Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რევიზიის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია


საქართველოში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია იმყოფება. მის ვიზიტს წინ უძღოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე

რადიოაქტიური მასალები დაიკარგა.
სხვადასხვა წყაროები დაკარგული ნივთიერებების სხვადასხვა, საკმაოდ სოლიდურ, რაოდენობას ასახელებენ. საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური ამ სახით გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს, თუმცა სოხუმის ფიზიკის ინსტიტუტში ამჟამად არსებული ვითარების შემოწმებას აუცილებლად მიიჩნევს.


აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეგიონიდან რადიოაქტიური ნივთიერებები იკარგება. პოტენციური საფრთხის წყაროდ სახელდება სოხუმის ფიზიკის ინსტიტუტი, რომელიც 1945 წლიდან არსებობს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ ობიექტს წარმოადგენდა და არასტაბილურ იზოტოპებს ამზადებდა. სოხუმის დაცემამდე ორი თვით ადრე ინსტიტუტის რადიაციული უსაფრთხოების სამსახურმა სრულად აღწერა ყველა ის რადიოაქტიური მასალა და ნარჩენები, რომელიც იმ დროისთვის არსებობდა ლაბორატორიებსა და აგუძერისა და სინოპის საცავებში. 1993 წლის 21 ივნისით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, ინსტიტუტის განკარგულებაში იყო 244 დასახელების რადიოაქტიური მასალა, მათ შორის - გამდიდრებული ურანი:

[გურამ ბოკუჩავას ხმა] ,,აგუძერის სპეციალურ საწყობში ინახებოდა
90-96%-მდე გამდიდრებული ,,ურან 235”-ის ტაბლეტები, დაახლოებით 655 გრამის ოდენობით. სხვა არც ლაბორატორიებში და არც სხვა საცავებში ურანი მეტი არ იყო დაფიქსირებული.” (სტილი დაცულია)

სოხუმის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გურამ ბოკუჩავა, რომელიც ამჟამად თბილისში საქმიანობს, ამბობს, რომ მასალების სრული ჩამონათვალი და აღწერილობა სოხუმში ინახება.
1993 წლის მონაცემები პრაქტიკულად უცვლელი იყო 4 წლის წინაც, როდესაც ინსტიტუტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაციამ შეამოწმა. მოგვიანებით გაჩნდა ვერსიები იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ბირთვული მასალები, შესაძლოა, საერთაშორისო ტერორისტთა განკარგულებაში აღმოჩნდეს და რომ 2002 წლის მაისში სოხუმში მოიპარეს ცეზიუმი, რომლის მოძებნაში აფხაზურ მხარეს რუსი სპეციალისტები ეხმარებოდნენ. შარშან ბრიტანული პრესა იუწყებოდა, რომ აფხაზეთში უკვალოდ გაქრა 2 კილოგრამი ურანი, წელს კი სხვადასხვა საინფორმაციო წყაროთა მიერ დასახელებულმა რაოდენობამ ხუთ კილოგრამს გადააჭარბა. გურამ ბოკუჩავა ამბობს, რომ სოხუმის ფიზიკის ინსტიტუტში დაცული ურანის რაოდენობა ერთ კილოგრამსაც ვერ აღწევდა და საეჭვოა, რომ ეს მოცულობა მოგვიანებით გაზრდილიყო:

[გურამ ბოკუჩავას ხმა] ,,93 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით, სანამ ჩვენ ვიყავით მანდ, ასეთი რაოდენობის გამდიდრებული ურანი ინსტიტუტში არ ყოფილა. ნუ, რა თქმა უნდა, თუ შეიტანდა ამას, ისევ რუსეთის მხრიდან უნდა მომხდარიყო. თუმცა არავითარი ლოგიკა ამაში არ არსებობს და მე ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია, რომ ასეთი რაოდენობის ურანი შემდგომში მანდ იქნა შეტანილი.” (სტილი დაცულია)

ბირთვული მასალების დაკარგვას უარყოფს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ სოხუმის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად დანიშნული ანატოლი მარხოლია, რომელიც აცხადებს, რომ არსებული ნივთიერებები სათანადოდაა დაცული. ურანის დაკარგვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სოხუმში აღიქვამენ მიზანმიმართულად გავრცელებულ ჭორად, რომლის მიზანიც ტურისტების დაშინებაა. ბოლო დღეებში, ურანის გარდა, პლუტონიუმიც რამდენჯერმე მოიხსენიებოდა. ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ, საერთო ჯამში, საქართველოს ტერიტორიაზე, შესაძლოა, 9 კილოგრამი პლუტონიუმი იყოს დაკარგული, არასერიოზულს უწოდებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სოსო კაკუშაძე:

[სოსო კაკუშაძის ხმა] ,,ყველას ვეუბნები, რომ, აი, მსგავსი რაოდენობა პლუტონიუმის, ოფიციალურად, ყოველ შემთხვევაში, არსად არ არსებობდა და დაკარგულზე როცა არის ლაპარაკი, ესე იგი ოფიციალურად შემოსული ხომ უნდა იყოს, არა?!” (სტილი დაცულია)

სოსო კაკუშაძის განმარტებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაციის ამჟამინდელი ვიზიტი მხოლოდ სამუშაო ხასიათისაა და სოხუმში ჩასვლას არ ითვალისწინებდა. უსაფრთხოების კონკრეტული ზომების შემუშავების შემდეგ, სააგენტოს წარმომადგენლები აფხაზეთში, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გაემგზავრებიან.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG