Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მშენებლობის მეორე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა


თბილისში, სპორტის სასახლეში, 9 ივნისს გაიხსნა და 11 ივნისამდე გასტანს მეორე საერთაშორისო გამოფენა ”მშენებლობა”. მასში მონაწილეობს 10 ქვეყნის

50-ზე მეტი კომპანია, რომლებიც წარმოდგენილნი არიან 40 საგამოფენო სტენდზე.

გამოფენა, იქ წარმოდგენილი თანამედროვე სამშენებლო მასალებისა თუ ტექნოლოგიების გარდა, იმითაც იქცევს ყურადღებას, რომ მასში მონაწილეობს მხოლოდ ერთი ქართული სამშენებლო კომპანია.

სპორტის სასახლის ირგვლივ, იქ, სადაც ძველი ერთსართულიანი სახლები და მიწურები იყო, მრავალსართულიანი კორპუსების გაცხოველებული მშენებლობა მიმდინარეობს. აი, რა შთაბეჭდილება მოახდინა ყოველივე ამან თბილისის მერ ზურაბ ჭიაბერაშვილზე:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] ”სიმბოლურია, რომ ჩვენ აქ ვდგავართ ახლა, ამ ადგილას, იმიტომ რომ როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ ჩვენ ვუყურებთ იმას, რა ხდებოდა ამ სფეროში განვლილი წლების განმავლობაში. ამიტომ დაჟინებით ვთხოვ ყველა აქ წარმოდგენილ კომპანიას, რომლებსაც აქვთ მუშაობის ძალიან დიდი და საერთაშორისო გამოცდილება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ ბიზნესი საქართველოში, დაიწყონ კანონის შესაბამისად და წესების შესაბამისად.”
(სტილი დაცულია)

სპორტის სასახლის ირგვლივ მშენებლობით დაკავებული კომპანიებიდან სპორტის სასახლის შიგნით არც ერთს არ მოუწყვია საგამოფენო სტენდი. საერთოდ, მშენებლობის მეორე საერთაშორსო გამოფენაზე ძნელად თუ წააწყდებით ქართულ კომპანიებს. მე მხოლოდ ერთის აღმოჩენა შევძელი, თუ არ ჩავთვლით უცხოური კომპანიების 5-მდე ქართულ წარმომადგენლობას.

[ნინო ხარებავას ხმა] ”ჩვენ შევთავაზეთ, სხვათა შორის. “აქსისთანაც” გვქონდა მოლაპარაკება, “არსთანაც”, მაგრამ თავი შეიკავეს. თუმცა, მგალითად, კომპანია “აქსისმა” რეკომენდაცია გაგვიწია თავის პარტნიორებთან. ჯერჯერობით, ალბათ, არ ესმით, რომ ეს ძალიან ეფექტური საშუალება არის წარმოადგინონ თავიანთი სერვისი...”(სტილი დაცულია)

ეს არის ნინო ხარებავა, გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი კომპანიის, ”იტრაკა ჯორჯიას”, წარმომადგენელი. მის მიერ მოწყობილი მშენებლობის ექსპოზიციით, ქართველებისგან განსხვავებით, უამრავი უცხოური კომპანია დაინტერესდა. მათ შორის, უკრაინული, შვედური, რუსული და, რა თქმა უნდა, თურქული. თურქეთის სამშენებლო კომპანიებს გამოფენის თითქმის მესამედი უკავიათ.

მე ერთ-ერთი თურქული მარმარილოს მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელს ირაკლი კარანაძეს ვკითხე, თუ რატომ დაინტერესდა ქართული ბაზრით.

[ირაკლი კარანაძის ხმა] ”ჩამოსული იყო ფირმის მეპატრონე და შეისწავლა ბაზარი ჩემთან ერთად და დაინტერესდა. თბილისში იმდენი მშენებლობაა, როგორც არასდროს. ამიტომ ბუნებრივ მარმარილოზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა და საკმაოდ კარგი ფასებიც.”(სტილი დაცულია)

თბილისში მიმდინარე გაცხოველებულ მშენებლობას ასახელებს გამოფენაში მონაწილეობის მთავარ მიზეზად რუსული კომპანიის წარმომადგენელი პაველ კოროლიოვიც:

[პაველ კოროლიოვის ხმა] ”აქ ძალიან დიდი საამშენებლო ნახტომის, საამშენებლო ბუმის დასაწყისია. რაც შეეხება ჩვენს სპეციალიზაციას, ფასადებს, აქ საქმიანობისთვის ძალიან დიდი ველია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შენობა საჭიროებს აღდგენა-რეკონსტრუქციას. საჭიროა ამ შენობების დათბობა და ნალექებისგან დაცვა. ამასთანავე, მიმდინარებს მშენებლობაც.”

მე დამთვალიერებლებსაც გავესაუბრე. ჯერჯერობით მათი უმრავლესობა უბრალო მოქალაქეები აღმოჩნდნენ და არა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები. ისინი გამოფენის დათვალიერების შემდეგ კმაყოფილებას გამოთქვამდნენ და იქ აღმოჩენილი მასალების გამოყენების პირობასაც დებდნენ, როგორც, მაგალითად, არქიტექტურული კოლეჯის ეს მოსწავლეები:

[სტუდენტების ხმა] ”... მე იატაკი მომეწონა ძალიან. მოზაიკების ასეთი დაწვრილებითი ტექნიკა არ მენახა. ... მე ძალიან მომეწონა პარკეტი, იატაკი...”
XS
SM
MD
LG