Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანისაგან დემოკრატიულ არჩევნებს მოითხოვს


საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ამ დღეებში (20-დან 24 ივნისამდე) მიმდინარეობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია.

სესიაზე მრავალ საკითხს განიხილავენ, მათს შორის ვითარებას რუსეთში. მაგრამ დღეს გვინდა საქართველოს სხვა მეზობელზე გიამბოთ - აზერბაიჯანზე, რომელსაც გუშინ ორი სხდომა მიეძღვნა: ვიდრე მათზე განხილულ საკითხებზე გიამბობდეთ, უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყოს წელს, ნოემბერში, საპარალმენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება.

საპარლამენტო ასამბლეაზე ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ლორდმა ჯონ კილკლონიმ გააფრთხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომ საპარლამენტო არჩევნების არადემოკრატიულობას - თუ ასეთი რამ აღირიცხა - სერიოზული შედეგები მოჰყვება. [ლორდ ჯონ კილკლონის ხმა] “ასამბლეა ვერ დაამტკიცებს აზერბაიჯანის ახალ დელეგაციას, თუ ნოემბრის არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული არ იქნება. ძალიან საწყენია, ეს თუ მოხდა”.

საწყენია, მაგრამ ადვილი შესაძლებელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოთხშაბათს ასამბლეის მონაწილეებს შეახსენეს: ბოლო 4 წლის მანძილზე (ანუ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი ევროსაბჭოში გაწევრიანდა 2001 წელს და ევროსაბჭო მას გულდასმით აკვირდება, ერთხელაც არ ჩატარებულა არჩევნები დემოკრატიის სტანდარტების დაცვით. და ეს ითქმის, უწინარეს ყოვლისა, შარშანწინდელ, 2003 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როცა გამარჯვება ილჰამ ალიევმა მოიპოვა, და პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა საკუთარი მამა, მაშინ ავადმყოფი ჰეიდარ ალიევი. მაშინ, არჩევნების ამ შედეგს დემონსტრაციები მოჰყვა - მათ კი დემონსტრანტების დაკავება და ოპოზიციის 7 ლიდერის გასამართლება. მოგვიანებით ისინი ამნისტიით გაათავისუფლეს.

მაგრამ ციხეში რჩება კიდევ 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი - ყოველ შემთხვევაში, ევროსაბჭო ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად მიიჩნევს და მათ გამოშვებას მოითხოვს.

საპარლამენტო ასამბლეის წევრმა მალკოლმ ბრიუსმა კოლეგებისათვის აზერბაიჯანის შესახებ ანგარიშის წარდგენისას შეაქო პრეზიდენტი ალიევი არაერთი პოლიტპატიმრის გაშვებისთვის, მაგრამ ისიც თქვა, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნის პრობლემა ამით არ მოგვარებულა. ბრიუსის ინფორმაციით, ბოლო ხანს, 80-მდე ადამიანი დააკავეს, როგორც ჩანს, პოლიტიკური მოსაზრებებით. [მალკოლმ ბრიუსის ხმა] “შეშფოთებას იწვევს, რომ ოპოზიციონერები - ჟურნალისტები, აქტივისტები, თუ პოტენციური კანდიდატები - უჩივიან ხელისუფლების მხრივ დევნას, დაპატიმრებას, ზოგჯერ მუქარას. ზოგს ემიგრაციაში წასვლა აიძულეს. და მართლაც, ადამიანებს დევნიან უბრალოდ იმის გამო, რომ ახლოს იცნობენ, ან ენათესვებიან ოპოზიციონერებს - თუმცა, თვითონ, შეიძლება სულაც არ იყვნენ პოლიტიკურად აქტიურები. ვწუხვარ, რომ მიწევს იმის თქმა, რომ ასეთ ინფორმაციას კვლავინდებურად ვიღებ”.

ამ კრიტიკის საპასუხოდ, ასამბლეის სესიაზე აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა შემდეგი არგუმენტი მოიშველიეს: ადამიანები, რომლებსაც ევროპის საბჭო და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ, სინამდვილეში კრიმინალები არიან. შემდეგ კი აზერბაიჯანელმა დელეგატებმა მხარდაჭერა მიიღეს რუსი კოლეგისაგან - ლეონიდ სლუცკისაგან. ის ულტრამემარჯვენე ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახლავთ: [ლეონიდ სლუცკის ხმა] “ეს დოკუმენტი (ანგარიში აზერბაიჯანის შესახებ) აშკარად ხელს უწყობს იმათ, ვისაც სურს, ნიადაგი შეუმზადოს ისეთივე ტრაგიკულ მოვლენებს, როგორიც ყირგიზეთსა და უზბეკეთში მოხდა. ეს დაუშვებელია. ასამბლეას არა აქვს უფლება, გზა შეუმზადოს ახალ “ყვავილების” რევოლუციას”.

აქ, “ყვავილების” რევოლუციით, აშკარაა რუსი დელეგატის მითითება საქართველოსაკენ.

ასამბლეის წევრები დასკვნით რეზოლუციაში აზერბაიჯანს მოუწოდებენ, გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან და უზრუნველყოს თავშეყრის, აგრეთვე სიტყვის თავისუფლება საპარლამენტო არჩევნების წინ.
XS
SM
MD
LG