Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების განხილვა დაიწყო


პარლამენტში იმ პირებთან შეხვედრა დაიწყო, რომლებითაც მომავალი ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა დაკომპლექტდეს. ცესკოს თავმჯდომარისა და მისი 6 წევრის

დამტკიცება პარლამენტს ორი კვირის ვადაში მოუწევს. თავმჯდომარის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად პარლამენტს პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის გია ქავთარაძის კანდიდატურა წარუდგინა, ცესკოს 6 წევრი კი პარლამენტმა ასევე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ 12 კანდიდატურას შორის უნდა შეარჩიოს. 1 ივნისს პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობ პირებს, მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ. რა დასკვნა გამოიტანეს დეპუტატებმა ამ შეხვედრიდან?

დასკვნა ერთია: დეპუტატებმა ვერ გაარკვიეს, რა მოტივით უნდა ეწოდოს პროფესიული ნიშნისა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც პრეზიდენტის მიერ შერჩეული კადრებით უნდა დაკომპლექტდეს. მე ვესწრებოდი შეხვედრას, რომელიც შედგა პირველ ივნისს პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასაკომპლექტებლად თითქოსდა კონკურსის წესით შერჩეულ პირებთან. ამ შეხვედრაზე შეკითხვას, რამდენად იცნობენ ეს ადამიანები საარჩევნო კანონმდებლობას, ერთადერთი ლაკონიური პასუხი ჰქონდა: მეტ-ნაკლებად. იმის გასარკვევად, თუ ვინ და რა ნიშნით შეარჩიეს ისეთი საპასუხისმგებლო საქმისათვის, როგორიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის მოვალეობაა, დეპუტატებმა შერჩეულთა ბიოგრაფიები მოისმინეს. მოსმენა ასეთი იყო:

[დეპუტატის ხმა] ”ქალბატონი თამარი, ხომ? ”

[ნაზი ტყებუჩავას ხმა] ”არა, მე გახლავართ ქალბატონი ნაზი. განაწილებით ვმუშაობდი კრწანისის აგროქიმიურ ლაბორატორიაში, შემდეგ, გაერთიანებასთან დაკავშირებით, გადავედი თბილისის ზონალურ აგროქიმიურ ლაბორიატორიაში - 1999 წლამდე, შემდეგ მოხდა შტატების შემცირება და იმ დღიდან არ ვმუშაობ. იმ დღიდან დროებით უმუშევრად ვითვლები დღემდე.” (სტილი დაცულია)

უმუშევრობის პერიოდში ნაზი ტყებუჩავამ ვაკის რაიონის ერთ-ერთ უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოვალეობა შეასრულა. ეს ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისას მოხდა. შეკითხვას, ვისი წარდგინებით დაეკისრა მაშინ ეს მოვალეობა, უპასუხებს, რომ საარჩევნო უბანზე სამუშაოდ საკუთარი ნება-სურვილით მივიდა და კომისიის თავმჯდომარედ წარსული გამოცდილების გათვალისწინებით დანიშნეს, ვინაიდან ადგილობრივ არჩევნებში ჰქონდა სადამკვირვებლო გამოცდილება. კულუარული ინფორმაციით, ხობის რაიონში დაბადებული ტყებუჩავა ხობის რაიონის ყოფილი მაჟორიტარის კოტე კემულარიას პროტეჟეა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობისთვის მარტო დროებით უმუშევრები არ არიან შერჩეულნი. ერთ-ერთი კანდიდატი, ისტორიკოსი ემზარ ფაჟავა, სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეა. დეპუტატების შეკითხვას, არის თუ არა ის ყოფილი რწმუნებულის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელის გიგი უგულავას პროტეჟე, უპასუხებს, რომ მისი შერჩევა არჩევნებში სადამკვირვებლო ფუნქციის შესრულების გამოცდილებამ განაპირობა, რადგან მისმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სამეგრელოს რეგიონში ასეთი მისია არაერთხელ შეასრულა.

სხვა კანდიდატურების ბიოგრაფიებსა და საარჩევნო გამოცდილებაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ. მოკლედ რომ ვთქვათ, შერჩეულნი არიან პირები, რომლებიც წარსულ არჩევნებზე გარკვეულ ფუნქციებს ასრულებდნენ და რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ არჩევნებს შორის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ჩატარებულები იყო სამართლიანი, მანამდე ჩატარებულები კი -უსამართლო. კანონმდებლობით გათვალისწინებული სერტიფიკატი, რაც ცესკოს პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებისას განმსაზღვრელი უნდა ყოფილიყო, არც ერთ მათგანს არ გააჩნია იმ ელემენტარული მიზეზით, რომ სკოლა, რომლის გავლითაც სერტიფიკატი უნდა მიეღოთ, ჯერ არ არსებობს, - ეს მომავლის საქმეა. ასე რომ, პარლამენტმა ცოტა ხანში ცენტრალური საარჩევნო კომისია ბუნდოვანი საარჩევნო გამოცდილების უპარტიო პირებით უნდა დააკომპლექტოს. რამდენად გაუძლებს ასეთი პირებით დაკომპლექტებული კომისია ზეწოლას არჩევნებისას, სად არის ამის გარანტიები? ამ შეკითხვას კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულმა კანდიდატმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გია ქავთარაძემ უპასუხა, რომ გარანტია მისი საქმე და წარსულია და რომ სხვა გარანტია არ არსებობს.

გია ქავთარაძის - და არამარტო მის - სიტყვას და გამოცდილებას გარანტიად პარლამენტი ახლო მომავალში მიიღებს.
XS
SM
MD
LG