Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მეშვიდე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა


თბილისში მეშვიდე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა. ასეთი გამოფენები საქართველოში ყოველწლიურად იმართება, თუმცა ამით დიდად არ გაზრდილა უცხოელი

სტუმრებისა თუ ქართველი ტურისტების რიცხვი. არადა, როგორც ცნობილია, საქართველო ტურისტული პოტენციალით სახელგანთქმული იყო ყოფილ სოციალისტურ სივრცეში. მაგრამ ჯერჯერობით არათუ ამ სივრცეში დაბრუნება ვერ ხერხდება, არამედ შიდა ბაზარიც თითქმის აუთვისებელია. ქართული ტურისტული ბაზრის მდგომარეობას ნათლად ასახავს საგამოფენო ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიაში” გახსნილი ტურისტული გამოფენა.

[ხმაური საგამოფენო დარბაზიდან]

ქართული ფოლკლორული სიმღერები, ფშაური და აჭარული ჰანგები, ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები და მოდელები, საქართველოს ულამაზესი პეიზაჟების ფოტოები და ათასგვარი სარეკლამო პლაკატები ერთმანეთში ირევა. გამოფენის ყველა მონაწილე სხვადასხვა ფორმით ცდილობს ყურადღების მიქცევას. მთამსვლელები “ექსპო-ჯორჯიის” პავილიონის სახურავზე ჩამოკიდებულან და ასე ახდენენ მთამსვლელისთვის საჭირო მოწყობილობის სიმტკიცის დემონსტრირებას. აჭარის რეგიონი აჭარული ცეკვით ხიბლავს მნახველებს და ასე შემდეგ.

[ისმის აჭარული მუსიკა]

პირველი, რაც თვალში მომხვდა”ექსპო-ჯორჯიის” პავილიონში შესვლისას, იქ, სადაც ტურისტული გამოფენაა მოწყობილი, დამთვალიერებლების სიმრავლეა, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდების სიმრავლე. მე ზოგიერთ მათგანს გავესაუბრე და ვკითხე, რამ მიიყვანა ტურისტულ გამოფენაზე.

[ახალგაზრდების ხმა] ”ჩვენ უცხო ენების ინსტიტუტში ვსწავლობთ საერთაშორისო ტურიზმზე და დაგვაინტერესა და მოვედით, ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მე მგონი...

ყველაფერი გვაინტერესებს, რაც ჩვენს პროფესიას ეხება. განსაკუთრებული არაფერი, ყველაფერი ძალიან კარგი იყო და ყველაფერს გამოვიყენებთ მომავალში. - საქართველოში თუ ხართ ნამოგზაურები? ... არა, ჯერ არ ვართ.”

ამ გოგონების, ტურიზმის მომავალი მენეჯერების, ნათქვამიდანაც ჩანს, რომ საქართველოში შიდა ტურიზმიც განუვითარებელია. ეს გამოფენა სწორედ ქართველი მომხმარებლების ტურისტული ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოეწყო და მასში არ მონაწილეობენ ის კომპანიები, რომლებიც მხოლოდ უცხოელი ტურისტების მომსახურებას ეწევიან. თუმცა იმ კომპანიების მომხმარებლებიც, რომლებიც ქართველ ტურისტებზეც არ ამბობენ უარს, ძირითადად, მაინც უცხოელები არიან.

[ნათია მულაძის ხმა] ” სამწუხაროდ, უცხოელი ტურისტების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ქართველების. ქართველებისთვის ასეთი ეროვნული პარკი და ბუნებაში ხეტიალი ნაკლებად მიმზიდველია...”

ეს არის ნათია მულაძე, ბორჯომის ეროვნული ტყე-პარკის ვიზიტორების სამსახურის უფროსი. დაახლოებით იმასვე ამბობს თუშეთში ტურისტების მომსახურებით დაკავებული ნუგზარ იდოიძეც:

[ნუგზარ იდოიძის ხმა] ”წელს 3 მარშუტი გვაქვს დამუშავებული თუშეთის ეროვნულ პარკში და ყველაფერი გვექნება მზად, როგორც კი სეზონი დაიწყება. უცხოელი ტურისტები უკვე რამდენიმე წელია ჩვენთან დადიან.”

ქართველი ტურისტების სიმცირის გარდა, არის სხვა პრობლემებიც, რომელზეც გამოფენაში მონაწილე კომპანიები ნაკლებად საუბრობენ. თუმცა, თუ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ტურისტული პროდუქტების მიხედვით ვიმსჯელებთ, გამოფენაზე არ ჩანს სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი და ასე შემდეგ, ნათელი ხდება რომ საქართველოში არცთუ ხელსაყრელი გარემოა შექმნილი ტურისტული ბიზნესის გასავითარებლად. ტურისტული გამოფენის ორგანიზატორის ნინო გამრეკელის კომენტარი:

[ნინო გამრეკელის ხმა] ”რა თქმა უნდა, ძალიან ბევრმა ვერ მიიღო მონაწილეობა, ძალიან ბევრი რეგიონიდან ვერ ჩამოვიდა სასტუმრო თუ ტურისტული კომპლექსი გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, იმიტომ რომ არ არის ინფრასტრუქტურა.”

მიუხედავად ამ და სხვა პრობლემებისა, საქართველოში ტურიზმი კეძო ინიციატივების ხარჯზე მაინც ვითარდება და ყოველწლიურად ახალ-ახალი ტურისტული ობიექტები იხსნება. ტურისტულ გამოფენაში მონაწილე ერთი ასეთი ტურისტული ცენტრი მცხეთაში საქართველოს კარგად მცოდნე დეპუტატის ნიკო ლეკიშვილისთვისაც კი სიახლე აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG