Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მაკეტის პრეზენტაცია გაიმართა


ბაქოში გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაკეტის პრეზენტაციაში. როგორც ცნობილია,

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამდნენ აეროპორტის მშენებლობისთვის ჩატარებული ტენდერის ობიექტურობასთან დაკავშირებით და სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნასაც კი აპირებდნენ. მიუხედავად ამისა, გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია მაინც გაიმართა.

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებით დაიწყო:

[სააკაშვილის ხმა] ”ახლა მე... თუ ყველას გეზარებათ, მე დავიწყებ მშენებლობას.”

სააკაშვილი ექსკავატორის საჭეს მიუჯდა და, სიმბოლურად, აეროპორტის საძირკვლის ჩასაყრელად მიწაც ამოთხარა და ის სატენდერო კომისიაც შეაქო, რომელმაც გამარჯვებულად 3 კომპანიისაგან შექმნილი კონსორციუმი გამოაცხადა. კონსორციუმის წევრი კომპანიები არიან: თურქეთის ”ჩელები”, ლუქსემბურგის ”ჯი-თი-ეს” და შეერთებული შტატების ”აი-ენდ-ჯეი”.

როგორც ცნობილია, გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტში სერიოზული ეჭვები გამოითქვა აეროპორტის მშენებლობისთვის გამართული ტენდერის ობიექტურობის შესახებ. ოპოზიციის აზრით, ეკონომიკური განვითარების მინისტრზე, რომელიც ტენდერს კურირებდა, გავლენიანმა პიროვნებამ მოახდინა ზეწოლა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”გავლენიანი ბიძიას ინტერესებს თქვენ ვერ დაიცავთ და ნუ შეეწირებით.”

აი, ამ სიტყვებით მიანიშნა რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა იმ პიროვნებაზე, რომლის ინტერესების გათვალისწინებამდე აეროპორტის ტენდერი რამდენჯერმე გადაიდო.

ეჭვების საფუძვლიანობის შესწავლა საქართველოს პარლამენტმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს დაავალა. კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილი არ უარყოფს, რომ ტენდერი, მართლაც, დარღვევებით წარიმართა:

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] ”არავინ არ მოიწვიეს, დახურულად ჩაატარეს და მიიღეს გადაწყვეტილება. არ მახსოვს, რომ ჩატარებულიყოს ასეთნაირად, მონაწილეების გარეშე, და იმას არ მოჰყოლოდა უკმაყოფილება. ამიტომ ესეც მაგათი ბრალია, რომ არ გააკეთეს...”

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტენდერის შედეგების ობიექტურობაში დაეჭვებულ პარლამენტარებს შემდეგი პასუხი გასცა:

[სააკაშვილის ხმა] ”იმასაც არ დაგიმალავთ, რომ ძალიან ინტენსიური ლობირება იყო სხვადასხვა კომპანიების სასარგებლოდ იმ ხალხის მხრიდან, რომელსაც პატივს ვცემ, მაგრამ ბოლოს გაიმარჯვა კომპანიამ, რომელსაც არავინ არ ლობირებდა და ყველაზე უპატრონო იყო, ამ გაგებით.”

ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, დავით საგანელიძე კი, სხვაგვარად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ამ სიტყვებს. საგანელიძის აზრით, აეროპორტის მაკეტის პრეზენტაციაზე სააკაშვილის მისვლით ნათლად გაცხადდა, თუ ვინ ლობირებდა 3 კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმის გამარჯვებას:

[დავით საგანელიძის ხმა] ”მან მაქსიმალურად დაანახვა მთელ ქვეყანას, რომ მხარს უჭერს ასეთ გადაწყვეტილებას, რათა არავინ ძიება არ დაიწყოს, რაც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ ამის უკან პრეზიდენტი და მისი სანათესავო იდგა, რაზეც იყო დიდი ხანი საუბარი.”(სტილი დაცულია)

ამ ოპოზიციონერის აზრით, პრეზიდენტმა პარლამენტს თითი დაუქნია და ის აეროპორტის ტენდერის საქმეში ვეღარაფრის შეცვლას ვეღარ შეძლებს - მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტენდერის საკითხებზე საპარლამენტო მოსმენა აეროპორტის მშენებლობის ოფიციალურად დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.
XS
SM
MD
LG