Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ივლისიდან „საქართველოს ელექტროკავშირის“ მომსახურება ძვირდება


“საქართველოს ელექტროკავშირი”, რომლის მომსახურებითაც, თბილისის მასშტაბით, 300 ათასამდე აბონენტი სარგებლობს, 2005 წლის 1 ივლისიდან

ანგარიშსწორების ახალი სისტემის - წუთობრივი დარიცხვის - შემოღებას აპირებს. საუბარია მექანიზმზე, რომლის თანახმადაც, “ელექტროკავშირის” აბონენტები სხვა სატელეფონო კომპანიების მომხმარებლებთან დაკავშირებისას საფასურს ნალაპარაკები დროის მიხედვით გადაიხდიან.


1 ივლისიდან “საქართველოს ელექტროკავშირის” თბილისელი აბონენტები “ახალი ქსელებისა” და სხვა სატელეფონო კომპანიების მომხმარებლებს კოდის - 822-ის - საშუალებით დაუკავშირდებიან და ყოველ ნალაპარაკებ წუთზე 2 თეთრს გადაიხდიან. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსის ლადო მაისურაძის თქმით, კოდის აკრეფის წესის შემოღება ძველი, ტრაფიკის უუნარო, სადგურების არსებობამ განაპირობა.

[ლადო მაისურაძის ხმა] „თუ „ახალ ქსელებზე“ ჩვენი სადგურიდან დარეკვა დღემდე იყო უფასო,პირველი ივლისიდან ეს გახდება ფასიანი. იგულისხმება მხოლოდ სხვა ოპერატორებზე დარეკვა. რეგულირების წესებიდან გამომდინარე, ერთი წუთი იქნება ორი თეთრი. იმის გამო, რომ ჩვენი ქსელი ბოლომდე გადაიარაღებული არ არის, ჩვენ იძულებული ვართ ყოველივე ეს განვახორციელოთ 822-ის საშუალებით.“ (სტილი დაცულია)

ლადო მაისურაძე ასევე განმარტავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ კანონისა და ოპერატორთა ურთიერთჩათვლის შესახებ დებულების თანახმად, ამგვარი ნაბიჯი “ელექტროკავშირს” ჯერ კიდევ 2002 წლის 1 იანვრისთვის უნდა გადაედგა, თუმცა ხელისუფლებამ, საზოგადოებრივი აზრისა და მთელი რიგი ოპოზიციური პარტიების ზეწოლის შედეგად, „ელექტროკავშირს“ სიახლის დანერგვის საშუალება არ მისცა. და ეს მაშინ, როცა სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე ერთი წლის წინაც წუთობრივი ტარიფიკაციის შემოღებას უჭერდა მხარს.

[კახა ბენდუქიძის ხმა] „ლოკალური მიზეზი ამისა არის არა „ელექტროკავშირის“ ხელმძღვანელობის სურვილი, არამედ ამის მიზეზი არის წუთობრივი ტარიფიკაციის დაწესება „ელექტროკავშირის“ სხვა ოპერატორებთან ჩართვის შემთხვევაში. ესე იგი: ან ის უნდა მოიშალოს, ან ეს უნდა მივიღოთ. აქ საშუალო მდგომარეობა, როგორც ტროცკი ამბობდა, არც ომი და არც მშვიდობა, ასეთი რამე არ შეიძლება მოხდეს.“(სტილი დაცულია)

წუთობრივი ტარიფიკაციის შემოღებას ყველაზე მეტად თავად ელექტროკავშირის აბონენტები აპროტესტებენ. თუმცა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეონა წერეთელი ირწმუნება, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შეღავათებით კვლავაც ისარგებლებენ:

[თეონა წერეთლის ხმა] „ეს არის პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები, რომლებიც მხოლოდ რადიოს უსმენენ და ტელეფონზე ლაპარაკობენ. მათთვის არის დაწესებული 100 წუთი ლიმიტი, ხოლო ლიმიტის ზევით, თუ ისინი გადააჭარბებენ, წუთზე 2 თეთრს გადაიხდიან, თუმცა სააბონენტო გადასახადს ისინი, 4 ლარის ნაცვლად, 90 თეთრს იხდიან.”

და კიდევ: თეონა წერეთლის თქმით, ელექტროკავშირის აბონენტები ერთმანეთს, ისევე როგორც აქამდე, 1 ივლისის შემდეგაც უფასოდ - წუთობრივი დარიცხვის გარეშე - დაუკავშირდებიან. თუმცა, როგორც საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, ამბობს, უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისათვის ამგვარი უმნიშვნელო გამონაკლისის დაშვება დიდი ვერაფერი შეღავათია. ლეიბორისტები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

[გიორგი გუგავას ხმა] „როგორც ჩანს, ბიუჯეტის შევსების ახალი წყარო იპოვეს, უფრო სწორად, გამდიდრების, ფულის შოვნის ახალი წყარო იშოვეს. ჩვენ არა მარტო სასამართლოს მივმართავთ, არამედ ამას მოჰყვება საკმაოდ ხალხმრავალი აქციები.“(სტილი დაცულია)

აქციების მოსამზადებლად „ლეიბორისტების“ განკარგულებაში არასრული ერთი თვეა: „ელექტროკავშირი“ ტარიფიკაციის ახალი სისტემის დანერგვას 2005 წლის პირველი ივლისიდან აპირებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG