Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მოსწავლეთა ვებსაიტების კონკურსი მიმდინარეობს


საქართველოს საშუალო სკოლების კომპიუტერიზაცია განათლების რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. მოსწავლეების თანამედროვე საინფორმაციო

ტექნოლოგიების სფეროში ჩაბმას ისახავს მიზნად ”ახალგაზრდა ვებდიზაინერთა კონკურსი”. ამ კონკურსის ორგანიზება გაზეთმა ”ნავიგატორმა” და ვებსტუდია ”აი-ტი-დი-სიმ” ითავა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა და რეგისტრაცია გაიარა 40-ზე მეტმა მოსწავლემ. გესაუბრებით მოსწავლეთა ამ ვებკონკურსისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

[ისმის მუსიკა]

ინტერნეტი, გლობალური საინფორმაციო ქსელი, სათავეს ამერიკის სასწავლო დაწესებულებებიდან იღებს. ჩვენთან, საქართველოში კი, ინტერნეტი - ინფორმაციის გავრცელების, ელექტრონული ბიზნესის, განათლებისა და სხვა უამრავი სერვისის საშუალება - ჯერაც მიუწვდომელია ბევრი სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლისთვის. თუმცა ამას სულაც არ გაუნელებია მოსწავლეებისა და სტუდენტების ცხოველი ინტერესი თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში საქმიანობას დამოუკიდებლად, კერძო ინიციატივის ხარჯზე, ახორციელებენ. ასეთი კერძო ინიციატივების წასახალისებლად და ხელშესაწყობად ვებსტუდია ”აი-ტი-დი-სიმ” და გაზეთმა “ნავიგატორმა” მოსწავლეთა ვებკონკურსის გამართვა გადაწყვიტეს.

[ირაკლი ქაშიბაძის ხმა] ”ძალიან ბევრი ინტერნეტგვერდი ჩნდება ქართულ ინტერნეტში, ზუსტად სკოლის ასაკის ბავშვების გაკეთებული, ძალიან საინტერესო პროექტები, და ზუსტად ამ კონკურსით გვინდოდა სტიმული მიგვეცა, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ ვებდიზაინში, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაში, ქართული ინტერნეტის განვითარებაში...” (სტილი დაცულია)

ეს არის ირაკლი ქაშიბაძე, გაზეთ ”ნავიგატორის” მთავარი რედაქტორი. მოსწავლეთა ვებკონკურსის კიდევ ერთი ორგანიზატორის, ვებსტუდია ”აი-ტი-დი-სის” დირექტორის, მამუკა მონავარდისაშვილის კომენტარი:

[მამუკა მონავარდისაშვილის ხმა] ”რამდენიმე წელიწადში, როდესაც საჭიროება ქართული ინტერნეტისა იქნება ყველასთვის გასაგები და აქტუალური, ამ დროისათვის ჩვენ ვამზადებთ ამ ბავშვებს იმისათვის, რომ ეს არის საჭირო საქმე და თავისთავად ახალი კადრების მომზადებას ხელს ვუწყობთ.”(სტილი დაცულია)

[მუსიკა]

ასეთი ვებკონკურსები, ოღონდ ყველა თაობის ვებდიზაინერებისთვის, საქართველოში 1998-2000 წლებში სოროსის ფონდის ინტერნეტის განვითარების პროექტის ფარგლებში იმართებოდა ხოლმე. მან მართლაც შეუწყო ხელი ქართული ინტერნეტრესურსების გამრავალფეროვნებას და ბევრ საინტერესო პროექტს ჩაუყარა საფუძველი. მათ შორისაა ქართული ვებსაიტების საძიებო კატალოგები ”ჯერესი” და ”ქართული კომი”, ასევე სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო რესურსები და ვებსერვისები.

მე მოსწავლეთა ვებკონკურსის მონაწილეებს გავესაუბრე და ვკითხე, რა შინაარსის საიტებით წარდგებიან ვებკონკურსზე. ჯერ 183-ე სკოლის მეთერთმეტე კლასელ სანდრო მელიას, შემდეგ კი პირველი კლასიკური გიმნაზიის მეთერთმეტე კლასელ გიორგი ნიქაბაძეს მოვუსმინოთ:

[სანდრო მელიას ხმა] ”საერთოდ ვაპირებ პირველი ქართული ანტივირუსის გაკეთებას. და ვნახავ როგორ განვითარდება პროექტი. თუ ხალხს მოეწონება, გავაგრძელებ შემდეგ. ეს ვებსაიტების კონკურსია, მაგრამ თვითონ კონტენტი და საიტი იქნება ანტივირუსის შესახებ.”

[ჯინგლი]

[გიორგი ნიქაბაძის ხმა] ”საერთოდ ინფორმატიკაზე ვაპირებ ჩაბარებას და თანაც კლასიდან მაქვს შემოთავაზება, რომ გავაკეთო კლასის საიტი და რახან ვაკეთებ, აქაც განვათავსებ.”

”ახალგაზრდა ვებდიზაინერების კონკურსის” შედეგები 5 მაისს გამოცხადდება. გამარჯვებულს პრიზად ერგება ციფრული ფოტოაპარატი, ინტერნეტში უფასოდ შეღწევის საშუალება, სტაჟირება ”აი-ტი-დი-სის” სტუდიაში და სხვა. მეორე ადგილზე გასული ვებსაიტის ავტორს კი ციფრული კალამი შეხვდება. პრიზები გათვალისწინებულია მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასული მოსწავლეებისთვისაც.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG