნესტრისპირეთთან ერთად ერთიანი ფედერალური სახელმწიფოს შექმნის იდეა შესთავაზა, რაზეც ვლადიმირ ვორონინმა კატეგორიული უარი განაცხადა და დნესტრისპირეთიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა მოითხოვა. რადიო ”თავისუფლების” მოლდავეთის სამასახურის უფროსი ვასილე ბოტნარუ ფიქრობს, რომ რუსეთისადმი უნდობლობასა და დასავლეთზე ორიენტაციას მოსკოვი ვორონინს არ აპატიებს:
[ვასილე ბოტნარუს ხმა] ”ვორონინს არავითარ შემთხვევაში არ აპატიებენ, რომ მან ერთი წლის წინ, 2004 წლის ნოემბერში, ჩაშალა პუტინის დაგეგმილი ვიზიტი ამ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად და რომ რუსეთის ჯარს საოკუპაციო ჯარები უწოდა. ეს, შესაძლოა, ბუნებრივი იყო საქართველოს ლიდერისთვის, მაგრამ ვორონინის შემთხვევაში არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომ რუსეთის მისამართით ასეთი მკვეთრი განცხადებები არ უნდა გაკეთებულიყო. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში დნესტრისპირეთის ფაქტორი იქნება ერთგვარი იარაღი, რომელიც ჩეხოვის პიესისა არ იყოს, კედელზე ჰკიდია, მაგრამ ადრე თუ გვიან გაისვრის.”

მოსკოვიდან მოსალოდნელი ზეწოლის განეიტრალებას კიშინიოვი სიტყვით, ევროპულ სტრუქტურებში მჭიდრო ინტეგრაციით, რეგიონულ ორგანიზაცია სუუამში გააქტიურებითა და მოლდავეთში რეფორმების გატარებით ცდილობს. ვასილი ბოტნარუს თქმით, ვლადიმირ ვორონინი, მართლაც, ცდილობს გაათავისუფლოს საზოგადოება კომუნისტური იდეოლოგიის მარწუხებისაგან, მაგრამ ასეთი თვითწმენდისათვის მოლდაველ კომუნისტთა ლიდერი არცთუ დემოკრატიულ ფორმებს მიმართავს.

[ვასილე ბოტნარუს ხმა] ” 4 წლის განმავლობაში ვორონინი აქტიურად ცდილობდა აღედგინა ეკლესია-მონასტრები, იგი ლიბერალია თავისი შეხედულებებით, განსაკუთრებით ეკონომიკაში; მისი შვილიც კი ლიბერალური ეკონომიკის ტიპიური წარმომადგენელია. ვორონინი ცდილობს, დაარწმუნოს თავისი მომხრეები გადავიდნენ სოციალ-დემოკრატიულ პლატფორმაზე. თუმცა ეს ცვლილება, ვორონინის შემთხვევაში, ძალიან მარტივად ხდება: მას დიდი რეიტინგი აქვს, იგი ქარიზმატული ლიდერია და საკმარისია მან უთხრას თავის ამომრჩევლებს, ხვალიდან ისლამი უნდა იწამოთო, რომ ისინი მეორე დღესვე დაიწყებენ ალაჰზე ლოცვას.”

დასავლელი ექსპერტები სიფთხილით ეკიდებიან მოლდაველ კომუნისტთა განცხადებებს, რომ ისინი რეფორმებს გაატარებენ. მარტის არჩევნებმა ვორონინი და მისი პარტიული კოლეგები დაარწმუნა, რომ მხოლოდ პროევროპული პლატფორმაც კი საკმარისია გამარჯვების მისაღწევად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG