Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააქციო საზოგადოება ''მადნეულის'' პრივატიზებით 22 კომპანია დაინტერესდა


საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში სააქციო საზოგადოება "მადნეულის" პრივატიზაციით დაინტერესებული კომპანიების განცხადებების მიღების ვადა

ამოიწურა. 1 ივნისს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში საპრივატიზაციო წინადადებები საჯაროდ გახსნეს. ამის შემდეგ სპეციალური საპრივატიზაციო კომისია თვე-ნახევრის მანძილზე ეცდება საქართველოს ხელისუფლებისათვის მისაღები ინვესტორი შეარჩიოს. ამ კომისიამ უნდა გადაწყვიტოს ისიც, “მადნეული” და მისი შვილობილი კომპანიები ერთად გაყიდოს თუ ცალ-ცალკე.

“ჭიათურმანგანუმის” გაყიდვის შემდეგ ქართული ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი და გადამამუშავებელი მეორე მსხვილი კომპანიის, ”მადნეულის”, პრივატიზების ჯერიც დადგა. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ჯერჯერობით “მადნეულის” პაკეტში შემავალი კომპანიების გასაყიდ ფასს არ ასახელებს, მინისტრის მოადგილე კახა დამენია კი ამბობს, რომ ”მადნეული“ საკმაოდ ძვირად გაიყიდება:

[კახა დამენიას ხმა] ”ამხელა კონკურენცია ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საკმაოდ სერიოზულ და კარგ ფასად გაიყიდება ეს აქტივი. ასეც ვვარაუდობდით, იმიტომ რომ “მადნეულის” იაფად გაყიდვას ნამდვილად არ აპირებდა სახელმწიფო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიღწეული იქნება საკმაოდ მაღალი ფასი.”

სულ საპრივატიზაციოდ გამოტანილია 8 კომპანია. მათ შორის, სპილენის მადნის მომპოვებელი კომბინატის აქციების ნომინალური ფასი 12 მილიონ აშშ-ის დოლარს აღემატება. ასევე იყიდება ოქროს საწარმო “კვარციტის” სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 50 პროცენტი. ამ კომპანიის აქტივები 4 მილიონ აშშ-ის დოლარადაა შეფასებული. გასაყიდად გამოტანილ შვილობილ კომპანიათა შორის არის საფეხბურთო კლუბი “ბოლნისის სიონიც” კი.

“მადნეულის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ერეკლე ქიქოძის აზრით, ახლა ყველაზე ხელსაყრელი ვითარებაა შექმნილი “მადნეულის” სარფიანად გასაყიდად:

[ერეკლე ქიქოძის ხმა] ”ობიექტური პირობა, რატომაც უნდა მოხდეს პრივატიზაცია ახლა და არა 1 წლის შემდეგ ან უფრო გვიან, გარდა იმისა, რომ ეს საწარმო გაწმენდილია და მზად არის საპრივატიზაციოდ, არის ის, რომ დღეს საერთაშორისო ბაზარზე სპილენის ფასი არის საკმაოდ მაღალი. სპილენძის ფასი კი პირდაპირპროპორციულად მოქმედებს საწარმოს ფასზეც. აქედან გამომდინარე, დღეს არის საკმაოდ კარგი პერიოდი პრივატიზაციისთვის, რასაც ერთჯერადი ძალიან კარგი ფისკალური შედეგი მოჰყვება.”(სტილი დაცულია)

ერეკლე ქიქოძის ოპტიმიზმის მიუხედავად, მყიდველი არ გამოუჩნდა “მადნეულთან” ერთად საპრივატიზაციოდ გამოტანილ თბილისის საიუველირო ქარხანას, რომლის საწესდებო კაპიტალი 8 მილიონ დოლარს აღემატება, შენობა-ნაგებობათა ფართი კი 15 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია.

როგორ მოიქცევა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ცალ-ცალკე გაყიდის “მადნეულის” ბლოკში შემავალ კომპანიებს თუ ერთად, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც სატენდერო კომისია პრეტენდენტ კომპანიებთან მოლაპარაკებებს ჩაატარებს.

მიზეზი, რამაც სახელმწიფოს “მადნეულის” გაყიდვა გადააწყვეტინა, - კომპანიის, რომლის წლიური მოგებაც 15 მილიონ დოლარს აღემატება, -უცვლელია. ერეკლე ქიქოძის კომენტარი:

[ერეკლე ქიქოძის ხმა]

“მადნეულის” და მისი შვილობილი კომპანიების შეძენის მსურველთა შორის არიან: რუსეთის, თურქეთის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, სომხეთის, საქართველოს და კიდევ რამდენიმე,ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული, კომპანიები.
XS
SM
MD
LG