Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოვებენ თუ არა საქართველოს რუსი სამხედროები


თბილისში ელოდებიან დოკუმენტს, რომელშიც რუსეთის მხარემ საქართველოდან საკუთარი სამხედრო ბაზების გაყვანის პირობები უნდა წარმოადგინოს. ეს პირობები უახლოეს

დღეებში უნდა გახდეს ცნობილი. გადაჭრით არავის შეუძლია თქვას, რომ ბაზების გატანის ვადებსა და პირობებთან დაკავშირებით რუსეთის წინადადებები საქართველოსთვის მისაღები იქნება; ამდენად, მტკიცება იმის, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ამასწინანდელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხი გადაწყდა, ნაადრევია. როგორც ჩემთან საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ, ნიკა რურუამ, აღნიშნა, სერგეი ლავროვი და სალომე ზურაბიშვილი მოსკოვში შეთანხმდნენ იმაზე, რომ მომავალში შეთანხმდებიან.

[ნიკა რურუას ხმა] “რეზულტატებზე ლაპარაკი ნაადრევია. საზოგადოება არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი. შეთანხმდნენ იმაზე, რომ შეთანხმდებიან. რეალურად რუსეთს თავისი პოზიცია არ წარმოუდგენია და ვერ ვიტყვით, რომ, წარმოდგენის შემთხვევაში, იგი საქართველოს მხარის მიერ მოწონებულ იქნება. “

ნიკა რურუას ინფორმაციით, ბაზების გაყვანის ვადებსა და პირობებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას რუსეთი საქართველოს 3 დღეში წარმოუდგენს. ხოლო ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანის საბოლოო გრაფიკი რომ მხარეებს შორის აპრილის ბოლოსთვის უნდა იყოს შეთანხმებული, ამას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი აღნიშნავს.

რუსეთი კი საკუთარ წინადადებებს ჯერ არ ახმიანებს. ცნობილია მხოლოდ, რომ საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზების გაყვანა 2-3 წელიწადში მას უკვე დასაშვებად მიაჩნია. “ ამ ამოცანის გადასაჭრელად 11-14 წელი გვჭირდებოდა. თუმცა მუშაობის 5 -მა წელმა გვიჩვენა, რომ ამ საკითხში საგრძნობლად წავიწიეთ წინ. 2-3 წელი სრულიად საკმარისი იქნება თემის მთლიანად ამოწურვისთვის,” - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ლოშჩინინის განცხადებაში. ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულება სწორედ ბაზების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ გაფორმდება, ბაზების პრობლემა კი, თავის მხრივ, ისე უნდა გადაწყდეს, რომ ჯარების გამოყვანა ცარიელ მინდორში არ მოხდეს, რათა რუსმა სამხედროებამ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება შეძლონ. რა იგულისხმება აქ, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ბაზების გაყვანის სანაცვლოდ რუსეთი საქართველოში ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის მომხრეა, ამასთან დაკავშირებით კი საქართველოს პოზიცია ასეთია:

[ნიკა რურუას ხამ] “ბაზების გატანა არის მთავარი და ანტიტერორისტული ცენტრი ამ ბაზების გატანის პროცესის შემდეგ უნდა შეიქმნას და არა მანამდე, ის არ უნდა იყოს განლაგებული იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს ბაზებია განლაგებული და არ უნდა იყოს აღჭურვილი შემტევი იარაღით. ის უნდა იყოს უფრო ანალიტიკური ცენტრი.”(სტილი დაცულია)

ნიკა რურუას თქმით, ეს არის მთავარი პირობა. უმთავრესი პირობა კი გახლავთ ის, რომ 2008 წლის პირველ იანვარს საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები აღარ უნდა არსებობდეს. ამ ვადასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა და სერგეი ლავროვმა ჯერ მხოლოდ სიტყვიერ შეთანხმებას მიღწიეს; სიტყვიერად შეთანხმებულია ისიც, რომ პროცესი პრეზიდენტებს შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ უნდა დაიწყოს და ეტაპობრივად წარიმართოს.

“ეს ყველაფერი, ცხადია, უნდა აისახოს დოკუმენტში - როგორც ფრანგები ამბობენ, “ეშმაკები დეტალებშია”,- აღნიშნა მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში და დასძინა: “ მე ფრთხილი შეფასებების მომხრე ვარ. ჩვენი ურთიერთობების ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, მირჩევნია დავრწმუნდე, რომ საბოლოო დოკუმენტში ყველაფერს თავისი ადგილი ექნება მიჩენილი. “

დეტალებში ეშმაკების არსებობა-არარსებობა უახლოეს დღეებში გაირკვევა, მანამდე კი საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პერსპექტივის გამოკვეთას აფახზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ეხმიანება. მისი აზრით, საქართველოდან საკუთარი ბაზების გაყვანა მოსკოვს აიძულებს სამხედრო ბაზების აფხაზეთში განლაგების საკითხის გადაწყვეტა დააჩქაროს. ამას გარდა, ბაღაფშის თქმით, თუ რუსეთი და საქართველო ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე ვერ შეთანხმდებიან, აფხაზეთი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას რუსეთს გუდაუთის სამხედრო ბაზაზე შესთავაზებს.
XS
SM
MD
LG