Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა


საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45,4 პროცენტით გაიზარდა და 620,3 მილიონი

დოლარი შეადგინა. თუმცა ქვეყანაში შემოტანილი პროდუქციის თანხობრივი მაჩვენებელი კვლავაც საგრძნობლად აღემატება გატანილისას. საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ნუსხაში ძველებურად ლიდერობს რუსეთი. თუმცა საინტერესოა, რომ წელს 4 ადგილით დაწინაურდა უკრაინა და მან მე-3 ადგილი დაიკავა. რატომ უნდა უფრთხილდეს ქვეყანა უარყოფით სავაჭრო სალდოს; ძირითადად, რა პროდუქცია გადის და რა შემოდის საქართველოში?

მართალია, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა, აშკარად, გააქტიურდა (და ეს ექსპორტის დაახლოებით 70%-იანი ზრდის ხარჯზე მოხდა), მაგრამ 24,4 პროცენტით გაიზარდა უარყოფითი სავაჭრო სალდოც. ეს კი, მოკლედ, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოტანილი პროდუქციის თანხობრივი მაჩვენებელი გატანილისას კვლავაც მნიშვნელოვნად აღემატება.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ეკონომისტი დავით ნარმანია შეგვახსენებს, რომ იმპორტის უპირატესობა ექსპორტზე მხოლოდ საქართველოს რეალობა არ არის და რომ ამგვარი პრობლემა გაცილებით მდიდარი ქვეყნების წინაშეც დგას. მით უმეტეს, რომ საქართველოსთვის ამგვარი ვითარება ამ ეტაპზე სავსებით ბუნებრივია:

(დავით ნარმანიას ხმა) ”გაჩერებულია ადგილობრივი წარმოება და ასე შემდეგ. მოთხოვნილება მაღალია მოსახლეობის, რაც იწვევს იმას, რომ უფრო მეტი საქონელი უნდა შემოვიდეს საქართველოში, ვიდრე გარეთ გადის.” (სტილი დაცულია)

თუმცა, ამ თუნდაც ბუნებრივი სურათის ფონზე, ეკონომისტის თქმით, გასათვალისწინებელია უსაფრთხოების ზომებიც. საქმე ის არის, რომ, იმპორტის ზრდის პარალელურად, საქართველოში მოთხოვნა იზრდება დოლარზეც და:

(დავით ნარმანიას ხმა) ”რადგან, ასე ვთქვათ, ეროვნული ვალუტა საჭიროა დოლარის შესაძენად, ასეთ შემთხვევაში ეს იწვევს სწორედ კურსზე დამოკიდებულებას. და ამიტომაც, ეროვნულმა ბანკმა თუ არ მიმართა სპეციალურ პოლიტიკას სავალუტო კურსის დაბალანსებისას, შეიძლება ვალუტის კურსი გაუარესდეს და მსყიდველუნარიანობა დაეცეს.” (სტილი დაცულია)

საქართველოდან გატანილი პროდუქციის ნუსხაში, ტრადიციისამებრ, წელსაც შავი ლითონების ჯართი ლიდერობს, რომელსაც მანგანუმი და სპილენძის მადანი მოსდევს. რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას:

(ვახტანგ ფხაკაძის ხმა) ”ნავთობი და ნავთობპროდუქტები პირველ ადგილზეა. ეს, როგორც წესი, ყოველთვის მასეა. წელს პირველად გადმოვიდა მსუბუქი ავტომობილები მეორე ადგილზე და მესამე ადგილზე გვაქვს ბუნებრივი გაზი.” (სტილი დაცულია)

ეს ვახტანგ ფხაკაძეა, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაკროეკონომიკური სტატისტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე. მასთან საუბრისას საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ნუსხის ყველაზე აქტიური სამეულიც გავარკვიეთ:

(ვახტანგ ფხაკაძის ხმა) ”რუსეთია პირველ ადგილზე - დაახლოებით 17 პროცენტი უჭირავს ბრუნვის; შემდეგ მოდის თურქეთი - 15,3 პროცენტი უჭირავს, და შემდეგ მოდის უკრაინა - 7,8 პროცენტით. უკრაინა ამოვიდა ახლა მე-3 ადგილას, თორემ შარშან იყო: რუსეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და აზერბაიჯანი.” (სტილი დაცულია)

არის თუ არა შარშანდელი მე-7-დან მე-3 ადგილზე უკრაინის გადანაცვლება ”ვარდებისა” და ”ნარინჯისფერი” რევოლუციების უშუალო დამსახურება, ეს ძნელი გასარკვევია. შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკრაინიდან საქართველოში შემოტანილი პროდუქციის თანხობრივი მაჩვენებელი დაახლოებით 40 მილიონი დოლარით აღემატება უკუმარშრუტზე გაგზავნილისას. ეს საკითხი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტ მარინა მაჭარაშვილთან დავაზუსტეთ :

(მარინა მაჭარაშვილის ხმა) ”44 მილიონია უკრაინიდან იმპორტი და 3,985 მილიონია ექსპორტი. ძალიან დიდი განსხვავებაა.” (სტილი დაცულია)

დაბოლოს, აქვე ვიტყვი, რომ 2005 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის 25 ქვეყანასთან, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 21 პროცენტით გაიზარდა. ბუნებრივია, აქაც, ძირითადად, იმპორტის ხარჯზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG