Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურად გერმანელი კარდინალი იოზეფ რაცინგერი აირჩიეს


გერმანელი კარდინალი იოზეფ რაცინგერი რომის კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურად აირჩიეს. სამშაბათს საღამოს, 17 საათსა და 50 წუთზე,

რომის წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათასობით მორწმუნე ტაშითა და შეძახილებით შეეგება სიქსტეს კაპელის საგანგებო საკვამურიდან ამოსულ თეთრ კვამლს, რომელიც, ტრადიციულად, ახალი პაპის არჩევის მაუწყებელია. ათი წუთის შემდეგ წმიდა პეტრეს ტაძრის ზარებმა დაადასტურა, რომ კარდინალთა კონკლავმა შეკრებიდან 24 საათის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო.

[ისმის წმიდა პეტრეს ტაძრის ზარები]

გავიდა კიდევ 35 წუთი და პაპის აპარტამენტის აივნიდან მოედანზე შეკრებილთ მიმართა ჩილელმა კარდინალმა ხოსე არტურო მედინა ესტევესმა, რომელმაც მომლოდინე ბრბოს ლათინურ ენაზე უთხრა, დიდ სიხარულს გაუწყებთ: პაპი გვყავსო.

[ხოსე არტურო მედინა ესტევესის ხმა]

შემდეგ აივანზე თავად პაპი, ბენედიქტე მეთექვსმეტე გამოჩნდა და მორწმუნე კათოლიკეებს მიმართა თხოვნით, მისთვის ილოცონ, შემდეგ კი დასძინა:

[ბენედიქტე მეთექვსმეტის ხმა] "ძვირფასო ძმებო და დებო, დიდი პაპის, იოანე პავლე მეორის მემკვიდრედ კარდინალებმა მე ამირჩიეს - უფლის ვენახის ერთი უბრალო და მორჩილი მუშაკი."

რომის პაპად 78 წლის ბენედიქტე მეთექვსმეტის არჩევა კათოლიკური ეკლესიისთვის მძიმე პერიოდს ემთხვევა. მორწმუნეთა რიცხვი მცირდება როგორც ევროპაში, ისე შეერთებულ შტატებში. ეკლესიის არაერთი დასავლელი წევრი რეფორმების გატარებას მოითხოვს, მათ შორის ლიტურგიაში ქალების როლის გაზრდას, კონტრაცეფციისა და განქორწინების საკითხებში მოქმედი მკაცრი წესების შერბილებას.

მაგრამ როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ვარაუდობს, ბენედიქტე მეთექვსმეტე რეფორმებს არ გაატარებს. ჯერ კიდევ ორშაბათს, ვიდრე 115 კარდინალი კენჭისყრის ჩასატარებლად სიქსტეს კაპელაში შეიკრიბებოდა, იოზეფ რაცინგერმა (მაშინ მას ჯერ კიდევ ამ სახელით მოიხსენიებდნენ) ჩაატარა წირვა, რომელზეც "რელატივიზმის დიქტატურაზე" ისაუბრა და დაიცვა ფასეულობები, რომლებსაც ეკლესია, ტრადიციულად, აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიიჩნევს. ეს აშკარა მინიშნება იყო იმაზე, რომ პაპად არჩევის შემთხვევაში იგი არ განახორციელებდა ცვლილებებს, რომლებსაც დასავლელ კათოლიკეთა პროგრესული ნაწილი მოითხოვს.

თუ წინა პაპი, იოანე პავლე მეორე თავის სამშობლოში, პოლონეთში, საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა, ბენედიქტეს მიმართ გერმანიაში განსხვავებულ დამოკიდებულებას შეხვდებით. ბევრი ფიქრობს, რომ ვატიკანის მიერ რაცინგერის გავლენით მიღებული არაერთი ედიქტი სერიოზულად აფერხებს დასავლეთში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებს და ეწინააღმდეგება ძალისხევას, რომელიც მიმართულია გერმანიის უმსხვილესი პროტესტანტული სარწმუნოების, ლუთერანიზმის გაერთიანებისკენ.

ზოგის აზრით, ახალი პაპის არჩევით დასრულდება რეფორმისტული მოძრაობა, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიაში მეოცე საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო - უფრო ზუსტად კი 1958 წელს, როცა რომის პაპად იოანე ოცდამესამე აირჩიეს.
XS
SM
MD
LG