Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო შეერთებული შტატებისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ხდება


გიორგი კაკაბაძე, თბილისი აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გასული კვირის პრესის მთავარი თემაა. დღევანდელ მიმოხილვაში შევეხებით აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორიცაა რუსეთის სამხედრო

ბაზების გაყვანა საქართველოდან, ქვეყნის მთავრობის ზოგიერთი ინიციატივა, აჭარის რევოლუციის წლისთავი და მასმედიის მდგომარეობა საქართველოში.

6 მაისის გაზეთ ”რეზონანსის” თქმით, ”აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტისთვის მზადება თბილისში გამალებით მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში დაჩქარებული ტემპით ტარდება სარემონტო სამუშაოები, ჩაკეტილ რუსთაველზე ასფალტს აგებენ.
ბუშის ვიზიტის დეტალები კი კვლავ უმკაცრესად გასაიდუმლოებულია.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 10 მაისი თბილისის სკოლებში შეიძლება დასვენების დღედ გამოცხადდეს.”

გაზეთის ცნობით, ”სად უმასპინძლებენ მოსკოვიდან მგზავრობით დაღლილ პრეზიდენტს, ჯერჯერობით უცნობია. 10 მაისს შუადღით იგი ქართველ ხალხს თავისუფლების მოედნიდან მიმართავს.”

”პარლამენტისკენ სიტყვით გამოსასვლელად წასულ ჯორჯ ბუშს გზად პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ გიმნაზიის მოსწავლეები პლაკატებითა და დროშებით დახვდებიან.”

”ბუშის ვიზიტის პროგრამის კიდევ ერთი დეტალი, რომლის შესახებაც ინფორმაცია უკვე გავრცელდა - იგი, საკუთარი ინიციატივით, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ეწვევა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი შევარდნაძეს თანაგრძნობას გამოუცხადებს მეუღლის გარდაცვალების გამო და კრწანისის რეზიდენციის ეზოში ყვავილებით შეამკობს ნანული ცაგარეიშვილის საფლავს.”

4 მაისის გაზეთი ”რეზონანსი” გვთავაზობს ეკონომიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის შემდეგ მოსაზრებას: ”ბუშის ვიზიტის სასიკეთო გავლენა რამდენად გრძელვადიანი იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე, ამის თქმა არ შემიძლია. მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების იმპულსურ განწყობებს და გადაწყვეტილებებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში არაადეკვატურ ხასიათს ატარებს. ამ მხრივ ძალიან ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი.”

გაზეთის თქმით, ”ამავე დროს, ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ერთ რამეში თანხმდებიან, რომ ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტი საქართველოს უდავო მხარდაჭერას ნიშნავს.”

”რეზონანსი” წერს: ”რაც შეეხება კონკრეტულ დივიდენდებს, ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაფერი პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაზე და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მის ერთგულებაზე იქნება დამოკიდებული. ფაქტია, რომ საქართველო შეერთებული შტატებისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ხდება და, ექსპერტთა თქმით, მისი წარმატება იქნება ინდიკატორი იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.”

7 მაისის გაზეთ ”24 საათის” თქმით, ”ილუზია იმის თაობაზე, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების 2008 წლის პირველ იანვრამდე გაყვანას დათანხმდებოდა, ხანმოკლე აღმოჩნდა.

მოსკოვს მიაჩნია, რომ ”მიუხედავად პოლიტიკური ნებისა”, ეს ვადა არასაკმარისია.

საქართველოსა და რუსეთის საგარეო მინისტრების მოსკოვში გუშინ გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.”

გაზეთი წერს: ”აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ შეუთანხმებელ საკითხებში პროგრესის არარსებობის გამო, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში არ ჩავა და არც 8 მაისს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს დაესწრება და არც 9 მაისს - გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს.”

7 მაისის გაზეთ ”ხვალინდელი დღის” თქმით, ”აჭარაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღნიშნა, რომ რუსეთთან სამხედრო საკითხებზე ვაჭრობას არ აპირებს და არც ურთიერთობის გამწვავებითაა დაინტერესებული.”

თუმცა, გაზეთის ვარაუდით, ”ან ვაჭრობა, ან ვა-ბანკზე წასვლა - საქართველოს მხარეს ამ ორ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთება, ალბათ, მაინც მოუწევს. პირველი - რუსეთის მიერ შემოთავაზებული ოთხწლიანი გეგმის შემცირებას გულისხმობს, მეორე - საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესრულებას, რაც ბაზების კანონგარეშედ გამოცხადებას ითვალისწინებს და თავისთავად ნიშნავს ურთიერთობის გამწვავებას.”

6 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ბათუმს ეწვივნენ.
რას წერდა პრესა აჭარიდან ასლან აბაშიძის განდევნის წლისთავთან დაკავშირებით?

6-7 მაისის გაზეთ ”ახალი ვერსიის” თქმით, ”აჭარის გათავისუფლების წლისთავს ხელისუფლება პომპეზურად აღნიშნავს... სააკაშვილის ხელისუფლებამ გასული წლის გიორგობისთვის ასლანის ეპოქა დაასრულა.”

გაზეთი წერს: ”ერთი წლის აღსანიშნავად ბათუმელები და დანარჩენი საქართველოც ემზადებოდა, ტელეეთერით ხშირად გვახსენებდნენ ”ასლან-ბაბუს” გაქცევას და პოსტასლანისეული აჭარის აშენება-დამშვენებას.

ოპოზიცია ხშირად იმეორებს, აბაშიძის კლანს ახალი კლანი ჩაენაცვლა, თორემ სხვა მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილაო. თუმცა აჭარა რევოლუციის წლისთავს მაინც პომპეზურად აღნიშნავს. ბათუმში თავად საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთელ მთავრობასაც ელიან.”

თუმცა, როგორც წერილის დასასრულსაა ნათქვამი, ”სახელმწიფო პოლიტიკა სხვაა და ხალხის აზრი სხვა.”

როგორც გაზეთი აღნიშნავს, ”ბათუმს ალამაზებენ, ღებავენ და საზეიმოდ ამზადებენ.

”არაფერიც არ შეცვლილა, პირიქით, გაუარესდა კიდეც მდგომარეობა. ვინც ადრე სადღაც მუშაობდა, დღეს იქიდანაც გაათავისუფლეს”, - ამბობს ბათუმის გაქათქათებით დაკავებული კაცი.”

”მთავრობა ინფორმაციას ”ასაიდუმლოებს”. ამ სათაურით ბეჭდავს 5 მაისის გაზეთი ”24 საათი” წერილს, სადაც ნათქვამია, რომ ”ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებისთვის ”გასაიდუმლოებული” დოკუმენტების გამოცემის უფლების მინიჭება მთავრობის გუშინდელი სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ატეხილმა აჟიოტაჟმა მთავრობის წევრებიც ააღელვა.”

გაზეთი წერს: ”ცხადია, აღნიშნული თემა განსაკუთრებით საინტერესოა მედიისთვის, რომელსაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ინფორმაციის მოპოვება, რეალურად, ისედაც გაურთულდა.”

”როგორც ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, აღნიშნული წესის შემოღება ზოგიერთი დოკუმენტის არასაჯარო შინაარსმა განაპირობა. მისივე თქმით, გრიფით ”საიდუმლო”, დოკუმენტების გაცემა მიღებულია წამყვან ევროპულ ქვეყნებში და ამაში სიახლე არფერია.”

გაზეთის ცნობით, ”თავად მთავრობის სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია გახლდათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა სტიქიით დაზარალებული რეგიონების ხელმძღვანელებს ორი თვის ვადა მისცა მათ რაიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ კონკრეტული ინფორმაციების წარსადგენად.”

”24 საათი” გვაუწყებს: ”როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავრობა, პირველ რიგში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას აღადგენს და დაზარალებულ მოსახლეობას სახლებს შეუძენს.

ფინანსთა მინისტრის ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით კი, უახლოეს მომავალში მთავრობა პარლამენტს ბიუჯეტში ცვლილებებს წარუდგენს, რაც ბიუჯეტიდან დამატებით 20 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. აქედან, ჩეჩელაშვილის თქმით, 15 მილიონი ლარი ხიდების აღდგენას და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მოხმარდება, ხოლო 5 მილიონი ლარით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციები გაიცემა.”

4-5 მაისის გაზეთ ”ახალი ვერსიის” თქმით, ”სააკაშვილის მთავრობას მუნჯი ჟურნალისტები ურჩევნია...მედიაექსპერტები სიტყვის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, სამ მაისს, ქართული მედიის თავისუფლების დაბალ ხარისხზე საუბრობენ. მათი აზრით, ხელისუფლება რეიტინგს პიარის ხარჯზე ინარჩუნებს, პიარის განხორციელებაში კი ხელისუფლებას მედია (განსაკუთრებით ტელევიზიები) ეხმარება. შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია პრესა, რომელიც, არარეიტინგულობის გამო, ხელისუფლებისთვის მსუყე ლუკმას არ წარმოადგენს.”

გაზეთი წერს: ”ვარდების ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის სათავეში სწორედ მედიააქტიურობით მოვიდა, ძალიან კარგად ესმის ჟურნალისტიკის მნიშვნელობა. ამიტომ ხელისუფლებამ გავლენიან მედიასაშუალებებზე კონტროლო დაამყარა. ის მედიაორგანიზაციები კი, რომლებიც ვერასოდეს გახდებოდნენ სააკაშვილის თაყვანისმცემლები, მოიშორა. თუ შევარდნაძის ხელისუფლების დროს საზოგადოება ოპოზიციური არხებიდან კრიტიკულ ინფორმაციას იღებდა, დღეს ცენტრალური ტელეარხები მხოლოდ სააკაშვილისა და მისი ჩინოვნიკების მეხოტბედ გადაიქცნენ.”
XS
SM
MD
LG