Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ზარალი მოიტანა საქართველოში 1 ივნისს მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ და სეტყვამ


წელს საქართველოში უჩვეულო ჭარბნალექიანობაა. 1 ივნისის საღამოს და 2 ივნისს გამთენიისას ჯერ თბილისში და შემდეგ კი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში

კოკისპირული წვიმა მოვიდა, რასაც თან სდევდა სეტყვა და ელჭექი. სეტყვა და წვიმა განსაკუთრებით ძლიერი იყო თბილისში, რის გამოც დედაქალაქის ბევრი სატრანსპორტო მაგისტრალი დატბორა, ელექტრომომარაგება შეაფერხა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დააზიანა.

[ისმის წვიმის და ჭექა-ქუხილის ხმა]

1 ივნისს საღამოს და 2 ივნისს გამთენიისას მოსული კოკისპირული წვიმისა და სეტყვის შემდეგ გამოიდარა, თუმცა დღის ბოლოსთვის, ამ მასალაზე მუშაობის დაწყებისას, ამინდი კვლავ შეიცვალა და თავსხმა წვიმა წამოვიდა. შესაბამისად, ჯერჯერობით შეუძლებელია იმაზე ლაპარაკი, კიდევ რამდენად გაიზრდება 1 ივნისის საღამოს და 2 ივნისს გამთენიისას მოსული ჭარბი ნალექით მიყენებული ზარალი. აქამდე აღრიცხული ზარალი ასეთია: კოკისპირული წვიმის გამო მწყობრიდან გამოვიდა თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის, ”თელასის”, 60-მდე, ეგრეთ წოდებული, ფიდერი. ელჭექის დროს მეხი დაეცა 110 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზს, რომლის დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა ისან-სამგორის რაიონის ნაწილს. “თელასის” წარმომადგენელ ვალერი ფანცულაიას განცხადებით, ელექტროსისტემაში საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა:

[ვალერი ფანცულაიას ხმა] ”ასეთი შემთხვევები არ ყოფილა 97 წლიდან, იმიტომ რომ კოლექტორები რომ არ მუშაობს გამართულად, წყალი ჩაედინება ქვესადგურებში და კაბელებში და იწვევს მოკლე ჩართვებს და, შესაბამისად, გამოჰყავს მწყობრიდან კაბელები.” (სტილი დაცულია)

კოლექტორების გაუმართავმა მუშაობამ თბილისში ავტოტრანსპორტის მუშაობასაც მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი, რადგან ავტომობილების სავალი ნაწილი ბევრ ადგილზე დაიტბორა. სანიაღვრე სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და მისი უფროსი ტარიელ ხიზანეიშვილი

[ტარიელ ხიზანეიშვილის ხმა] ”სამუშაოები მოგვემატა. წუხელ მთელი ღამე მუშაობდა ჩვენი სანიაღვრე სამსახური. წვიმამ ძალიან ბევრი ქვიშა და ღორღი ჩამოიტანა, გაიჭედა სანიაღვრე ჭები. წვიმა, ძირითადად, გზებს აფუჭებს. ეს არის ძირითადი პრობლემა, რაც ჩვენ შეგვექმნა.”
გზების გარდა, კოკისპირულმა წვიმამ და ნიაღვრებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დააზიანა, მათ შორის ყველაზე მეტად დადიანის ქუჩის 16 ნომერი დაზარალდა.

[გოჩა კაპანაძის ხმა] ”კედელი გადმოინგრა მთლიანად, გაწყდა ცენტრალური გაზი. საშინელი მდგომარეობაა. ყველა ქუჩაში ვართ.”

ეს არის რეჟისორი გოჩა კაპანაძე. მისი მეზობლები ამბობენ, რომ ორი კვირის წინ მიმართეს მერიას სახლის ავარიული მდგომარეობის გამო. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სახლი მხოლოდ ხის მასალით ოდნავ გაამაგრეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.

მერიაში ამბობენ, რომ უყურადღებოდ არავის დატოვებენ. როგორც ჩანს, თბილისის მუნიციპალურ სამსახურებს საზრუნავი არც მომდევნო დღეებში მოაკლდებათ.

[ჯემალ დოლიძის ხმა] ”უახლოეს დღეებში ასეთი არამდგრადი ამინდი უნდა იყოს, წვიმიანი, და აღმოსავლეთ საქართველოში ქარიც იქნება. სიტუაცია ისეთია, რომ სეტყვიანობა შესაძლებელია განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთში - არა.”

ეს არის ჯემალ დოლიძე, ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. მისი პროგნოზის მიხედვით, უახლოესი 3 დღის შემდეგ გამოიდარებს და მზიანი ამინდი იქნება.
XS
SM
MD
LG