Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია წლების წინ პრივატიზებულ მიწებს იბრუნებს


რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აპირებს უკან დაიბრუნოს 2000-2003 წლებში გასხვისებული 300 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი.

ამ ინიციატივით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოვიდა. ინიციატივას უმალ გამოეხმაურნენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ლეიბორისტის“ წარმომადგენლები, რომლებმაც საკითხის შესასწავლად საკრებულოში ინტერფრაქციული კომისიის შექმნა მოითხოვეს. ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ დედაქალაქის მერმა მიწის პრივატიზების კანონიერების საკითხი თანამდებობის შენარჩუნების მიზნით წამოსწია. როგორ აპირებს თბილისის მერია გასხვისებული მიწების უკან დაბრუნებას და რატომ არ ენდობიანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დედაქალაქის მერს?


მიწები, რომლის დაბრუნებასაც თბილისის მერი აპირებს, 2000-2003 წლებში მაშინდელი პრემიერის განკარგულებითაა გაცემული. მერიის ინფორმაციით, უკანონოდ გასხვისებული ტერიტორიების უმეტესობა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწებს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი მტკვრის კალაპოტში, ტროტუარებზე, საავადმყოფოებსა და მსგავსი დაწესებულებების ეზოებში მდებარეობს. ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივას - დაუბრუნოს დედაქალაქს უკანონოდ გასხვისებული მიწები, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ლეიბორისტის“ თავმჯდომარე გამოეხმაურა. გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ თბილისის მერმა მიწის პრივატიზების კანონიერების შესწავლა პრეზიდენტის დაშანტაჟების მიზნით დაიწყო:

[გიორგი გუგავას ხმა] „სწორედ ის თემები ამოსწია, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობასთან. მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჭიაბერაშვილი განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან, ერთი კვირა არ ასრულებდა მოვალეობას და ეს კვირა მან გამოიყენა იმისათვის, რომ ეს ფანდი მოეგონა და შანტაჟის გზას დასდგომოდა.“(სტილი დაცულია)

ლეიბორისტები ფიქრობენ, რომ თანამდებობის შენარჩუნების შემდეგ მერი აღარ არის დაინტერესებული პრივატიზების საკითხის ობიექტური შესწავლით. ამიტომ გიორგი გუგავა საკრებულოში ინტერფრაქციული კომისიის შექმნას ითხოვს, თუმცა, როგორც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით იოსელიანი აცხადებს, ლეიბორისტების მიერ მოხმობილ არგუმენტებს დამაჯერებლობა აკლია:

[დავით იოსელიანის ხმა] „რომელ კომისიას ქმნიან, როცა ეს არის მერის პრეროგატივა, გააუქმოს პრემიერის განკარგულება. მოქმედ კომისიებში არ იღებენ მონაწილეობას, არ ეცნობიან საკითხებს და მერე გამოდიან საკრებულოს დიდ სხდომაზე და სვამენ ისეთ კითხვებს, რომელზეც ელემენტარულად უხერხულია პასუხის გაცემა.“

საკრებულოს ლეიბორისტი წევრები ამტკიცებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერის მუშაობით უკმაყოფილოა, რომ მერმა პრეზიდენტს იმედები გაუცრუა, თუმცა რატომღაც არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს პრეზიდენტმა წლის ბოლომდე მისცა ვადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]„თუ ზურაბი მოახერხებს და წლის ბოლომდე შეასრულებს დანაპირებს - ჩაგვაბარებს ძირითად გასასვლელ გზებს ევროპულ დონეზე და შეასრულებს სხვა საკითხებს, რომელიც ეხება ტრანსპორტის გასამმაგებას, არა მხოლოდ დარჩება თანამდებობაზე, არამედ ძალიან დიდ მადლობას დაიმსახურებს. თუ გზები თბილისში არ გაკეთდება ევროპულ დონეზე, მაშინ მერი თავის ადგილს ვერ შეინარჩუნებს.“

თბილისში გზები, მართლაც, კეთდება, თუმცა მათი ხარისხით ყველა როდია კმაყოფილი:

[მამაკაცის ხმა]„წყალში რომ ასფალტს ჩაყრიან, ის დაიჭერს? სულ ეგრე არ აკეთებენ? თუ არ დაუნახია ხალხს? წვიმა მოდის და ორმოში ასფალტს ყრიან. რემონტში კეთდება ფული.“(სტილი დაცულია)

რაც შეეხება პრივატიზებული მიწების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნებას, მერიაში განმარტავენ, რომ მერს აქვს უფლება, სასამართლოს გვერდის ავლით, გააუქმოს პრემიერის ის განკარგულებები, რომელთა საფუძველზეც 50 მილიონი ლარი ღირებულების მიწის ფართობი გაცილებით დაბალ ფასში - დაახლოებით 15 მილიონ ლარად - გაიყიდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG