Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობა ბატალიონ ”მონადირის” გაუქმებას აპროტესტებს


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაუქმებულად გამოცხადდა ბატალიონი ”მონადირე”, რომელიც წლების მანძილზე კოდორის ხეობის დაცვას

ახორციელებდა. სეპარატისტულ აფხაზეთში კოდორის ხეობა ერთადერთი ტერიტორიაა, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება. ხეობის მოსახლეობა შიშობს, რომ ბატალიონ ”მონადირის” გაუქმების შემდეგ მის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას სეპარატისტები დაეუფლებიან. რატომ გაუქმდა ბატალიონი “მონადირე” და ვინ უზრუნველყოფს კოდორის ხეობის უსაფრთხოებას?

კოდორის ხეობის 800-მდე მკვიდრმა 21 ივნისს სპეციალური მიმართვა გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს. მიმართვაში კოდორის ხეობის მოსახლეობა და სვანეთის რაიონების წარმომადგენლები ბატალიონ “მონადირის” გაუქმებას აპროტესტებენ და საქართველოს ხელისუფლებისგან უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვენ.

როგორც მიმართვის ერთ-ერთმა ავტორმა, ენერგეტიკოსთა საზოგადოების ლიდერმა მირონ ფირცხელანმა, 21 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბატალიონ “მონადირის” დამსახურებაა, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა კოდორის ხეობის დაკავება ვერ შეძლეს:

[მირონ ფირცხელანის ხმა] ”სხვას რომ თავი დავანებოთ, იმ მოსახლეობის უსაფრთხოებას და, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის, თუნდაც ამისთვის და არა მარტო ამისთვის, არამედ იმ მნიშვნელობისთვის, რაც ამ ხეობას აქვს, არის საჭირო ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა ჯეროვანი, არამედ უპირველესი ყურადღება მიაქციოს.”(სტილი დაცულია)

ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებულ ყურადღებაზე ლაპარაკი ზედმეტია - კოდორის ხეობა თავითდინებით ცხოვრობს. ხეობის დაცვას აგრძელებენ ბატალიონ ”მონადირის” წევრებიც, თუმცა კი 15 ივნისის შემდეგ ისინი სტატუსის გარეშე მოქმედებენ. ამ ბატალიონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ ისე მიიღო, რომ მის ჩანაცვლებაზე ან სტატუსის შეცვლაზე არავის უფიქრია. ეს ბატალიონის მეთაურის ბესიკ კვიციანის სიტყვებიდანაც ჩანს:

[ბესიკ კვიციანის ხმა] ”არის გადაწყვეტილება მიღებული თავდაცვის სამინისტროსი და გაუქმებულია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება არ დატოვებს ამას ასე და შეიქმნება ალტერნატიული რაღაც...”(სტილი დაცულია)

კითხვით, თუ როგორ განხორციელდება კოდორის ხეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანს ნანა ინწკირველსაც მივმართე.

[ნანა ინწკირველის ხმა] ”დაიცავს აფხაზეთის ხელისუფლება, ჰყავს ძალოვანი უწყება და დაიცავს ის.”

აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მათ დაქვემდებარებაში მხოლოდ ჯანდაცვის, განათლების და კიდევ სხვა ჰუმანიტარული სამინისტროები შედის და არა ძალოვანი უწყებები. დევნილი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის ირაკლი ტაბლიაშვილის კომენტარი:

[ირაკლი ტაბლიაშვილის ხმა] ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კომპეტენციაში ნაკლებად შედის უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვა. ბატალიონ “მონადირის” გაუქმების შემდეგ კოდორის ხეობაში, ამ თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე ვითარებაა. აფხაზეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეს პრობლემა მოხსნილი იქნეს კონსულტაციების დონეზე.”

ბატალიონი “მონადირე”, რომელიც კოდორის შეიარაღებული დამცველებისთვის ოფიციალური სტატუსის მისანიჭებლად 2000 წელს შეიქმნა, 500-ზე მეტ კაცს აერთიანებდა. მას ხეობის დაცვასთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაც უწევდა, რაც თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციებს სცილდება. სწორედ ეს გახდა ბატალიონის გაუქმების ოფიციალური მიზეზი.
XS
SM
MD
LG