Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი სამეწარმეო გარემოს გასაუმჯობესებლად ”შეშინებულ ბიუროკრატიას” მეტ სითამამეს ურჩევს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში პირველი ნავთობის გაშვების საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა,

ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა პოლიტიკურ დეკლარაციას ”აღმოსავლეთი-დასავლეთი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის წინა დღეს ქართული მედიისათვის 2004 წლის 26 მაისიდან გასული პერიოდის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ამ პრესკონფერენციის პოლიტიკურ ნაწილთან ერთად, ის ეკონომიკური მიმართვა იყო საინტერესო, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა და რომელიც, გასული წლის შეჯამების გარდა, იმ ორიენტირებსაც მოიცავდა, რომელზეც, პრეზიდენტის აზრით, ძირითადი აქცენტები იქნება გასაკეთებელი.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ბიზნესისათვის ხელის შემშლელი ბარიერების მოშლას და ის ინიციატივები გაიმეორა, რომლითაც ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ გამოვიდა და რომელიც ”მეორე, ანტიბიუროკრატიულ, რევოლუციადაც” მოინათლა. საუბარია ლიცენზირებისა და ნებართვების მანკიერ სისტემაზე, რომელიც კარგა ხანია სამეწარმეო გარემოსათვის სერიოზულ წინაღობად და კორუფციული გარიგებებისათვის ნოყიერ ნიადაგად იქცა. სააკაშვილი სიამაყით აღნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს უკვე გამოჩდნენ ახალი ტიპის ბიზნესმენები, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ცოტაა და მეწარმეობისათვის სტიმულის მისაცემად ბაზარზე შესვლის გამარტივება და ბიუროკრატიული ბარიერების მოშლა იქნება საჭირო. ამასთან, მართალია, პრეზიდენტი ამაყობს ახალი მმართველობითი სისტემით, მაგრამ იგი ახალ ბიუროკრატიას აფრთხილებს, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გაუჩნდეთ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ ახლა მკვეთრად უნდა შევამციროთ ლიცენზირება და ნებართვები, ბიზნესს უნდა გავუხსნათ გზა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, და გაჩნდნენ უკვე ახალი ბიზნესმენები. მაგრამ ახალი ბიზნესი ვერ გაჩნდება, თუ არ არიან სტაბილურობის განცდის მქონე სამოქალაქო მოსამსახურეები. ამავე დროს, არც ერთმა ჩვენ მიერ დანიშნულმა თანამდებობის პირმა არ უნდა გაიჩინოს და ვერც გაიჩენს დაუსჯელობის განცდას.”

სააკაშვილი მმართველობითი აპარატის რეფორმაზე საუბრობს და გაცნობიერებული აქვს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება კერძო ინიციატივებს და არა სახელმწიფო აპარატს ხელეწიფება. ”სახელმწიფომ ბიზნესს უნდა გაუხსნას გზა” , აცხადებს პრეზიდენტი.

წინა რეჟიმისაგან განსხვავებით, სახელმწიფო ბიუროკრატიას, მართლაც, ნაკლებად აქვს დაუსჯელობის განცდა, ქვეყანაში კორუფციის მასშტაბებიც, მართლაც, შემცირდა, თუმცა იმას, რასაც ბიზნესი კორუფციული გარიგებების პირობებში ოპერატიულად და მარტივად წყვეტდა, დღეს გაცილებით გართულებულია, რის მიზეზადაც პრეზიდენტს შეშინებული ბიუროკრატია მიაჩნია, რომელიც ინიციატივებს თავის თავზე ვერ იღებს და ხშირად იმ ნებართვების გაცემაზეც იკავებს თავს, რაც სრულიად კანონიერია:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ მმართველობითი აპარატი უნდა გვყავდეს მცირე და ამასაც ყველა უნდა შეეგუოს, იმიტომ რომ ყველა მმართველობითი ადგილი კლავს 3-4 ადგილს კერძო სექტორში. ეს პრინციპია, იმიტომ რომ იმას ფუნქცია აქვს. ჩვენ კორუფცია მნიშვნელოვნად შევამცირეთ, მაგრამ მივიღეთ შეშინებული ბიუროკრატია. აი, რამდენი დაუმთავრებელი შენობაა თბილისში. რატომ? იმიტომ რომ ნებართვას აღარავინ აძლევს. ადრე მიდიოდი, გადაიხდიდი 1000 თუ ათი ათას დოლარს, თუ რაც იყო ნიხრები, და, თუ გინდოდა, მეტეხის თავზე დაგაშენებინებდნენ, რასაც გინდა. ახლა ზის შეშინებული ბიუროკრატი, რომელიც მილიონ დოლარადაც კი არაფერს არ მოგცემს. გეკუთვნის, მაგრამ მაინც არ მოგცემს. აი, ამის შეცვლა, რომ ჩვენი ბიუროკრატია იყოს, ერთდროულად, გამბედავი და პატიოსანი, არის მთავარი შეცვლა ჩვენი განწყობის. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიყოთ აქტიურები, ჩვენ თვითონ უნდა შევთავაზოთ ხალხს, რომ - მოდი, ააშენე; მოდი, გააკეთე; მოდით, ჩადეთ ფული.”

იმისათვის, რომ ბიზნესმა პრეზიდენტის ეს შემოთავაზება მიიღოს, მხოლოდ ”სახელმწიფო რეკეტის” აღკვეთა, თამამი და პატიოსანი ბიუროკრატია არ კმარა. ”ანტიბიუროკრატიული რევოლუცია”, მართლაც, მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მას რეალურად შეუძლია მეწარმეობის განვითარებისათვის სტიმულის მიცემა, თუმცა, ამ ინიციატივების გარდა, ბიზნესი, რომელიც არანაკლებად შეშინებული და პასიურია, უწინარესად, კანონის უზენაესობაში, თავისი კაპიტალის უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით, პოლიტიკური კონიუნქტურისაგან დაცვაში და, რაც მთავარია, კერძო საკუთრების უფლების ხელშეუხებლობაში უნდა იყოს დარწმუნებული.
XS
SM
MD
LG