Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანას 4 წელი დასჭირდება


საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას მინიმუმ ოთხი წელი დასჭირდება, - განუცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა

“როსიისკაია გაზეტას”. გაზეთის კორესპონდენტის მინისტრთან საუბრის მთავარ თემას 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე დაგეგმილ სამხედრო ღონისძიებათა დეტალების დაზუსტება წარმოადგენდა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მინისტრთან ინტერვიუში მაინც დაისვა ისეთი საკითხები, როგორიცაა: რუსეთისა და რუსული არმიის ადგილი მსოფლიო სამხედრო რუკაზე, შავი ზღვის ფლოტი და უკრაინასთან ურთიერთობა, საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ვადები და ა.შ. დღეს ამ უკანასკნელ საკითხზე სერგეი ივანოვის მიერ ზემოხსენებულ ვრცელ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებს გაგაცნობთ.

საქართველოდან რუსეთის ბაზების გასაყვანად 4 წელია საჭირო და ამისათვის აუცილებელი თანხები ჯერჯერობით რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა. გაზეთ “ როსიისკაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ რუსეთს საქართველოდან ბაზების გაყვანაზე უარი არასდროს განუცხადებია და, შესაბამისად, პრაქტიკულადაც ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც 1999 წელს ეუთოს სტამბულის სამიტზე იტვირთა. მინისტრი უკვე შესრულებულ და შესასრულებელ ვალდებულებებს შემდეგი თანმიმდევრობით ჩამოთვლის: დახურულია ორი ბაზა, შეიარაღების რაოდენობა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობაშია მოყვანილი, დაწყებულია და მიმდინარეობს მოლაპარაკება ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. სერგეი ივანოვი იმედოვნებს, რომ ეს მოლაპარაკება უახლოეს ხანში დასრულდება კიდეც და მხარეები კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწევენ. თუმცა რუსეთის თავდაცვის მინისტრი აქვე ხაზს უსვამს იმ ობიექტურ გარემოებას, რომლის გათვალისწინება ქართულ მხარეს უსათუოდ მოუწევს და რომლის გამოც რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანა მხოლოდ 4 წლის ვადაშია შესაძლებელი. ახლა კი უფრო დაწვრილებით იმ მიზეზებზე, რომელიც რუსული მხარის პოზიციას უდევს საფუძვლად. როგორც სერგეი ივანოვი განმარტავს, საქართველოში განთავსებული სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის რუსეთის ტერიტორიაზე გადასაყვანად, შესაბამისი სტრუქტურებისა და ბაზების მოსაწყობად საჭიროა დრო და ფინანსები. მართალია, მინისტრის თქმით, რუსეთი თავის სუვერენიტეტს დაიცავს და არავის შეეკითხება, სად განათავსებს საქართველოდან გაყვანილ ტექნიკასა და ცოცხალ ძალას, მაგრამ ბაზების ნაჩქარევ დემონტაჟს არ აპირებს. სერგეი ივანოვის თქმით, სამხედრო ქალაქების, ოფიცერთა საცხოვრებელი ბინების, არსენალის, ტექნიკის სათავსო პარკების - მოკლედ, მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურის - მოსაწყობი ფინანსური ხარჯები რუსეთის ფედერაციის მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის და, შესაბამისად, დამატებითი დაფინანსება 2006 წლამდე ვერ დაიწყება. ანუ პრინციპი მარტივია: დილით - შეთანხმება, საღამოს - ფული, - ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.
საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროებისა და ტექნიკის გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფას სერგეი ივანოვი მთლიანად ქართულ მხარეს აკისრებს.იგი მიიჩნევს, რომ ბაზების საქართველოდან გასვლით უკმაყოფილო მოქალაქეთა მღელვარების ჩაცხრობა და მათ მიერ დაბლოკილი გზების გაწმენდა ასევე ქართული მხარის საქმეა. გზა თავისუფალი უნდა იყოს. თუ გზას ჩაგვიკეტავენ, არსადაც არ წავალთ. ასკვნის რუსეთის თავდაცვის მინისტრი.
XS
SM
MD
LG