Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველებს ევროპაში პრობლემები შეექმნათ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ავსტრიის შემდეგ, ქართველებს უკვე ესპანეთშიც აპატიმრებენ. 18 ივნისს გავრცელებული ცნობებით, გამთენიისას ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად ჩატარებული ოპერაციისას ათობით ქართველი დააპატიმრეს.



ესპანური მედიის ცნობით, დაკავებულები ქართული კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლები არიან. დაკავებულთა ოჯახის წევრები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ.

17 ივნისს ავსტრიაში 48 ქართველი დააკავეს, რომლებიც საიუველირო მაღაზიების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები. 18 ივნისს, გამთენიისას, ესპანეთის სამ ქალაქში - ბარსელონაში, მალაგასა და ალიკანტეში -დაკავებული ათობით ქართველი ასევე კრიმინალურ ქმედებებშია ეჭვმიტანილი.

როგორც ჩანს, გაერთიანებული ევროპა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას ააქტიურებს. ივნისის დასაწყისში, ასევე ესპანეთში, უკრაინის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც, ესპანეთის ჟანდარმერიის განცხადებით, ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილები. ესპანეთის მედიის ცნობით, დაკავებულები უკრაინელ პოლიტიკოსებთან - ე.წ. დონეცკის კლანთან - იყვნენ კავშირში და ესპანელ თანამზრახველებთან ერთად მოახერხეს 100 მილიონი ევროს გათეთრება. დღეს ამ ჯგუფის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე სასტუმროს და 60-მდე საბანკო ანგარიშს ყადაღა დაედო.

რაც შეეხებათ დაპატიმრებულ ქართველებს, სამწუხაროდ, დანამდვილებით არავინ იცის არც დაპატიმრებულთა ვინაობა და არც დაპატიმრების მიზეზები. ინტერპოლის საქართველოს წარმომადგენლობაში პასუხისმგებელი პირი არ აღმოჩნდა, რადგან შაბათი დასვენების დღეა. ესპანეთში დაკავებულთა ოჯახის წევრები კი ესპანეთის ხელისუფლების სახელზე საპროტესტო განცხადების მომზადებას გეგმავენ და დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავენ.

სხვათა შორის, ბოლო რამდენიმე წელია, ესპანეთში ცხოვრობს კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი - ადამიანი, რომელიც ესპანეთში საფრანგეთიდან გადავიდა, რომელიც ცნობილ ავტორიტეტ “იაპონჩიკთან” მეგობრობს და რომელიც, ქართული მედიის ცნობებით, პერიოდულად საქართველოშიც ჩამოდის. გავრცელებული ცნობებით, უკანასკნელად ტარიელ ონიანი საქართველოს წელს, იანვრის დასაწყისში, სტუმრობდა, ზურაბ ჟვანიას დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე. ტარიელ ონიანი წარმოშობით ქუთაისიდანაა. იქ დღემდე ცხოვრობენ მისი ნათესავები. ქუთაისიდან მოსული ცნობებით, ბოლო თვეების მანძილზე ტარიელ ონიანი მშობლიურ ქალაქში არავის უნახავს.
XS
SM
MD
LG