Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მეორე, „ანტიბიუროკრატიულ“, რევოლუციას აწყობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის მთავარი ეკონომიკური თემა პრეზიდენტის მიერ ”მეორე რევოლუციად” შერაცხული ინიციატივები გახდა. ხელისუფლება გამოდის ახალი, ანტიბიუროკრატიული,

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, რომლის არსიც თავად პეზიდენტმა სააკაშვილა შემდეგნაირად განმარტა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მთავარი არსი ამ ანტიბიუროკრატიული კანონის არის ძალიან მარტივი – რევოლუცია მოახდინა ხალხმა და ვინაიდან რევოლუციამდე ხალხისთვის წესებს ადგენდა ბიუროკრატია, ახლა ხალხი დაადგენს წესებს ბიუროკრატიისა და სამოხელეო აპარატისათვის.“
პრეზიდენტის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს ბიზნესისათვის მთელი რიგი ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნას, იმ სახელმწიფო ორგანოების გაუქმებას ან მათი მოქმედების შეჩერებას, რომლებიც მეწარმეობის განვითარებისათვის კარგა ხანია სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს და რომლებიც, ძირითადად, კორუფციული სქემებით არიან დაკავებული. ახალი პროექტით, ამიერიდან გაუქმდება ან გამარტივდება სხვადასხვა სახის საქმიანობაზე ლიცენზირებისა თუ ნებართვების სისტემა. დღემდე ლიცენზირება მოქმედებდა რამდენიმე ასეული დასახელების პროდუქციისა თუ მომსახურების წარმოებაზე, რაც, რიგ შემთხვევაში, სრულ აბსურდამდე მიდიოდა. ამგვარ ”ეგზოტიკურ” და კომიკურ ნებართვებზე ცოტა ხნის წინ სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძეც საუბრობდა:
[კახა ბენდუქიძის ხმა] ”საქართველოში არსებობს, მაგალითად, ლიცენზია ”ვეტერინარული საქმიანობისა ცხოველების სილამაზის სალონებში ” ან ”საქმიანობა ცხოველების სასტუმროებში”. არის, მაგალითად, ”საქართველოში საქართველოს კულტურული ფასეულობის შემოტანის ნებართვა”, ანუ საქართველოში კულტურული ფასეულობის შემოტანა არის სისხლის სამართლის დანაშაული.”
ამიერიდან ამგვარი ”ეგზოტიკური” ლიცენზიები აღარ იარსებებს. მთავრობა აპირებს პრეზიდენტის ინიციატივა ერთი თვის ვადაში კანონპროექტად აქციოს და საკანონმდებლო ხელისუფლებას წარუდგინოს. ხელისუფლების პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დარეგულირებას და ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გაუქმებას, რამაც, ხელისუფლების აზრით, საბოლოო ჯამში, ბიზნესის წარმოება საქართველოში გაცილებით მარტივი უნდა გახადოს და ხელი შეუწყოს მომხიბლავი საინვესტიციო გარემოს ფორმირებას. მიხეილ სააკაშვილმა ამ პროექტის პრეზენტაციისას ისაუბრა კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც ბიზნესის იურიდიულ გაფორმებასა და ფირმების რეგისტრაციის გართულებულ პროცედურასთან არის დაკავშირებული.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „საწარმოების რეგისტრაცია ხდება სასამართლოებში და კიდევ რამდენიმე სხვა ადგილზე. ადამიანს უხდება 15-20-ჯერ მისვლა ერთი საწარმოს რეგისტრაციისათვის. ბიზნესი რომ დაიწყოს საქართველოში, იმის მაგივრად, რომ ეს მოხდეს 2 საათში, ხშირ შემთხვევაში, ეს ხდება 2-3 თვე. დამთავრდა ეს. ბიზნესის დარეგისტრირება უნდა მოხდეს მაქსიმუმ 2-3 საათში. გადაწყვიტა ადამიანმა, რომ შექმნას ბიზნესი – უნდა წავიდეს და შექმნას.“(სტილი დაცულია)
მთავრობის კანონპროექტი უმოკლეს ვადაში მზად იქნება და პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ მას არც პარლამენტში შეხვდება წინააღმდეგობა. ბიზნესის წარმომადგენლები მიესალმებიან იმას, რომ ლიცენზირებისა და ნებართვების სისტემა მნიშვნელოვნად მარტივდება, ბიზნესის წამოწყება ადვილდება, ხოლო ბიუროკრატიას მისთვის ჩვეული სამოქმედო არეალი და მეწარმეებზე ზეწოლის მექანიზმები ეკვეცება. თუმცა, ექსპერტთა აზრით, ეს ინიციატივები კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ და მას სათანადო გარემოს ფორმირებაც უნდა მოჰყვეს. ბიზნესისათვის, მართლაც, სასიცოცხლო მნიშვნელობა ქვს ზედმეტი ბარიერების მოშლას, მაკონტროლებლების რადიკალურ შემცირებას და ბაზარზე შესვლისათვის პირობების გამარტივებას, მაგრამ მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია გამართული და საყოველთაო ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემის არსებობა, მთავრობის მიერ დადგენილი თამაშის წესების მკაცრი დაცვა, საკუთარი ბიზნესის უსაფრთხოება და კერძო საკუთრების, როგორც საბაზრო ეკონომიკის ფუძემდებლური ბაზის, პრიმატი. თუ სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯები ამ მიზნის მიღწევისაკენ იქნება მიმართული, ხელისუფლების მიერ მრავალგზის დეკლარირებული სამეწარმეო გარემოს მაქსიმალური ხელშეწყობის სურვილი შეიძლება, მართლაც, რეალობად იქცეს.
XS
SM
MD
LG