Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბაზებთან დაკავშირებული ეშმაკური თამაში გრძელდება


გიორგი კაკაბაძე, თბილისი დღევანდელი საქართველო რომ არაერთი პრობლემის წინაშე დგას, ამას გასული კვირის პრესაც ადასტურებს. და ეს პრობლემები მოიცავს როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, ისე საგარეო ურთიერთობებსაც,


დაწყებული რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანით და დამთავრებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზებით.

გასული კვირის დასაწყისში პრესა აქტიურად საუბრობდა რუსეთის სამხედრო ბაზების თემაზე. 17 მაისის გაზეთ ”ხვალინდელი დღის” თქმით, ”რუსეთის ბაზებთან დაკავშირებული ეშმაკური თამაში გრძელდება”.

გაზეთი წერს: ”როცა ბაზების გაყვანის შესახებ რამდენიმეწლიანი უნაყოფო მოლაპარაკებისა თუ იწილო-ბიწილოს შემდეგ საქართველოს მხარემ ულტიმატუმი წამოაყენა, რუსეთმა გაქნილი დიპლომატიური სვლები დაიწყო. თანაც, ყოვლად ხეპრული, სოლდაფონური აქციებისა და აგრესიული განცხადებების ფონზე. პანრუსულ მრავალხმიანობას აფხაზური ”კრიმანჭულიც” ტრადიციულად არ დაჰკლებია - სოხუმი კვლავ იჭაჭება, რომ მზად არის რუსეთის ბაზები შეიფაროს.”

18 მაისის გაზეთი ”24 საათი” კი წერს, რომ ”საქართველოს მხარე აბსურდულს უწოდებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტების განცხადებებს ახალქალაქიდან და ბათუმიდან გაყვანილი რუსეთის სამხედრო ბაზების მიღებისთვის მზადყოფნის შესახებ.”

გაზეთის თქმით, ”საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო ბაზების გამო გაჩაღებულ პოლიტიკურ ფრონტზე რამდენიმედღიანი სიწყნარეა. საქართველოს მხარე კვლავ აგრძელებს მოსკოვიდან მიღებული ”დამაიმედებელი დოკუმენტის” დეტალურ შესწავლას. რუსეთის საგარეო უწყებაში კი თბილისიდან მიღებულ საპასუხო წინადადებებს უკირკიტებენ.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები მომავალი ორშაბათიდან თბილისში გაგრძელდება.”

კიდევ ერთ პრობლემასთან დაკავშირებით 20 მაისის გაზეთი ”რეზონანსი” წერს, რომ ”სოხუმელი სეპარატისტები ქონების ხელახალ რეგისტრაციას იწყებენ. ეს ინფორმაცია სააგენტო ”ინტერ-პრესმა” გაავრცელა. თბილისში ვარაუდობენ, რომ ეს მიზნად ქართველი დევნილების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების ოფიციალურად გადაფორმებას ისახავს. ქართველი კანონმდებლების თქმით კი, აფხაზეთში განსაკუთრებით გააქტიურდა რუსეთის ბიზნესჯგუფების მიმოსვლა. ამას ბელორუსიის საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტიც ემატება.”

გაზეთი წერს: ”ამგვარ ინფორმაციას ქართველი პოლიტიკოსები მშვიდად ხვდებიან. მათი უმრავლესობის განცხადებით, ყველა გადაწყვეტილება, რასაც დე ფაქტო მთავრობა მიიღებს, უკანონოა და, შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.”
”იურისტ პაატა დავითაიას განცხადებით, ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს კონვენციის რატიფიცირების შემთხვევაში, ამ სასამართლოს შეეძლება რუსეთის ბიზნესჯგუფებს, რომლებიც აფხაზეთში ქონების გადაფორმებით არიან დაკავებული, ჯარიმების სახით, სანქციები დააკისროს. თუმცა, მისი თქმით, ამ კონვენციის რატიფიცირებას საშველი არ დაადგა.”

რა გამოხმაურება პოვა პრესაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტმა ბრიუსელში, სადაც ნატოს შტაბბინაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შუალედური შეფასება შედგა? 19 მაისის გაზეთ ”24 საათის” თქმით, ”საქართველოს მხარე ბრიუსელში გამართული შეხვედრებით კმაყოფილი დარჩა”. ”ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა,” - ხაზი გაუსვა ირაკლი ოქრუაშვილმა.

19 მაისის გაზეთ ”ხვალინდელი დღის” ინფორმაციით კი, ”ბრიუსელში თავდაცვის სფეროში განხორციელებულ საკადრო რეფორმას არადამაკმაყოფილებლად აფასებენ. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, გატარებული ცვლილებები აუცილებლობით იყო ნაკარნახევი და უახლოეს მომავალში რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.”

გაზეთის ცნობით, ”...ნატოს ხელმძღვანელობის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს თავდაცვის სამინისტროს ე.წ. სამოქალაქო ნაწილსა და გენერალურ შტაბს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრობლემა. ასევე უარყოფითად შეფასდა თავდაცვის სფეროს სამოქალაქო მონიტორინგის შესაძლებლობები. რეკომენდაციის სახით, ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას სამოქალაქო კონტროლის ხელშეწყობას ურჩევს. თავდაცვის სამინისტრომ შენიშვნა მიიღო შესყიდვებთან დაკავშირებითაც. ბრიუსელში არ ესმით ამ მიმართულებით საქართველოს მხარის სითამამე, როცა თავდაცვის დაგეგმარების სისტემა ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და განსაზღვრული.”

გაზეთის აზრით, ”ყველა გამოთქმული შენიშვნა კონკრეტულად არსებულ პრობლემას უკავშირდება და, შესაძლოა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი შემაფერხებელი მიზეზი გახდეს.”

თუმცა, როგორც გაზეთი წერს: ”მიუხედავად ამისა, საქართველოს დელეგაციის განწყობა ოპტიმისტურია: ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის შესრულების მიმდინარეობას ბრიუსელი, მთლიანობაში, დამაკმაყოფილებლად აფასებს. სხეფერის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაინტერესებულია საქართველოში ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის განხორციელებით და მზად არის, საქართველოს მხარეს რეკომენდაციებით მომავალშიც დაეხმაროს.”

”არჩევნების გამყალბებლები დაუსჯიათ” - ამ სათაურით ბეჭდავს 18-19 მაისის გაზეთი ”ახალი ვერსია” წერილს, სადაც ვკითხულობთ: ”პარლამენტართა ნაწილის თქმით, 2003 წლის 23 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ფაქტებზე, რომლებმაც ვარდების რევოლუციას ბიძგი მისცა, პროკურატურამ თხუთმეტი ადამიანი ყოველგვარი აფიშირების გარეშე დასაჯა.”

გაზეთის ცნობით, ”სამართალდამცავებმა საჯაროდ არც ის განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ თხუთმეტივე ადამიანთან შეთანხმება გააფორმეს და არც ერთ მათგანს სასჯელი თავისუფლების აღკვეთით არ შეუფარდეს.
ამ ფაქტის შესახებ, ალბათ, კიდევ დიდხანს არაფერი გახდებოდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ დეპუტატ ელენე თევდორაძესთან უფლებების დასაცავად სამტრედიის რაიონის ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რომ არ მისულიყო. ქალბატონის მიმართ, რომლის ვინაობასაც ელენე თევდორაძე კონფიდენციალურად ინახავს, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სამართალდამცავები მას 37 საარჩევნო ხმის გაყალბებაში ადანაშაულებენ. თევდორაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონი ნაციონალური მოძრაობის და დემოკრატების მხარდამჭერია, ხელისუფლება მასზე სამართლებრივ დევნას მაინც ახორციელებს.”

18 მაისის გაზეთი ”ხვალინდელი დღე” გვამცნობს, რომ სასოფლო-სამეურნო მიწის პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებაში დაპირისპირება გრძელდება. მთავრობა სასაზღვრო ზოლში მიწის ნაკვეთების გაყიდვის მომხრეა, პარლამენტართა ერთი ნაწილი კი 5-კილომეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დატოვებას მოითხოვს.”

გაზეთი წერს: ”პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრები სასაზღვრო ზოლის სრულად გაუქმებას ითხოვენ, რამდენიმე პარლამენტარი სამეგრელოსა და კახეთის დეპუტაციიდან კი 5- კილომეტრიან სასაზღვრო ზოლში მიწის პრივატიზების აკრძალვას მოითხოვს. ამ აკრძალვის შესახებ რომან კუსიანმა პარლამენტს ალტერნატიული კანონპროექტიც წარუდგინა. კუსიანი და მისი მომხრეები თვლიან, რომ სასაზღვრო ზოლში მიწას ის არაქართველები შეიძენენ, რომლებიც საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რაც ქვეყანას ქართული მიწის დაკარგვის საფრთხეს შეუქმნის.”

გაზეთის თქმით, ”სწორედ ამ ინიციატივის გამო დაადანაშაულა ფაშისტურ აზროვნებაში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ბოკერიამ თანაპარტიელი კუსიანი. უფრო მეტიც, იურიდიულმა კომიტეტმა მთავრობის მიერ ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების შესახებ” კანონპროექტში დაფიქსირებული 500-მეტრიანი ზოლის ნულამდე დაყვანა მოითხოვა.”

”ხვალინდელი დღე” გვამცნობს, რომ ”იურიდიული და აგრარული კომიტეტების კონსულტაციებმა და აგიტაციამ შედეგი გამოიღო. ამჟამად პარლამენტართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასაზღვრო ზოლში მიწის ნაკვეთები ჩვეულებრივი წესით უნდა გაიყიდოს და 500-მეტრიანი აკრძალვა უნდა მოიხსნას. თუმცა, როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ყველაფერი პრეზიდენტის ნებაზე იქნება დამოკიდებული. კანონპროექტში 500-მეტრიანი აკრძალვა დარჩება თუ ნულოვანი ზღვარი დაწესდება, ამას, საბოლოოდ, ქვეყნის პირველი პირი გადაწყვეტს.”
XS
SM
MD
LG