Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წამლის სააგენტო მედიკამენტების ფალსიფიკაციას ებრძვის


საქართველოში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, როგორც ჩანს, უხარისხო საკვები პროდუქტების გარდა, საფრთხეს ფალსიფიცირებული

მედიკამენტებიც უქმნის. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს ინფორმაციით, მარტო ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოვლენილია 100 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულებისა და 345 დასახელების ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალება, მათ შორის - 17 დასახელების 5 ათასამდე კოლოფი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერება. ვინ ყიდის საქართველოში საწამლავს წამლის სახელით და როგორ უნდა დაიცვან მოქალაქეებმა თავი ფალსიფიკატორების შემოტევისაგან?

[ისმის ხმები] “ ფლაკონებით გინდათ? ორი და ოცდახუთი ღირს... მეორე წამალი აბებით გნებავთ?”

დიღომში მცხოვრები ქალბატონი ეთერი, მარტივი და გასაგები ლოგიკით, წამალს ყოველთვის ლიცენზირებულ აფთიაქში ყიდულობს: ქალბატონს, რომელსაც მედიკამენტები ავადმყოფი შვილის სამკურნალოდ სჭირდება, ეშინია, წამლის ნაცვლად ბავშვს საწამლავი არ დაალევინოს:

[ქალბატონის ხმა] „ექიმმა მითხრა, - სხვათა შორის, ბავშვისთვის მინდოდა წამალი, - იცი რაო, ცოტა ყურადღებით იყავი, ამბობენ ფალსიფიცირებული წამლები არისო შემოსულიო.“ (სტილი დაცულია)

და მართლაც: ქალბატონი ეთერი უსაფუძვლოდ როდი ფრთხილობს. საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში წამლის სააგენტოს ინსპექტორებმა სავაჭრო ქსელიდან 345 დასახელების ფალსიფიცირებული მედიკამენტი ამოიღეს:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] „მთელი რიგი დასახელების მედიკამენტების ფალსიფიცირება უკვე ლაბორატორიულად არის დადასტურებული. ესენია: პრედუქტალი, ბისეპტოლი, დეკარისი, კავინტონი, კლაციდი, ვიაგრა, რეტაბოლილი, ტრიხოპოლი, ვოლტარენი, კლარიტინი, ფესტალი, კეტანოვი, ტეტრაციკლინი და სუპრასტინი.

სად და როგორ ამზადებენ ფალსიფიცირებულ წამლებს? როგორ ხვდება წამლის ყუთში შეფუთული საწამლავი სავაჭრო ქსელში და არის თუ არა ფალსიფიცირებული მედიკამენტების ბიზნესი ორგანიზებული? ამ კითხვებს ჯანდაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს ხელმძღვანელი თინათინ ტურძილაძე ასე უპასუხებს:

[თინათინ ტურძილაძის ხმა] „თუნდაც ის, რაც გამოვავლინეთ, ცხადყოფს, რომ პოლიგრაფიულად მაღალ დონეზე დაბეჭდილი მეორეული შეფუთვები შესაძლებელია იყოს შემოტანილი საზღვარგარეთიდან, თუმცაღა უზარმაზარი ბლისტერები ცხადყოფს იმას, რომ რაზეც იქნება დეფიციტი, ის წამლები დამზადდეს.“

თინათინ ტურძილაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ფალსიფიცირებული მედიკამენტი იმდენად კარგად არის შეფუთული, რომ ორიგინალისაგან მისი გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია. წამლის სააგენტოს ინსპექციის უფროსის გიორგი სვანიძის თქმით, მომხმარებელმა წამლის შეძენისას მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს:

[გიორგი სვანიძის ხმა] „აუცილებლად რისკის გამოსარიცხად სამკურნალო საშუალება უნდა შეიძინოთ ლიცენზირებულ ფარმაცევტულ დაწესებულებაში, მაგრამ დაზღვეული მაინც არავინაა. ფალსიფიცირებული წამლები ლეგალურ ფარმაცევტულ ქსელშიც ხვდება. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მოითხოვოს მედიკამენტის წარმოშობის დოკუმენტაცია და ხარისხის სერტიფიკატი.“

როგორც ჩანს, ესაა ჯანმრთელობის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება, ვინაიდან, საქართველოში მოქმედი კანონების თანახმად, მედიკამენტის უკანონო ასლის დამზადება არ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, ხოლო ფალსიფიკატორი სულ რაღაც 800 ლარით ჯარიმდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG