Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არ ურჩევს საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვას


12 აპრილს, სოხუმიდან დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სტივენ მანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ამ დახურულ შეხვედრებზე კონფლიქტების მოგვარების პრობლემატიკასთან ერთად საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას. ლაპარაკია მაგისტრალურ გაზსადენზე, რომლის რუსეთისთვის მიყიდვა აქვს განზრახული საქართველოს ხელისუფლებას.

საქართველოზე გამავალი მაგისტრალური გაზსადენის რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომისთვის” მიყიდვის იდეის მთავარ იდეოლოგად სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე გამოდის. როგორც ცნობილია, იგი ყველაფრის გაყიდვას აპირებს, სინდისისა და სახელმწიფო სიმბოლიკის გარდა.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს ის, რაც წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს თვითიდენტიფიკაციის სიმბოლოს.”

მაგისტრალური გაზსადენი ასეთი სიმბოლო არ არის, მაგრამ, მისი მყიდველის ვინაობის გათვალისწინებით, ქართველი და უცხოელი ექსპერტები ამ ეტაპზე გაზსადენის განსახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოდიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს კასპიის ენერგეტიკულ საკითხებში, სტივენ მანს, არასდროს დაუმალავს თავისი პოზიცია ამ საკითხის მიმართ, რომელიც მან 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც გაუზიარა.

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სტივენ მანმა “დელიკატურად ურჩია” საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც შემდეგში პრობლემებს შექმნის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

[ლიანა ჯერვალიძის ხმა] ”გაზპრომის მაგისტრალურ მილსადენებში შემოსვლა, გაზის მაგისტრალური მილსადენების მისთვის მიყიდვა აუცილებლად გააძლიერებს რუსულ ინტერესს და ეს კი გავლენას მოახდენს არა მარტო ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, არამედ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სტაბილურობაზეც და შეიძლება ეს კონფლიქტში მოვიდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან.”

ეს არის ლიანა ჯერვალიძეც, კასპიისპირეთის ენერგეტიკული რესურსების და სატრანზიტო გზების საკითხების ექსპერტი. მისგან განსხვავებით, გეოპოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური, თუმცა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე თამამად საუბრობს:

[ნიკა გილაურის ხმა] “სანამ არ მოხდება გაზის მოწოდების დივერსიფიცირება, მე წინააღმდეგი ვარ პრივატიზაციაზე ლაპარაკის.”

ამ საკითხებზე მსჯელობისთვის 13 აპრილს სასტუმრო ”თბილისი-მარიოტში”, კონრად ადენაუერის ფონდის ინიციატივით, ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეძლებენ თუ არა ისინი მაგისტრალური გაზსადენის ბედთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას, ეს ახლო მომავალში გახდება ნათელი.
XS
SM
MD
LG