Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მერების არჩევითობის მიღწევისთვის რეფერენდუმის დანიშვნას ითხოვს


რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია - მათთან ერთად, პოლიტიკური მოძრაობა ”სახალხო ფორუმი”, ”რესპუბლიკური პარტია” და ”კონსერვატიული პარტია” - მერებისა და გამგებლების არჩევითობის მისაღწევად რეფერენდუმის დანიშვნას ითხოვს.

რეფერენდუმის დასანიშნად 250 000 ხელმოწერის მოგროვება არის საჭირო. ამიტომ ჩვენ მიერ აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ იაქტიურონ მერების და გამგებლების არჩევითობის მისაღწევად და საკუთარი ხელმოწერები დაურთონ რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნას. ”დღევანდელი ხელისუფლების მიერ დაპირებული არჩევითობის მისაღწევად სხვა გზა, უბრალოდ, აღარ დარჩა,”- აღნიშნავენ რეფერნდუმის დანიშვნის მომხრეები.

ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლებიც წელიწად-ნახევრის წინ მოსახლეობას ნამდვილ თვითმმართველობას, ანუ მერებისა და გამგებლების არჩევითობის დამკვიდრებას, ჰპირდებოდნენ, თბილისის მერის ირიბი გზით არჩევის მომხრეა და ამ პოზიციიდან გადახვევას არ აპირებს. პარლამენტში უკვე მომზადებულია შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ამბობს, რომ თბილისის მერი არჩეული უნდა იყოს თბილისელების მიერ არჩეული საკრებულოს მიერ და არა თავად თბილისელების მიერ. ეს არის უმრავლესობის კანონპროექტი. მაგრამ არსებობს საპარლამენტო ოპოზიციის, კერძოდ კი, მემარჯვენეების კანონპროექტიც, რომელშიც თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევაზეა ლაპარაკი. იყო ამ კანონპროექტის უმრავლესობის ვარიანტთან შეჯერების მცდელობა , თუმცა ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. უმრავლესობა და ოპოზიცია პრინციპულ საკითხებაზე ვერ შეთანხმდა:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”ჩვენ ვართ მომხრე თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის, ისინი ითხოვენ, საკრებულომ, შემცირებული რაოდენობით, უბრალო უმრავლესობით დაამტკიცოს მერი. ჩვენი ვარიანტი არის ძლიერი საკრებულოს და ძლიერი მერის ვარიანტი, მათი ვარიანტი არის ძლიერი საკრებულოს და სუსტი მერის ვარიანტი. ”

მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის მიერ ნახსენები ”ძლიერი საკრებულოსა და ძლიერი მერის” ვარიანტის განხილვას პარლამენტში ”ძლიერი საკრებულოსა და სუსტი მერის შესახებ” კანონპროექტის ავტორის საზღვარგარეთ ყოფნა აფერხებს. საკითხის განხილვა ახლო მომავალში, ალბათ, რიგგარეშე სხდომაზე მოხდება. ხმათა უმრავლესობა სახელისუფლებო უმრავლესობისაა. ამდენად, იოლი მისახვედრია თბილისის მერის რა გზით არჩევას დაუჭერს მხარს პარლამენტი.
დღესდღეობით მერი არჩევითი პოსტია თბილისის რიგ ქალაქებში: ბათუმში, ქუთაისში, გორში და რუსთავში, მაგრამ

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”აქედან სამში არის ვაკანსია. კონსტიტუციით უნდა დაენიშნა ხელისუფლებას არჩევნები, მაგრამ ესეც კი არ გააკეთა. არიან მერის მოვალეობის შემსრულებლები ბათუმშიც, ქუთაისშიც და გორშიც. ”

მამუკა კაციტაძის მიერ ნახსენები ქალაქებისგან განსხვავებით, მერი დანიშვნითი თანამდებობაა თბილისსა და ფოთში. რატომ ? - ამ შეკითხვაზე წინა ხელისუფლებას ჰქონდა პასუხი: ”თბილისელები და ფოთელები მერის ასარჩევად მზად არ არიანო”, დღევანდელ ხელისუფლებას, ეტყობა, ურჩევნია ეს შეკითხვა საერთოდ უპასუხოდ დატოვოს. ირიბად, ანუ საკრებულოდან, თბილისის მერის არჩევის წესის დამკვიდრების გასამართლებლადა მისი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ზუსტად ასე ირჩევენ მერებს ბალტიისპირა ქვეყნებში. მაგრამ ამ ქვეყნებში ხომ პრეზიდენტიც დაახლოებით ასეთივე გზით აირჩევა. საქართველოში პირდაპირი წესით ირჩევენ პრეზიდენტსაც, მერებსაც (ოღონდ მხოლოდ ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და გორში), ამიტომ ბევრს და, მათ შორის, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ ლევან ბერძენიშვილს აინტერესებს:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ”რა განსხვავებაა თბილისსა და სხვა ქალაქებს შორის; თბილისი რატომ აღმოჩნდა ასეთი ჩამორჩენილი, რომ მერის არჩევა არ შეუძლია - რევოლუციის მოწყობა შეუძლია, პრეზიდენტის ჩამოგდება შეუძლია, პრეზიდენტის არჩევა შეუძლია და მერის არჩევა არ შეუძლია. ”

აი, ამ გაუგებრობაში სინათლის შესატანად ითხოვს რამდენიმე ოპოზიციური ძალა - მათ შორის, ” რესპუბლიკური პარტია” - რეფერენდუმის დანიშვნას. როგორც ლევან ბერძენიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებამ მერის არჩევითობის მისაღწევად სხვა გზა, უბრალოდ, არ დატოვა და საკითხი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
XS
SM
MD
LG