Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებამ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება გადაიფიქრა


როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ მასშტაბური პრივატიზაციის წამოწყებისას გამოაცხადა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მთელი ქონების

გაყიდვას აპირებს. საპრივატიზაციო სიაში საქართველოზე გამავალი რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენიც აღმოჩნდა. მაშინ ამ გადაწყვეტილებას დიდი ხმაური მოჰყვა და ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად იცავდა თავის პოზიციას. ახლა ეს პოზიცია შეიცვალა. რატომ?

ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ მაილსმა საქართველოს ხელისუფლებას მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვისაგან თავის შეკავება ურჩია. აი, რა განაცხადა მაშინ ამერიკის ელჩის საპასუხოდ საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა დავით ინგოროყვამ:

[დავით ინგოროყვას ხმა] ”გაზსადენი არ გაიყიდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვახერხებთ მოვიძიოთ შესაბამისი სახსრები, რომ სისტემას რეაბილიტაცია გავუკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, - შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში, - ჩვენ დავდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ ამ მილსადენებს ვეღარ შევინარჩუნებთ.”

მსგავსი პოზიცია ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებსაც. სწორედ ამიტომ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი თემა იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის 10 მაისს გამართულ შეხვედრაზეც. ოპოზიციის ლიდერი დავით გამყრელიძე ჯორჯ ბუშთან საუბრის დეტალებს იხსენებს:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”სიტყვებს შორის პირდაპირ იკითხებოდა, რომ პრეზიდენტი ბუში და მისი ადმინისტრაცია გარკვეულწილად შეშფოთებულია იმ საპრივატიზაციო პოლიტიკით, რომელიც ენერგეტიკულ სექტორში ტარდება: ის დაჩქარებული პრივატიზაცია პრაქტიკულად ნიშნავს მთელი ინფრასტრუქტურის გადასვლას რუსული კომპანიების ხელში, რომლებმაც შეიძინეს როგორც სადისტრიბუციო, ასევე გენერაციის ობიექტები საქართველოში.”

დავით გამყრელიძის ამ სიტყვებს არ ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს არავითარი მინიშნება არ გაუკეთებია. ხოლო საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებით დაინტერესებული ბუშისთვის ბურჯანაძეს უთქვამს, რომ საქართველო არ აპირებს მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას.

ამ დასკვნამდე საქართველოს ხელისუფლებაში მას შემდეგ მივიდნენ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მოხელეებისგან უამრავი რეკომენდაცია და გაზსადენის აღსადგენად საჭირო დაფინანსების გარანტიებიც მიიღეს. დაფინანსება ისევ ჯორჯ ბუშის მიერ დაფუძნებული ”ათასწლეულის გამოწვევის პროგრამიდან” განხორციელდება.

შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ გაზსადენის აღსადგენად საქართველო 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო კიდევ 20 მილიონს - სხვა ენერგეტიკული ობიექტების რეაბილიტაციისთვის. მიუხედავად ამისა, გაზსადენთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არსებობს:

[ნიკა გილაურის ხმა] ”სათუო არ არის, მაგრამ არც საბოლოო გადაწყვეტილება არის ჯერჯერობით.”

ჯერჯერობით ასეთივე გაურკვევლობაა სხვა საპრივატიზაციოდ გამზადებულ ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში, ჯორჯ ბუშის ვიზიტის გაანალიზების შემდეგ, გახდება ნათელი.
XS
SM
MD
LG