Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ზღუდავენ ჟურნალისტთა საქმიანობას აზერბაიჯანში


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი არსებობს თუ არა აზერბაიჯანში სიტყვის თავისუფლება და რამდენად უსაფრთხოა ჟურნალისტური საქმიანობა ამ ქვეყანაში? ამ საკითხით ახლახან, ბაქოში ყოფნისას,

დავინტერესდი და რამდენიმე ადგილობრივი ოპოზიციური გაზეთისა და საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტსაც შევხვდი. როგორც ჩემთან საუბარში აზერბაიჯანელმა კოლეგებმა განაცხადეს, ჟურნალისტური საქმიანობა თანამედროვე აზერბაიჯანში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროფესიად ითვლება. დღეს მინდა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში მიღებული შთაბეჭდილებები და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მოსაზრებები გაგაცნოთ.



ორი თვის წინ, უფრო ზუსტად კი მიმდინარე წლის 2 მარტს, დილით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს ბაქოში გამომავალი ოპოზიციური ჟურნალის, ”მონიტორის”, მთავარი რედაქტორი ელმარ ჰუსეინოვი. თანამედროვე აზერბაიჯანში ეს იყო ჟურნალისტის მკვლელობის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა. ბაქოელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ელმარ ჰუსეინოვი პროფესიულ საქმიანობას შეეწირა. ასე ფიქრობს
აზერბაიჯანის ჟურნალისტთა კონფედერაციის ხელმძღვანელი აზერ ჰაშრეტიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ”მონიტორის” გამომცემელი, თავისი დამოუკიდებელი პოზიციით, ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს გასაქანს არ აძლევდა. აზერ ჰაშრეტი დარწმუნებულია, რომ, რისკის თვალსაზრისით, ჟურნალისტობას აზერბაიჯანში ვერც ერთი პროფესია ვერ შეედრება:

[აზერ ჰაშრეტის ხმა] “ჟურნალისტების ცემა, გატაცება, რამდენიმე დღით დაუდგენელ ადგილას დამწყვდევა - ეს აზერბაიჯანში ჩვეულებრივი საქმეა. ამიტომ ჩვენ, ჟურნალისტები, ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესიაა ჩვენს ქვეყანაში. “

აზერბაიჯანში სიტყვის თავისუფლებაზე საუბარიც კი ზედმეტია - ასეთი პასუხი გაგვცა შეკითხვაზე ოპოზიციურ გაზეთ ”აზადლიგის”, ანუ, ჩვენებურად, ”თავისუფლების”, მთავარმა რედაქტორმა განიმატ ზაჰიდმა, რომელთან ინტერვიუც ჩვენ ბაქოს ერთ-ერთ ჩაიხანაში ჩავწერეთ:

[განიმატ ზაჰიდის ხმა] “არის ელემენტები, არიან ცალკეული ადამიანები, ჟურნალისტები, რომლებიც შინაგანად თავისუფალი ადამიანები არიან. სიტყვის თავისუფლება სწორედ ამ ადამიანების მხრებზე დგას, ხოლო როგორც მოვლენა ან ტენდენცია, ამგვარად სიტყვის თავისუფლება აზერბაიჯანში არ არსებობს.

საყურადღებოა, რომ ოპოზიციური გაზეთებისა და ჟურნალების რედაქციები ”აზადლიგის” - თავისუფლების - გამზირზეა განლაგებული. როგორც მიუკერძოებელი ინფორმაციით ცნობილი სააგენტო ”თურანის” რედაქტორი ანარ ხანბეანი ამბობს, ეს არცთუ შემთხვევითია. ანარმა, სხვების მსგავსად, თავის ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ საუბარი ამოოხვრით დაიწყო და დღევანდელი ვითარება წინა წლებისას შეადარა:

[ანარ ხანბეანის ხმა] “პრესის ნაწილი, გაზეთები, ჟურნალები, საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც დამოუკიდებელ მხარეებს ან ოპოზიციას წარმოადგენენ, იგნორირებულნი არიან ხელისუფლების მიერ. უფრო მეტიც, ათი წლის წინ ინფორმაცია გაცილებით ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე, ვთქვათ, ახლა.”

ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი აქვთ. მართლაც, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საკმაოდ მწვავედ რეაგირებენ აზერბაიჯანში ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებზე. თუმცა ბაქოში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ნოემბერისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება ხელისუფლების მხრიდან მათზე ზეწოლა.
XS
SM
MD
LG