Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ახალი მემერჯვენეების” ვერსია ”ჭიათურმანგანუმისა” და ”ვარციხეჰესის კასკადის” პრივატიზაციასთან დაკავშირებული დიდი აფიორის შესახებ


რატომ ჩაიშალა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი საპრივატიზაციო გარიგება ”ჭიათურმანგანუმისა ” და ”ვარციხეჰესის კასკადის”

გასხვისებასთან დაკავშირებით? რატომ თქვა რუსულმა ”ევრაზჰოლდინგმა” მოულოდნელად უარი ქართულ აქტივებზე და დეპოზიტის სახით წინასწარ გადახდილ არცთუ უმნიშვნელო თანხაზე? ამ შეკითხვაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს პასუხი არა აქვთ. სამაგიეროდ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ საკმაოდ საინტერესო ვერსია გარიგების ჩაშლის მოტივებზე. მემარჯვენე ოპოზიციამ ”ჭიათურმანგანუმისა” და ”ვარციხეჰესის კასკადის” პრივატიზაციასთან დაკავშირებულ დიდ აფიორაზე დაიწყო მსჯელობა. იმის შესახებ, თუ რაში შეიძლება მდგომარეობდეს ეს აფიორა, მემარჯვენეებმა განცხადებები გააკეთეს ფრაქციის სხდომაზე, რომელზეც მთავრობის ეკონომიკური ბლოკის პირველი პირები არ გამოცხადებულან.


გარიგების ჩაშლაზე ”ევრაზჰოლდინგი” საკუთარი პრეს-ცენტრის მეშვეობით იუწყება. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: ” ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ ამ აქტივების ექსპლუატაციას არ შეუძლია ფინანსური მოგების მოტანა. საქართველოს მთავრობა გაგებით შეხვდა კომპანიის გადაწყვეტილებას - ხაზგასასმელია, რომ მან ყველა ვალდებულება შეასრულა.” ლაპარაკია “ჭიათურმანგანუმისა” და ”ვარციხეჰესის ” აქტივებზე. ამ შესყიდვისთვის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში “ევრაზჰოლდინგმა” 19 იანვარს გაიმარჯვა და საქართველოს მთავრობის წინაშე 132 მილიონი დოლარის გადახდა მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე ივალდებულა. საქმე ის გახლავთ, რომ “ვარციხეჰესისა” და “ჭიათურმანგანუმის” პრივატიზაციასთან დაკავშირებით მემორანდუმს სამი მხარე აწერს ხელს: საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ”ევრაზჰოლდინგის” წარმომადგენელი და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის აქციონერთა წარმომადგენელი. დეპოზიტის სახით პრივატიზაციის პროცესში ”ფეროს” აქციონერებს ჩადებული აქვთ 10 მილიონი, თავის მხრივ, ათი მილიონი გადახდილი აქვს ”ევრაზჰოლდინგსაც”. ის მოულოდნელად, გადახდილ თანხაზე პრეტენზიის გამოცხადების გარეშე, გადის საქმიდან, “ფეროს” აქციონერებს კი სულ რაღაც 10 მილიონად აქამდე პირობით საკუთრებაში არსებულ აქციათა 51 პროცენტი მუდმივ მფლობელობაში რჩებათ. ეს მემორანდუმში ჩადებული პირობით ხდება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, “ახალი მემარჯვენეები” სვამენ შეკითხვას -” ”ჭიათურმანგანუმისა” და” ვარციხეჰესის კასკადის” პრივატიზაციის საქმეს ხომ არ დაუკავშირდა გარიგება ”ევრაზჰოლდინგსა” და ”ფეროს” აქციონერთა შორის? ”ევრაზჰოლდინგის” მიერ ქართულ აქტივებზე უარის თქმის მიღმა ხომ არ დგას დიდი აფიორა?”

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”და ხომ არ ხდებოდა ეს ოპერაცია მხოლოდ იმისთვის, რომ მთელი ეს აქტივები - როგორც “ჭიათურმანგანუმის”, ისე “კასკადისა” - “ფეროს” აქციონერთა ხელში აღმოჩენილიყო? ამაზე ლაპარაკი უკვე დაწყებულია, ისინი მზად არიან შეისყიდონ და თუ ასე მოხდება, ეს იქნება დაგვირგვინება მთელი ამ ეგრეთ წოდებული აფიორისა. ეს არის ჩვენი ხედვა. ”


ეს ხედვა ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” სხდომაზე დეპუტატმა ირაკლი იაშვილმა ჩამოაყალიბა. “ჭიათურმანგანუმისა” და “ვარციხეჰესის” პრივატიზაციის საქმის შესწავლაც მის მიერ მოხდა. მემარჯვენეები საკუთარ შეკითხვებზე პასუხს მთავრობის ეკონომიკური ბლოკის პირველი პირებისგან ელოდნენ - სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძისგან, ეკონომიკის მინისტრისგან, ფინანსთა მინისტრისგან, თუმცა ისინი პარლამენტში არ გამოცხადებულან. მათ მაგივრად განმარტებები ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. მისი პასუხი კი შეკითხვაზე - რატომ თქვა უარი “ევრაზჰოლდინგმა” ქართულ აქტივებზე, ასეთი იყო :

[ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ხმა] ” ჩვენ ოფიციალურად არ გვაქვს “ევრაზჰოლდინგისგან” განმარტება მიღებული, ოფიციალურად არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ საქმე ჩაიშალა. არავის არავისზე ჯვარი არა აქვს დაწერილი და თუ 20 მილიონს გვიტოვებენ და მიდიან, მათ სინდისზე იყოს. ”


ოპოზიცია თავად მთავრობის სინდისზე აგდებს პრივატიზაციის ჩაშლას. მემარჯვენეები მოითხოვენ, დადგეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრების - მათ შორის, პირველ რიგში, კახა ბენდუქიძის - თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და გენერალურმა პროკურატურამ შეისწავლის ”ჭიათურმანგანუმისა” და ”ვარციხეჰესის” პრივატიზაციასთან დაკავშირებული გარიგების კანონიერება.
XS
SM
MD
LG