Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაემუქრა თუ არა რაიმე საფრთხე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს თბილისში თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას


9-10 მაისს მსოფლიო პრესა საქართველოს დედაქალაქში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გულთბილად დახვედრის ღონისძიებებს აშუქებდა. თბილისი უცხოელი

ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 11 მაისსაც დარჩა, ოღონდ ამჯერად ამის მიზეზი საქართველოსთვის სახარბიელო გარემოება არ ყოფილა. ამ დღეს მსოფლიომ შეიტყო, რომ თბილისში თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართულებით ვიღაცას ასაფეთქებელი საშუალება უსროლია. ეს ინფორმაცია საქართველოს მხარემ უკვე დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული ტრიბუნისკენ ნასროლ ობიექტს პრეზიდენტებისთვის ზიანის მოტანა არ შეეძლო. აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა გააკეთა:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] “არანაირი საფრთხე პრეზიდენტებს არ ემუქრებოდათ, რადგან უახლოესი პერიმეტრი კარგად იყო დაცული. რაც შეეხება ნაპოვნ ობიექტს, ის, სავარაუდოდ, იყო საბჭოური გამოშვების ხელის ყუმბარა რგდ - 5. ეს, როგორც ჩანს, თორემ ადგენენ ზუსტად. “

“პრეზიდენტების ტრიბუნიდან დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში ნაპოვნი ობიექტი არ იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში, ის ელემენტარულად ვერ აფეთქდებოდაო, “ - აღნიშნა ოთხშაბათს დილით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა. იქვე მან ხაზგასმით განმარტა, რომ ხელმყუმბარის აღმოჩენის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს მხარემ ამერიკულ მხარეს მაშინვე, ესე იგი 10 მაისს თავისუფლების მოედანზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლისას, მიაწოდა:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] “ეს იყო ერთობლივი ოპერაცია, ამიტომ ამერიკული მხარე ინფორმირებული იყო მაშინვე, როგორც კი ეს ხელყუმბარა იქნა ნაპოვნი. “

ამას ამბობს გელა ბეჟუაშვილი. ბრიტანული გაზეთი “გარდიანი” კი იტყობინება, რომ 10 მაისს თბილისში ნაპოვნი ობიექტის შესახებ ინფორმაცია ამერიკულ მხარეს ჯორჯ ბუშის თბილისიდან გაფრენის შემდეგ მიეწოდა. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს “ბიბისი”. მის სტატიაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს თავისუფლების მოედანზე ნაპოვნი ობიექტი არ უნახავთ და საქმის შესასწავლად საქართველოში გამოიგზავნენ დამატებითი აგენტები.

დადასტურებული ინფორმაციით, ხელყუმბარა თავისუფლების მოედანზე ჯორჯ ბუშის გამოსვლისას იქნა ნაპოვნი. ამ დროს სწორედ თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა ცნობილი მომღერალი ირაკლი ჩარკვიანი. ვინც პრეზიდენტების გამოსვლას თვალყურს ტელეეკრანებზე ადევნებდა, შეამჩნევდა მას ტრიბუნაზე, პრეზიდენტების ტრიბუნის უკან. როგორც ჩანს, ხელყუმბარის უსაფრთხო ადგილას გატანა შეუმჩნევლად მოხდა. ირაკლი ჩარკვიანს რაიმე ზედმეტი მოძრაობები არ შეუნიშნავს:

[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] “არაფერი არ დამინახავს. არანაირი ჩოჩქოლი არ ყოფილა. “

თუმცა თბილისში ჯორჯ ბუშის ვიზიტის მეორე დღეს ჩოჩქოლი იყო ყოფილ კოლმეურნეობის ბაზართან. როგორც იქვე მცხოვრებმა ქალბატონმა გვიამბო:

[ მოქალაქის ხმა] “ მოვიდნენ შავებში ჩაცმული ბიჭები და გადაკეტეს გზა. იქვე იდგა 07 მარკის უცხო მანქანა და თქვეს, რომ დანაღმული იყო ეს მანქანა. გამოუძახეს სპეციალურ სამსახურს და რაღაც ჩანთა ამოიღეს ამ მანქანიდან. “

ეს ქალბატონიც და სხვა თვითმხილველებიც აცხადებენ, რომ იმ ადგილს, სადაც 07 მარკის ჟიგული იდგა, შემოვლებული ჰქონდა ყვითელი ლენტა წარწერით, რომელიც მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ არაფერი იციან. რაც შეეხება გახმაურებულ ფაქტს, ზუსტად რა იყო 10 მაისს თავისუფლების მოედანზე ნაპოვნი ობიექტი, ვინ და რატომ გამოიყენა ის, ან დაემქურა თუ არა თბილისში რეალური საფრთხე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ყველაფერ ამას ქართული და ამერიკული მხარეები დეტალურად შეისწავლიან.
XS
SM
MD
LG