Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ


იუსტიციის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს. საბჭოს წევრები იუსტიციის მინისტრ კოტე კემულარიას რეფორმისა და საზოგადოების

ინტერესთა იგნორირებაში ადანაშაულებენ და მის თანამდებობრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
მინდა კემულარიათი უკმაყოფილებასა და მის წინა პირობებზე მოგითხროთ.

ყველაფერი დაიწყო შოთა კოპაძით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საკითხი სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ პარლამენტში გამოსვლისას დასვა, რასაც რეაქცია არ მოჰყოლია. გასულ კვირას ომბუდსმენის მოადგილემ შოთა კოპაძე საპატიმროებში ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ლარის შეგროვებაში დაადანაშაულა. პასუხად იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, კოპაძის გათავისუფლებით სისტემაში არსებული პრობლემები არათუ არ მოგვარდება, არამედ, პირიქით, უიმისოდ დარჩენილ საპატიმროებში, შესაძლოა, ახალი სირთულეები წარმოიშვასო. კემულარიას განცხადებას კოპაძისადმი გამოთქმული პრეტენზიების შესწავლის თაობაზე, შედეგად ის მოჰყვა, რომ თბილისის ერთ-ერთ საპატიმროში ომბუდსმენის წარმომადგენელი დააკავეს. ბოლოდროინდელი მოვლენები ასახავს პირადად იუსტიციის მინისტრის განწყობას, რომლის დანერგვასაც ის მთელ სისტემაში ცდილობს, - აცხადებს საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, ,,თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი, გიორგი მელაძე:

[გიორგი მელაძის ხმა] ,,სრული იგნორირება საზოგადოებრივი ინტერესების, სრული იგნორირება ყოველგვარი რეფორმების. ეს არის ადამიანი, რომელსაც არანაირი უნარი არ გააჩნია, რომ შეცვალოს სისტემა.” (სტილი დაცულია)

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებულ ვითარებას გიორგი მელაძე სრულ განუკითხაობას უწოდებს და პოლიტიკური ელიტის შეცვლის მხრივ არარსებული პროგრესის ერთ-ერთ მაგალითად მიიჩნევს:

[გიორგი მელაძის ხმა] ,,კემულარიასნაირი მინისტრები არ არიან ის ადამიანები, რომლებიც შეცვლიან რაღაცას და მაგალითს მისცემენ თავიანთ თანამშრომლებს.” (სტილი დაცულია)

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ მინისტრი ცდილობს პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს და სისტემაში მიმდინარე უარყოფითი პროცესები მხოლოდ მის ქვემდებარე პირთა პრობლემად წარმოაჩინოს. გიორგი მელაძე ამბობს, რომ სისტემაში არსებულ კორუფციასთან ბრძოლის ერთჯერადი საილუსტრაციო ფაქტები სიტუაციას ვერ შეცვლის, მით უმეტეს, რომ მსგავსი მეთოდებით მოქმედების რესურსი უკვე ამოწურულია:

[გიორგი მელაძის ხმა] ,,კემულარიას ეს ძალიან კარგად ესმის, მაგრამ აშკარად მიზანმიმართულად თავს არიდებს ყოველგვარ რეფორმას და ცვლილებას. იმიტომ,რომ უუნაროა გაატაროს რაიმე ცვლილება და უუნაროა მრავალი მიზეზის გამო. ერთი, რომ არ გააჩნია ნდობა საზოგადოების მხრიდან. მეორე ის, რომ არ გააჩნია ისეთი პოლიტიკური კაპიტალი ან წონა, რომლითაც შეძლებს იქ რამის შეცვლას და მესამე - ინტერესი არ გააჩნია და, პირიქით, შესაძლებელია, სარგებლობს კიდეც იმ სისტემით, რომელიც ახლა არსებობს.”(სტილი დაცულია)

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შექმნილი სიტუაციის განსახილველად საზოგადოებრივი საბჭოს წევრები პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ, მათი პროტესტის მიზეზად ქცეული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, კემულარიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას.
საბჭოს წევრები, პატიმრებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, არც იმას გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთ საპყრობილეში, ადგილობრივი ადმინისტრაციის პროვოცირებით, ბუნტი დაიწყოს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ციხეში ბუნტის ნებისმიერი მცდელობისას გამოიყენონ ძალა და ბუნტის ნებისმიერი მცდელობისას გახსნან ცეცხლი და ადგილზევე მოკლან, გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას. ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება.” (სტილი დაცულია)

მიხეილ სააკაშვილმა ამგვარი მითითება იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს მაშინ მისცა, როდესაც თავად ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. აქვს თუ არა მოქმედ პრეზიდენტს ანალოგიური რჩევა მიცემული ამჟამინდელი მინისტრისთვის, უცნობია. ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, შეაცვლევინებს თუ არა საბჭოს პოზიცია მიხეილ სააკაშვილს აზრს კოტე კემულარიაზე, რომელიც არაერთხელ შეუქია.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG